არაცნობიერი ცნობიერის მიღმა „ ძმებ კარამაზოვებში “

2015

შესავალი

            ფროიდი ფსიქოანალიზურ ანთროპოლოგიაში განიხილავს ადამიანს, არსებად რომელსაც დაუმახინჯდა ფსიქიკა, ვინაიდან მასზე გავლენას ახდენს საზოგადოება. მისთვის „ადამიანი, როგორც ბუნებრივი მოცემულობა არის ღირებულება, ყველაფერი ცუდი მოდის სოციალური, კულტურული ნორმების ტირანიიდან, რომელიც ზღუდავს, ხელს უშლის ყველაზე არსებითი ადამიანური სურვილების დაკმაყოფილებას. რის გამოც მახინჯდება, უარესდება ადამიანის ბუნება. “[1]

ადამიანი არსებაა, რომლის შინაგანი სამყარო ხშირად იმისაგან განსხვავებული რამ სურს, რასაც სხვები სთხოვენ. ფროიდის ეს სიტყვები კი ყველა დროს ეხება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი საუკუნე ან წელი იქნება, ყოველთვის მოხდება ადამიანის გარკვეული სურვილების უკუგდება, მათთვის უარის თქმა, ეს კი ადამიანის ფსიქიკას ყოფს ორად, ცნობიერად და არაცნობიერად. სწორედ, რომ არაცნობიერში რჩება განდევნილი ფიქრები, სურვილები თუ ზრახვები, ცნობიერი კი გამოხატავს იმას, რაც კულტურულ ნორმებში ჯდება.  ამის გამო, როგორც ფსიქიკა, ასევე ვფიქრობ, რომ ადამიანის სულიც მახინჯდება. მან უწევს განდევნოს ყველაფერი ის რაც მიუღებელია სხვებისთვის.

დოსტოევსკიმ, როგორც გენიალურმა მწერალმა არაჩვეულებრივად აღწერა „ძმებ კარამაზოვებში“ ცნობიერისა და არაცნობიერის დაპირისპირება. აქ მოქმედი პერსონაჟები ცდილობენ გაარღვიონ საზღვრები და გამოხატონ ის, რაც მათ რეალურად სურთ. მათთვის გამოხატვასთან ერთად მთავარი ამ სურვილების სისრულეში მოყვანაა. ივანე კარამაზოვი ხალხს მიუთითებს და აჩვენებს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს მამის მკვლელობაზე. ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად წამიერად გაუვლის ისეთი ფიქრი, რომელსაც მალევე ბლოკავს ცნობიერი, რის გამოც ის არაცნობიერში გადადის.

ყველაფერი ეს საინტერესოა და ამიტომ აქ საუბარი იქნება დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“-დან ორ თავზე, დიდი ინკვიზიტორი და ივანე კარამაზოვის კოშმარი. ამ თავებში კარგადაა აღწერილი ადამიანის ცნობიერების ორი მხარის ერთმანეთთან ჭიდილი, ცნობიერი და არაცნობიერი ადამიანის გონებაში გამუდმებულ კონფლიქტს წარმოშობენ. ლტოლვებს სურთ მზის სინათლის ნახვა, კულტურა კი ამის აკრძალვას ცდილობს.

თავი I

ცნობიერისა და არაცნობიერის დაპირისპირება

          ხშირად ადამიანები გაურკვევლობაში არიან, მათ არ იციან რეალურად რა სურთ, მათი მოქმედებები ხშირად მათივე სურვილის საწინააღმდეგოა. ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური კონცეფცია საინტერესოა, ვინაიდან ის იკვლევს და მოიცავს მთლიანად ანთროპოლოგიურ სამყაროს. მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ადამიანის შინაგან სამყაროში, ორი ერთმანეთის საპირისპირო ქცევებისა თუ სურვილებისაკენ მისწრაფებას. ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება მთლიანად არის დაპირისპირება ცნობიერისა და არაცნობიერის.  არაცნობიერის ფიქრები გაუაზრებელია, არის ლტოლვები, რომელსაც ადამიანი გაუაზრებლად გრძნობს, თუმცა როგორც კი ამას ცნობიერთან გზავნის, ცნობიერი მისთვის მიუღებელ ყოველგვარ შეგრძნებას ბლოკავს. ამის შემდეგ,- კი არაცნობიერში ხდება მათი დალექვა და დაგროვება. ხშირად ადამიანებს და მათ შორის მეც ესიზმრებათ სიზმარი, თუმცა გამოღვიძების შემდეგ მისი გახსენება შეუძლებელია, გაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ნახე, მაგრამ მეხსიერება ვერ ახერხებს მის აღდგენას, რადგან ეს მოხდა არაცნობიერ, ანუ ძილის მდგომარეობაში. ფროიდის ტექსტის გაცნობის შემდეგ მე დავასკვენი, რომ ეს ყველაფერი ცნობიერის მიერ დაბლოკილია. სიზმარი, რომელიც არაცნობიერის სურვილებს გამოხატავს და რომელიც ცნობიერის მიერაა დაბლოკილი, ჩვენ ვერ ვიხსენებთ. ამის საშუალებას არ გვაძლევს ცნობიერი. ზოგჯერ პირიქით ხდება, გამოღვიძების შემდეგაც კი ვერ გამოვდივართ სიზმრიდან და ხშირად სიზმარი რეალობა გვგონია. მსგავსი რამ შეემთხვა ივანე კარამაზოვსაც, როცა კოშმარი ესიზმრა, მას ქმედებები, რომელიც სიზმარში განახორციელა რეალური ეგონა. ამას მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდები, ახლა კი ისევ ცნობიერისა და არაცნობიერის დაპირისპირებაზე ვიმსჯელოთ. მათ კონფლიქტს იწვევს ის სამყარო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. კულტურა უზღუდავს მათ მოქმედებების არეალს, რელიგია უკრძალავს მათ ისეთი ფიქრებისა და სურვილების გამოთქმას, რომელიც რელიგიისთვის მიუღებელია. ადამიანის ფსიქიკაც იმგვარად მოეწყო, რომ ემორჩილება წესებს, მხოლოდ მაშინ, როცა ცნობიერი აზროვნებს, ხოლო ცნობიერის გათიშვის შემდეგ, ანუ მაშინ როცა ადამიანი იძინებს, მასზე მთლიანად არაცნობიერი ბატონობს, მისი ფიქრები, გრძნობები, სურვილები ყველაფერი ისახება სიზმრის სახით.

იმის გამო, რომ ადამიანს მსგავს სირთულეებთან უწევს გამკლავება, შესაძლოა მას ფსიქიკური აშლილობაც დაემართოს. ამ დროს კი ვფიქრობ, უკვე ადამიანისთვის შეუძლებელი ხდება მათი ერთმანეთისაგან გარჩევა, ერევა რა არის რაციონალური და რა ირაციონალური. არსებობს არაცნობიერის რამდენიმე სახე და არსებობს სიამოვნება უსიამოვნების შეგრძნებები.

 

ა) არაცნობიერის რამდენიმე სახე

ფროიდი ფსიქოანალიზურ ანთროპოლოგიაში გამოყოფდა არაცნობიერის რამდენიმე სახეს ესენია: „ წინარეცნობიერი, განდევნილი არაცნობიერი, არქაული მემკვიდრეობა და საკუთრივ არაცნობიერი. “ [2]ამ ოთხიდან მხოლოდ საკუთრივ არაცნობიერს არ აქვს  ცნობიერებაში გადასვლის უნარი, ვინაიდან როგორც ზემოთ ვთქვი, ეს ის საკუთრივ არაცნობიერია, რომლის ფიქრებიც და სურვილებიც ცნობიერისათვის მიუღებელია. ხოლო პირველ სამს ცნობიერში და პირუკუ გადასვლის უნარი აქვთ. საკუთრივ არაცნობიერში ძალიან დიდი ენერგიაა დაგროვილი, რომელიც ადამიანებს ფურცელზე გადმოაქვთ. ხშირად შემოქმედი ადამიანები საწოლიდან უცებ წამოიჭრებიან ხოლმე, იღებენ კალამს, დღიურს და იწყებენ წერას, იხსენებენ იმას რაზეც ძილის დროს ფიქრობდნენ, ვფიქრობ, არაცნობიერი ის სამყაროა, რომელიც ადამიანს ამარაგებს ძალით, რათა მან შეძლოს შექმნას რაღაც ღირებული. არ ვიცი დოსტოევსკის შემთხვევაში რა ვთქვა, ალბათ მასთანაც დიდი გავლენა იქონია არაცნობიერმა. ის ეხება რელიგიას, ეხება მამის მკვლელობას, ლტოლვას, ამ ყველაფერს კი ცნობიერი კრძალავს. მაშასადამე, მე მაქვს საფუძველი იმისა, რომ ვიფიქრო, დოსტოევსკიზე მეტია არაცნობიერის გავლენა ვიდრე ცნობიერისა. რადგანაც ის ცდილობს გაარღვიოს საზღვრები, შეიჭრას მთლიანად ადამიანის ფსიქიკაში და თქვას ხმამაღლა ყველაფერი ის, რისი გაფიქრებაც კი აშინებს და ზარავს ადამიანს.

 

ბ) ლტოლვა და სიამოვნება-უსიამოვნების შეგრძნება

ერთ-ერთი რამ რაც ადამიანების სურვილისთვისაა დამახასიათებელი, არის სექსუალური ლტოლვა. რატომღაც მგონია, რომ ადამიანები ამას უფრო ძნელად უმკლავდებიან ვიდრე სხვა სურვილებს. ხშირ შემთხვევაში კი მათ არ შესწევს ძალა, იმისა, რომ ეს ლტოლვა დათრგუნონ.  ადამიანი შეპყრობილია, სურს ისწრაფოდეს სიამოვნებისაკენ, ხოლო ლტოლვა მისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა. „ძმებ კარამაზოვებში“ ჩვენ ვხედავთ, რომ სექსუალური ლტოლვა ხდება დაპირისპირების მიზეზი მამა შვილს შორის, ისინი ამ ლტოლვას განიცდიან ერთი ქალის მიმართ. ლტოლვა ადამიანს განაცდევინებს უსიამოვნება-სიამოვნების შეგრძნებას. თუმცა, სიამოვნების პრინციპი შეზღუდულია ცივილიზაციის  შედეგად.  პირველყოფილ ადამიანებთან სხვაგვარად იყო, მათ არ გააჩნდათ კულტურა რის გამოც ეს აკრძალვებიც არ ვრცელდებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ცივილიზაცია შეიქმნა, „სოციალური და ზნეობრივი აკრძალვების გავლენით, სიამოვნების პრინციპი შეიზღუდა რეალობის პრინციპით.“[3]  არაცნობიერის სურვილები შეზღუდა ცნობიერმა, მან აიძულა რომ ამ ყველაფერზე უარი ეთქვა, და რადგანაც ადამიანში არაფერი ხდება ისე, თუკი მან ცნობიერი არ გაიარა, არაცნობიერი რჩება ზღვარს მიღმა და ელოდება ცნობიერის გათიშვის მომენტს. თუმცა, როგორც ვთქვი, არსებობენ დოსტოევსკის მსგავსი ადამიანები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში გამოხატავენ მათ სურვილებს, ავიღოთ თუნდაც მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ აქაც ხომ სწორედ იმ სიამოვნების შეგრძნებაზეა საუბარი, რომელსაც ადამიანი განიცდის, მაშინ, როცა ყოველგვარი ვალდებულებისა და შეზღუდვებისგან თავისუფლდება. მარგარიტა, რომელმაც თავი დააღწია მოსაწყენ ცხოვრებას, ახლა ბედნიერია, მისი ლტოლვა თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ განხორციელდა, ახლა კი ტკბება ყოველი მომენტის შეგრძნობით. ყოველ ადამიანში დევს რაღაც, რაც მას უბიძგებს სხვაგვარი ქმედებისაკენ, მაგრამ ზღუდავს მას ის ზღვარი, რომელიც ცივილიზაციამ დაუწესა. სწორედ ამიტომ ეს სურვილები და ლტოლვები გადადის სიზმარში, ან კიდევ მხატვრულ ნაწარმოებში. მომდევნო თავი სწორედ ამას შეეხება, მხატვრულ შემოქმედებას.

თავი II

მხატვრული შემოქმედება და ფსიქოანალიზი

           როგორც აღვნიშნე, ლტოლვები, რომლებსაც ცნობიერი არ აძლებს გამოვლენის საშუალებას სუბლიმირდება მხატვრულ შემოქმედებაში. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ადამიანი მთლიანად გათავისუფლდება იმ უსიამოვნო შეგრძნებისაგან, რომელიც დაეუფლა მაშინ, როცა ცნობიერმა მისი ფიქრები და ლტოლვები უკუაგდო და უარყო.  ეს არის პრობლემა, რომელიც ალბათ გადაუჭრელია, რადგან ყოველთვის იარსებებს ცნობიერი, რომელიც გამოხატავს კულტურის სურვილებს და ის არ მისცემს ადამიანის ლტოლვებს თავისუფლად წარმოჩენის შესაძლებლობას, რის გამოც მუდმივად იარსებებს სურვილები, რაც ტაბუ დადებული იქნება ცნობიერის მიერ. ესაა მიზეზი იმისა, რომ გამუდმებული კონფლიქტია პიროვნებასა და რეალობას შორის, არაცნობიერი პიროვნებას სხვა რამეს სთხოვს, ხოლო რეალობა სხვას, ეს კი იმ მიზეზად შეიძლება დასახელდეს, რის გამოც, ადამიანს უვითარდება ნევროზი. ნევროზის წარმოშობაში ფროიდისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:-„ბავშვობაში მიღებულ და შემდეგ მივიწყებულ ძლიერ შთაბეჭდილებებს, ფსიქიკური ტრავმების გამოწვევით.[4] ხშირად ხდება, რომ თუკი ბავშვობაში ადამიანმა რაიმე ძლიერი ტრავმა გადაიტანა, დროთა განმავლობაში მას ნევროზი უვითარდება. ყველაზე სუსტი ფსიქიკა ბავშვობის პერიოდშია, ამიტომ მას ფრთხილი მოპყრობა ესაჭიროება. ფროიდი იყო პირველი, რომელმაც არაცნობიერის ცნებით სცადა აეხსნა ადამიანი და მისი შემოქმედება. ის თითქმის ყველაფერს უკავშირებდა არაცნობიერს, და იმასაც ამბობდა, რომ სწორედ არაცნობიერი ეხმარება ადამიანს შექმნას მხატვრული შემოქმედება. “ხელოვნება, ამბობს ფროიდი იქმნება იმ არაცნობიერი ენერგიით, რომელიც დაგროვილია თანდაყოლილ (ზედროულ და უცვლელ) ინსტიქტებში, გვაროვნულ მოგონებებში. ხელოვანი იკვებება ჩვენს არაცნობიერში უცვლელად მცხოვრები ისტორიამდელი ადამიანის ფსიქოლოგიით.“[5]

როდესაც, საუბარია დოსტოევსკიზე ალბათ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ მასზე გავლენა, სწორედაც ბავშვობის პერიოდმა და მიყენებულმა ტრავმამ იმოქმედა. და შესაძლოა მისი შემოქმედებაც სწორედ ამ გავლენითაა შექმნილი. „ძმები კარამაზოვების“ კითხვისას ხშირი პარალელის გავლება შეიძლება  რომანის მოქმედი გმირების ცხოვრებასა და დოსტოევსკის ცხოვრებას შორის. ბახტინი მის შემოქმედებაზე ამბობს: „ნებისმიერი მოცულობითი ლიტერატურის გაცნობისას დოსტოევსკი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პირველ რიგში, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ავტორთან, რომელმაც დაწერა რომანი და მოთხრობები, არამედ მთელ რიგ ფილოსოფიურ განცხადებებთან.“[6]  მართლაც, დოსტოევსკის შემოქმედება გამორჩეულია, სწორედ იმით, რომ ის შემოქმედებას მთლიანად მიუდგა ფილოსოფიური კუთხით, მისი ნაწერები სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი ფილოსოფიის ნაწილი, რომელმაც მრავალ ადამიანს ამოაცნობინა საკუთარი თავი, დააფიქრა იმაზე, თუ რეალურად რაზე შეიძლება ფიქრობდეს ადამიანი. შესაძლოა ვინმეს არ უყვარდეს დოსტოევსკი, თუმც,ა მე არ ვიცნობ ასეთ ადამიანს, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სწორედ იმით, რომ მან ადამიანებს მიუთითა მათი ნაკლის შესახებ. ასევე, მან აჩვენა ადამიანებს მათი რეალური შინაგანი სამყარო, ასეთ დროს კი ადამიანი ითრგუნება, რის გამოც შესაძლოა სიძულვილი განიცადოს ავტორის მიმართ.

მისი რომანი გამორჩეული იმითაა, რომ არ არის  ერთხმიანი, აქ გამუდმებით ჩანს პოლიფონიურობა. დოსტოევსკის პერსონაჟები არიან  ერთმანეთისაგან განსხვავებულები და მუდმივად ვაწყდებით მათი განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების ჭიდილს. აგრეთვე, პერსონაჟები არიან სრულიად დამოუკიდებლები, ისინი გამოხატავენ არა დოსტოევსკის, არამედ თავიანთ შეხედულებებს.  როგოც ბახტინი ამბობს,: „იგი აღიქმება, როგორც ავტორი საკუთარი სრულიად შეწონილი იდეოლოგიური კონცეფციისა და არა როგორც დოსტოევსკის საბოლოო მხატვრული ხედვის ობიექტი.“[7]  ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, პერსონაჟების დამოუკიდებლობას. დოსტოევსკის შემოქმედებამ ბევრი ადამიანი აალაპარაკა, მაზე წერს არაერთი ცნობილი მოაზროვნე, მისი ეს რომანი და არა მარტო რომანი, მათთვის ერთგვარი თავსატეხი იყო, მათ ვერ გაეგოთ რელურად სწამდა თუ არა დოსტოევსკის ის რასაც წერდა. მასზე წერს სტრახოვი- „თედორე მიხაილოვიჩს უყვარდა შეკითხვა საგნების დედაარსისა და ცოდნის საზღვრების შესახებ.“ ხოლო „თეოლოგი ჯორჯ ფლოროვსკი დოსტოევსკის აღწერს როგორც „ ფილოსოფიურ პრობლემას “, რადგან უცნობია სწამდა თუ არა მას იმის, რასაც წერდა; თუმცა, მის წიგნებში მრავალი ფილოსოფიური მოსაზრებები მოიპოვება, მაგალითად „მწერლის დღიურსა“ და   „ძმებ კარამაზოვებში “, რადგან ხშირად ის პირველ პირში წერს. “[8]  მის შემოქმედებას აგრეთვე განიხილავენ თომას მანი და მიხაილ ბახტინი. ისინი აღწერენ დოსტოევსკის შემოქმედების პოლიფონიურობას, მისთვის დამახასიათებელ სტილზე, მის პერსონაჟებზე და ა. შ.

როცა შემოქმედი წერს, თითქოს თავისუფლებას გრძნობს, მისი შემოქმედება მისივე სულის ნაკარნახევია, ზოგჯერ ადამიანები რაღაც მოსაზრებებს ხმამაღლა ვერ ან არ ამბობენ, თუმცა ისინი ამაზე გამუდმებით ფიქრობენ, რის გამოც მთელ ამ ფიქრს თავიანთ შემოქმედებაში ასახავენ. მე, როგორც შემოქმედ ადამიანმა, ვიცი რას ნიშნავს იმ თავისუფლების შეგრძნება, როცა ფურცელზე გადმოიტან იმას, რასაც შინაგანი სამყარო გკარნახობს. ამ დროს, მთლიანად ხარ ჩაძირული შენი ნაწარმოების შექმნის პროცესში, ზოგჯერ კარგავ რეალობის აღქმის უნარს, გგონია, რომ ყველაფერი რეალურია, გგონია, რომ შენ კი არ წერ ამ ყველაფერს, არამედ თავად ის პერსონაჟები, რომლებისგანაც ნაწარმოები შედგება. რომანისტებთან დაკავშირებით ამოვიკითხე, რომ „შესაძლოა, რომანისტში უნდა დავინახოთ მხოლოდ რომანტიკული ყრმა, რომელიც `ამბებს მოგვითხრობს~, ანუ როგორც მოესურვება ისე აცოცხლებს და წარმოსახავს საკუთარ თავგადასავალს. მეორე მხრივ, შეიძლება ის არის ჰალუციიინაციებით დატანჯული ადამიანი, რომელიც ვერ განარჩევს რეალობას საკუთარი იმედებისა და შიშების ფანტასმაგორიული სამყაროსგან.“ [9]  ვისაც კი რაღაც შეუქმნია, ისე, რომ მასში მთელი თავისი გრძნობა და ემოციები ჩაედოს, ის აუცილებლად მიხვდება, თუ რა შეიძლება იგრძნოს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს შემქმნელი, იმ დროს, როცა ის ნაწარმოებზე მუშაობს.

დოსტოევსკი ყველა დროის, ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია, რომლისთვისაც დაბრკოლებას არ წარმოადგენს არც ერთ თემაზე საუბარი. რომანი „ძმებ კარამაზოვები“ მისი ყველაზე დიდი ლიტერატურული ნამუშევარია, რომანის მთავარი მოქმედი პირები არიან ძმები, ალიოშა, ურწმუნო ივანი და დიმიტრი. რომანში არის ფილოსოფიურ რელიგიური კამათები მამა ზოსიმესა და ალიოშას შორის, ხოლო მისი მთავარი სიუჟეტი მამის მკვლელობაა. საბოლოო მიზანი და დანიშნულება ამ რომანის სწორედ ესაა, მამის მკვლელობა. ამ თემაზე ცალკე ვისაუბრებ, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ერთ-ერთი გამოხატვა იმისა, რომ ადამიანის არაცნობიერი მის შინაგან სამყაროზე დიდ გავლენას ახდენს. ივანი ისაა, რომლის ირგვლივაც ვითარდება ყველაფერი, რაც არაცნობიერისა და ცნობიერის კონფლიქტით იხსნება, ეს ის ადამიანია, რომელიც ურწმუნოებით გამოირჩევა. ივანი იგონებს დიდ ინკვიზიტორს, ხედავს კოშმარს და მამის მკვლელობის იდეაც  მისი არაცნობიერი ფირებიდან გამომდინარეობს. მისი ფანტაზია და ფიქრები, რომლებიც ხორცშესხმას მისივე სიზმრებში ახერხებენ. მაგრამ ერთი გამონაკლისი მაინც არის, მის სურვილს სხვა მოიყვანს სიცხადეში, ეს ეხება მამის მკვლელობას.

თავი III

ფანტაზია და სიზმარი კარამაზოვებში

              არაცნობიერზე საუბრის დროს ვახსენე ფანტაზია და სიზმრები, ეს ის მოვლენებია, რომლებიც ადასტურებენ არაცნობიერის არსებობას. აგრეთვე, არის კიდევ უნებლიე შეცდომები, რომელიც სრულიად გაუაზრებლად ხდება, ანუ ეს ხდება იმ მომენტამდე სანამ ფიქრი ცნობიერს გადაეცემა, გადაცემის შემდეგ, ეს ფიქრი დაიბლოკება. ხშირად ადამიანები დაუფიქრებლად ამბობენ სიტყვებს, რასაც ხშირ შემთხვევაში სხვა ადამიანების მხრიდან გაღიზიანება და აგრესია მოყვება ხოლმე. რას ნიშნავს დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები?- ეს ის სიტყვებია, რომლებიც მანამ წარმოთქვი სანამ გაიფიქრებდი. უფრო გასაგები რომ გახდეს, წარმოვიდგინოთ გზაზე გადასვლის დროს უცებ დავინახეთ, რომ მანქანა დიდი სიჩქარით მოდის და სადაცაა დაგვეჯახება, ამ დროს ინსტინქტით ვმოქმედებთ, სრულიად გააზრებულად, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრები ცნობიერს ძალიან სწრაფად გადაეცემა, მსგავს მომენტში, სანამ გავიფიქრებთ მანამ ვმოქმედებთ. ეს ინსტიქტია, რომელიც ცნობიერიდან არ გამომდინარეობს, რადგან, ადამიანი, რომელიც ცნობიერების მიერ ნაკარნახევი აზრებით მოქმედებს, ის ამას გააზრებულად აკეთებს.

ფროიდი ფანტაზიაზე საუბრისას ამბობს, რომ „ფანტაზია ჩნდება დაუკმაყოფილებლობით, ადამიანური უბედურებით. ბედნიერი ადამიანი არასოდეს არ ფანტაზიორობს.“ [10] ადამიანი ფანტაზიას იმ მომენტში მიმართავს, როცა რაღაცით უკმაყოფილოა, უბედური. თუნდაც, მაშინ, როცა სამყაროს საკუთარ ბედს შესჩივის, ფანტაზიას უხმობს და ფიქრობს, რა იქნებოდა ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო. ფანტაზია, ადამიანის განუყოფელი ნაწილია, სულ პატარა უბედურებაც კი უბიძგებს მას ფანტაზიორობისაკენ. შემოქმედი ადამიანიც, ფანტაზიის გარეშე არაფერი არ იქნებოდა. ის გადმოსცემს თავის ფიქრებსა და ოცნებებს, ყველაფერ იმას, რაზეც წამიერად მაინც გაუფიქრია. თავის პერსონაჟებში აცოცხლებს სურვილებსა და ლტოლვებს ფანტაზიის დახმარებით.

„ფროიდი თვლის, რომ ხელოვნებაში შესაძლებელია ფანტაზიიდან რეალობისაკენ სვლის გზაც. ეს იმიტომ, რომ ტალანტის წყალობით ხელოვანი ფანტაზიის სახეებს გარდაქმნის ახალი სახის სინამდვილედ. ხელოვანის მიერ შექმნილი სინამდვილე კაცობრიობის მიერ აღიქმება, როგორც რეალობის ღირებულ ასახვად, რის გამოც ხელოვანი განსაკუთრებულ არსებად იქცევა.“[11] ეს იმიტომ ხდება, რომ ხელოვანის მიერ ფანტაზიით გადმოცემული, რეალობის ნაწილია, ადამიანები ამოიცნობენ საკუთარ თავსა და საკუთარ ლტოლვებს, სწორედ ამიტომ თვლიან შემოქმედებს განსაკუთრებულ არსებებად, იმიტომ, რომ ისინი გამოხატავენ ისეთ ფიქრებს, რომლების ხმამაღლა გაფიქრება ადამიანებს აშინებთ. ეს არის ის, რომელზეც თითქმის ყველა ადამიანი ფიქრობს, მათ შორის ისინიც, ვინც ამას არ აღიარებენ.

არაცნობიერის გამოვლინება  როგორც ვთქვი, სიზმარშიც ხდება ხოლმე. სიზმარი, ძილის მდგომარეობაა და ამ დროს ცნობიერი გათიშულია, რის გამოც ის ვეღარ აკონტროლებს ადამიანის ფიქრებს. სიზმარში ადამიანი ხშირად ისეთ რამეს ხედავს, რაზეც სიფხიზლის დროს არ უფიქრია, ასე კი იმ მიზეზით ხდება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ცნობიერი ბლოკავს ამ ფიქრებს და საშუალებას არ აძლევს ადამიანს, რომ ისინი გაიფიქრონ გააზრებულად. ალბათ მას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება არაცნობიერია, მისი შეუზღუდავი სივრცით, სადაც შეუძლია იფიქროს  ნებისმიერ რამეზე და ეს ფიქრები რეალობაში განახორციელოს. თუმცა, ალბათ ესეც გამოიწვევდა გარკვეულ უკმაყოფილებას ვინაიდან, ადამიანები ეგოისტი არსებები ვართ და უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ ხოლმე. არაცნობიერით მოქმედებისას უამრავი ადამიანის აზრი შეეჯახებოდა ერთმანეთს, და თუნდაც, ივანი კი არ გაიფიქრებდა წამიერად და უნებლიედ მამის სიკვდილს, არამედ შეასრულებდა.

ა) დიდი ინკვიზიტორი

ფანტაზია, დოსტოევსკისთანაც გვხვდება, მაშინ, როცა ივანი ალიოშას უყვება ქრისტეს მეორედ მოსვლას ესპანეთის ქალაქ სევილიაში.  სადაც ჩნდება ქრისტე და მას,  ხალხი მაშინვე ცნობს. ყველაზე მთავარი, მაშინ იწყება, როცა ქრისტეს დიდი ინკვიზიტორი აპატიმრებს. საინტერესო დიალოგი, თუმცა ეს მონოლოგი უფროა, რადგან მხოლოდ დიდი ინკვიზიტორი საუბრობს, ქრისტეს კი საუბრის საშუალებას არ აძლევს, მისი აზრით ქრისტეს აღარ აქვს უფლება რამე დაუმატოს უკვე თქმულს. მან ხომ თავის დროზე ყველაფერი თქვა. ინკვიზიტორი საყვედურობს იმ თავისუფლების გამო, რომელიც მან ხალხს მიანიჭა, რადგან ადამიანები ამ თავისუფლებამ გააუბედურა, მათ თავსატეხი გაუჩინა, სწორედ ამიტომ ემორჩილებიან მას, რადგან ის უჩვენებს ხალხს გზას და პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს.  ამის კითხვის დროს, გავიფიქრე, რომ შესაძლოა ივანმა, ეს იმიტომ მოიგონა, რომ მას სურდა ქრისტესთან შეხვედრა და ყველაფერ იმის თქმა, რასაც ინკვიზიტორი ეუბნება. ივანი ხომ განათლებული ადამიანია, ის კარგად ხედავს რომ ადამიანებს უჭირთ შეეგუონ თავისუფლებას, რადგან ეს მძიმე ტვირთია, მათ არ აქვთ იმის ძალა, რომ ეს ტვირთი ზიდონ. ივანმა კი ფანტაზიის მეშვეობით, ისევე, როგორც, შემოქმედები იქცევიან, წარმოიდგინა სცენარი, სადაც ვფიქრობ, იმას ათქმევინებს ინკვიზიტორს, რისი თქმაც თავად სურს, ოღონდ ინკვიზიტორის სახელით, ამით ის სრულ პასუხისმგებლობას იხსნის და მთლიანად ინკვიზიტორს აკისრებს, ყოველ იმ სიტყვაზე, რომელსაც ის ქრისტეს ეუბნება, ყოველი ის ქმედება, რომელსაც ინკვიზიტორი მოიმოქმედებს იქნება ქრისტეს სახელით და ხალხიც მას გაყვება, ვინაიდან ის მოქმედებს მისი სახელით.  ივანი მის ნაწარმოებს ისე ამთავრებს, რომ ქრისტეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ბოლოს კი როცა „მოხუცს უნდა, რომ ტყვემ ხმა ამოიღოს, რამე მაინც თქვას, თუნდაც მწარე და საშინელი, მაგრამ ის მოულოდნელად უსიტყვოდ უახლოვდება და მშვიდად, ჩუმად კოცნის უსისხლო, ოთხმოცდაათ წლიან ბაგეზე.“[12] ამის შემდეგ, მოხუცი მას სთხოვს, რომ აღარასოდეს მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამას სტუდენტის უაზრო პოემად მოიხსენიებს, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის მისი ფანტაზიის ნაყოფი. მისი პოემიდან თუ ვიმსჯელებთ და ფანტაზიის განმარტებით, გამოდის, რომ ივანი უბედური და დაუკმაყოფილებელია. მან სწორედ იმიტომ მიმართა მსგავს ხერხს, მან ინკვიზიტორს ათქმევინა ყველაფერი, რასაც თავად ფიქრობდა, ეს კი უმადურობაა, იმ თავისუფლების ქონისთვის, რომელიც ქრისტემ ადამიანებს უბოძა. მათ არ იციან რა უნდა უყონ ამ თავისუფლებას, ამის გამო კი ეძებენ ისეთ ადამიანს, რომლის წინაშეც მუხლს მოიყრიან და ვინც მათ თავისუფლებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ეს აწუხებს ივანს და ამის გამო მისმა ფანტაზიამ გამოიგონა ეს პოემა.

ბ) მამის მკვლელობა

მამის მკვლელობაზე საუბარს ფროიდის სიტყვებით დავიწყებ, ის თვლის, რომ  „სამი მსოფლიო შედევრის სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”, შექსპირის “ჰამლეტი” და დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვების” თემა შემთხვევით როდია მამის მკვლელობა. იგი დანაშაულის ერთ-ერთი უძველესი სახეა და დალექილია თაობათა ფსიქიკაში, მათ ცნობიერებასა და ქვეცნობიერში “ოიდიპოსის კომპლექსის” სახით.“[13] ივანს მამის მკვლელობაზე ფიქრები ჰქონდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამას მის მაგივრად აკეთებენ. ფროიდი წერს, რომ დოსტოევსკის მამა საკუთარმა ყმა-გლეხებმა მოკლეს. რის გამოც დოსტოევსკიმ სიმწარესთან ერთად თავისუფლებაც შეიგრძნო. დამთხვევად არაა, რომ ივანია ის, ვისაც მსგავსი ფიქრები აწუხებს, ბოლოს კი მას სინდისიც ქენჯნის, საკუთარ თავს აბრალებს მამის მკვლელობას, ვინაიდან სწორედ მის მიერ მიწოდებულმა აზრებმა გადაადგმევინა სმერდიაკოვს ეს ნაბიჯი, ივანი გამუდმებით იმეორებდა რომ ყველაფერი დასაშვებია. მისი შინაგანი სურვილი მამის მკვლელობა იყო, შემდეგ კი სინდისის ქენჯნამ მიიყვანა იქამდე, რომ დანაშაული საკუთრ თავზე აეღო. მე რატომღაც მგონია და ვფიქრობ, რომ დოსტოევსკიმ საკუთარი თავი ივანის პერსონაჟში ჰპოვა, მისი ისტორია ივანის ისტორიის მსგავსია, რა თქმა უნდა, იმდენად რამდენადაც ეს დოსტოევსკის სურდა.  მამის მკვლელობის მუდმივმა განცდამ მასზე დიდი გავლენა იქონია და ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი და შეიძლება ერთადერთი მიზეზიც კი, რის გამოც დოსტოევსკიმ ეს რომანი დაწერა. მან ივანის პერსონაჟის მეშვეობით უთხრა ხალხს სათქმელი, ალბათ ერთგვარი თავის მართლებაც იყო, და ადამიანებისთვის იმის თქმაც, რომ ყველა მათგანმა შეიძლება იფიქროს მამის მკვლელობაზე, მით უფრო ისეთი მამის, როგორიც ივანს ყავდა. დოსტოევსკის მამაც სიმკაცრით გამოირჩეოდა, ის შვილში შიშს იწვევდა, ხოლო ბავშვის გონებაში ბევრად უფრო ადვილია მსგავსმა ფიქრებმა შეაღწიოს, დაილექოს არაცნობიერში და რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, კვლავ ამოტივტივდეს. არავინ არ იცის, როდის რა შიძლება გაიფიქროს, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რას გრძნობს ადამიანი ამა თუ იმ მომენტში. სწორედ ამის შედეგად ყალიბდება აზრები და გადადის არაცნობიერში, რაც რეალობაში შემოქმედების სახით იბადება.

გ) ივანე კარამაზოვის კოშმარი

სიზმარი, როგორც არაცნობიერის გამოხატულება, გვევლინება „ძმებ კარამაზოვებში.“ დოსტოევსკი ქმნის უწყვეტ ხაზს ივანის არაცნობიერი სამყაროს შესახებ. მან მთლიანად დაგვანახა, რომ ივანი სწორედ ის პიროვნებაა, ვის ირგვლივაც ხდება ყველა ის მოქმედება, რაც მასში იწვევს არაცნობიერის გააქტიურებას,-  შეგრძნებები, ემოციები, ფიქრები. ამ ყველაფერში ერთვება ფანტაზია და ბოლოს უკვე სიზმარი. კოშმარი, რომელსაც ივანი ხედავს არის მისი ფიქრების ერთმანეთთან ბრძოლა იმის თაობაზე, რომ ის ჯენტლმენი იყო თუ ეშმაკი. ივანს არ სურს მისი არსებობის დაჯერება და ამბობს, რომ ის ჯენტლმენი თავად ისაა. ივანის კოშმარი კიდევ ერთი დადასტურებაა არაცნობიერის არსებობისა, მისი გონება იბრძვის, რომ არ დაკარგოს რეალობის შეგრძნება და რომ ეს ყოველივე მოჩვენებითია. სიზმარში შუბლზე სველ პირსახოცს იდებს, თუმცა გამოღვიძების შემდეგ ნახავს, რომ პირსახოცი არსად არაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გონება იბრძოდა არ დაეკარგა რეალობის შეგრძნება, მისი კოშმარი იმდენად რეალური იყო, რომ მას სწორედ ეს ეგონა რეალობა. ივანი, ყვლაფერ იმაზე, რასაც ჯენტლმენი ეუბნება პასუხობს: „ყველაფერი, რაც სისულელეა ჩემს ბუნებაში, ყველაფერი, რაც დიდი ხნის წინ განვვლე და გონებით გავიაზრე, მერე კი ნაგავივით თავიდან მოვიშორე, ახალი ამბავივით მაცნობე!“[14] ამ სიტყვებით, კი დასტურდება, ის, რომ ფიქრები, რომლებიც განდევნილია ცნობიერის მიერ, აუცილებლად გამოიღვიძებს ფანტაზიის ან სიზმრის საშუალებით.  კოშმარის ბოლოს, ალიოშას გამოჩენამ მასში ცუდი ამბის მოტანის ფიქრმა გაიელვა. ივანი არ შემცდარა. შესაძლოა ივანს სმერდიაკოვის სიკვდილიც უნდოდა, ის ხომ მასზე გაბრაზებული იყო მამის მკვლელობის გამო.

დასკვნა

             ის ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, მჭირდებოდა იმისათვის, რომ მეჩვენებინა, არაცნობიერის არსებობის ძალა, მისი გავლენა ადამიანის სამყაროზე.  დოსტოევსკის „ძმებ კარამაზოვები“ ნათლად აჩვენებს პერსონაჟების ცნობიერი ქმედებების მიღმა დაფარულ არაცნობიერს, რომლის არსებობაც, გამოიკვეთა ამ რამდენიმე თავში, „დიდი ინკვიზიტორსა “ და „ ივანე კარამაზოვის კოშმარში “ ხოლო მამის მკვლელობა მთელი რომანის მთავარი სიუჟეტია. დოსტოევსკიმ მთელი სიცხადით გამოაჩინა საკუთარი შეხედულება ყოველგვარი გონიერი აქტის უნაყოფობის თაობაზე. ის თვლის, რომ ხსნა მხოლოდ რწმენაშია, კეთილისა და ბოროტის შეგნებაში.

დოსტოევსკის ეს რომანი გამორჩეულია, იმით, რომ მისი პერსონაჟები რეალობას არიან მორგებულნი, მათი ფიქრები, განცდები, შეხედულებები, ყველაფერი ეს ადამიანებთან ახლოა, რის გამოც ისინი ხედავენ თავიანთ თავს მის პერსონაჟებში. თავად დოსტოევსკი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ალბათ ივანის პერსონაჟით იქნება ყველაზე მოხიბლული, ვინაიდან ისინი ერთმანეთს გვანან.

 

[1]  ნინო მშვენიერაძე-ადამიანი როგორც შემოქმედი, გონითი არსება (ფილოსოფიური ანთროპოლოგია) ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური ანთროპოლოგია გვ62.

[2] ნინო მშვენიერაძე-ადამიანი როგორც შემოქმედი, გონითი არსება (ფილოსოფიური ანთროპოლოგია) ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური ანთროპოლოგია გვ63.

[3]  ნინო მშვენიერაძე-ადამიანი როგორც შემოქმედი, გონითი არსება (ფილოსოფიური ანთროპოლოგია) ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური ანთროპოლოგია გვ64.

[4] ნინო მშვენიერაძე-ადამიანი როგორც შემოქმედი, გონითი არსება (ფილოსოფიური ანთროპოლოგია) ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური ანთროპოლოგია გვ65

[5] მხატვრული შემოქმედების პროცესი-ფროიდი 

[6] Mikhail Bakhtin „ Problems of Dostoevsky’s Poetics ” Chapter one- Dostoevsky’s Polyphonic Novel and Its Treatment in Critical Literature გვ.50

[7] Mikhail Bakhtin „ Problems of Dostoevsky’s Poetics ” Chapter one- Dostoevsky’s Polyphonic Novel and Its Treatment in Critical Literature გვ.50

[8] თეოდორე დოსტოევსკი – თემატიკა და სტილი

[9] ნაწილი მესამე – ლიტერატურის შესწავლის გარეგანი მეთოდი- რენე უელეკი, ოსტინ უორენი – “ლიტერატურის თეორია”-თავი მერვე ლიტერატურა და ფსიქოლოგია

[10] ფიოდორ დოსტოევსკი „ ძმები კარამაზოვები “ ტომი I, წიგნი V გვ345.

[11] *მამის მკვლელობა 

[12] ფიოდორ დოსტოევსკი „ ძმები კარამაზოვები “ ტომი II, წიგნი IX გვ363.

Leave a Reply