ნაშრომები

ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ სწავლაა. მთელი ცხოვრების განმავლობში ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ, თუმცა აუცილებელია მისთვის გზის გაკვალვა. უნივერსიტეტი ის სივრცეა, სადაც შეგიძლია, რომ სხვადასხვა უნარები განივითარო. გებულობ უამრავ ახალ რაღაცას, სწავლობ, როგორ გამოიყენო საკუთარი შესაძლებლობები. ლექტორები, რომლებმაც დიდი გზა გაიარეს ამ ეტაპამდე მისაღწევად, გთავაზობენ უფრო მარტივ სავალ გზას. მათი გამოცდილება, მათი ცოდნა უნდა გაიგო და შეისწავლო, რათა შეძლო საკუთარი მომავლის კარგად დაგეგმვა. ისინი გაჩვენებენ, რომ ის, რასაც სკოლაში სწავლობ ისე, როგორც ამას მასწავლებლები გაწვდიან ძალიან ცოტაა. მე ვიტყოდი, რომ სკოლა არ გაძლევს იმის შესაძლებლობას,გამოხატო შენი აზრი, შეეწინააღმდეგო ან სულაც რაღაც ახალი იდეა წამოაყენო. იქ სწავლობ და იმახსოვრებ იმას, რასაც გაწვდიან, იმის იქით არ გაქვს უფლება იფიქრო. ეს ჰგავს სამოთხის ბაღს, სადაც ადამს და ევას შეუძლიათ ყველა ნაყოფის მიღება გარდა ერთისა, ასევეა სკოლაშიც, შენ უნდა მიიღო ყველაფერი ის, რასაც მზა სახით გაძლევენ, ფიქრი და აზროვნება არ გევალება, მეტიც, გეკრძალება. ალბათ ესეც ცხოვრების ის ეტაპია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო, რომ შემდგომში მიხვდე, რა არის შენთვის უკეთესი და სწორედ ამ გზას გაყვე.
სწავლა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შენ გაქვს შესაძლებლობა, ჩამოყალიბდე იმაზე ძლიერ, განათლებულ და მოაზროვნე ადამიანად ვიდრე ხარ, ეს მუდმივი ზრდის პროცესია. სწავლობ საკუთარი თავი კონტროლს, შენი გონება ისე აქტიურდება, რომ აღარ აძლევს გრძნობებს მისგან დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას, მას სურს იბატონოს, იმიტომ რომ სწორედ ის აზროვნებს, სწორედ მისი წყალობით ვიზრდებით და ვვითარდებით. შენ ყალიბდები პიროვნებად, რომელმაც იცის, როგორ გამოხატოს და ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი სწორად, როგორ მიაწოდოს საზოგადოებას სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც მათ არ წაართმევს აზროვნების უნარს.
შენ არ გკარნახობენ რა უნდა გააკეთო ან რა უნდა იფიქრო, შენ გაჩვენებენ გზებს, სადაც სიარულია შესაძლებელი და სადაც შეძლებ ზრდა-განვითარებას. ამ პროცესში, ბევრი იდეა ჩნდება რაზეც გსურს საკუთარი მოსაზრების გამოხატვა და სხვებისთვის გაზიარება. არსებობს უამრავი თემა, რომელიც შენი ინტერესის საგანი ხდება, შენ კი აუცილებლად უნდა დაწერო და აჩვენო სხვებს, რათა მათაც შეძლონ ამავე თემაზე აზრის გამოხატვა. უნდა ჩაერთო აქტიურ ცხოვრებაში, უნდა წერო, უნდა იკითხო, უნდა გქონდეს დიალოგი, ხელი უნდა შეუწყო სხვებსაც, რომ გაიზარდონ, ეს არის ის ერთადერთი გზა, რომელიც შეძლებს ქვეყნის განვითარებას. იმისათვის, რომ უკეთესობა შეიქმნას, აუცილებელია ადამიანებმა დაიწყონ ზრდა-განვითარება.
მე ვწერ ჩემთვის საინტერესო თემებზე, მე მაქვს იდეები რაზეც შეიძლება რომ დავწერო, მე მინდა ვაჩვენო სხვებს ის, რისი გაკეთებაც მათაც შეუძლიათ, კანტი მოგვიწოდებს “Sapere aude” რაც ნიშნავს, გაბედე იცოდე, უფრო ვრცლად რომ ვთქვა, ეს არის მოწოდება იმისა, რომ გაბედო საკუთარი განსჯის გამოყენება.
მე სწორედ ამას ვაპირებ, ბევრი საინტერესო თემა არსებობს, რაზეც მსჯელობაა შესაძლებელი, მე ვიწყებ!- დაიწყე შენც!..