დანაშაული და გადამეტებული სასჯელი

ჰანა არენდტი და დანაშაული და გადამეტებული სასჯელი:

საქართველოს საპატიმროებში ადამიანის უფლებების

დარღვევის მასშტაბი და მიზეზები

2016

       შინაარსი

  1. შესავალი
  2. ჰანა არენდტი- ადამიანი, როგორც პოლიტიკური და სოციალური არსება
  3. ჰანა არენდტი- ტოტალიტარიზმის წარმოშობა
  4. საქართველო, შევარდნაძე და 2003-2012 წლებში მიმდინარე დანაშაულებები და გადამეტებული სასჯელი
  5. დასკვნა
  6. სქოლიო

 

 

შესავალი

ამ  ნაშრომში საუბარი მექნება ჰანა არენდტის თეორიასა და საქართველოს იმ პერიოდზე, როცა მიმდინარეობდა დანაშაულებები და გადამეტებული სასჯელები. ეს თემა ძალზე მნიშვნელოვანია და ის ნამდვილად იმსახურებს ყურადღებით გაანალიზებასა და მსჯელობას. არენდტი იკვლევდა და წერდა პოლიტიკურ თეორიებზე, რომელმაც როგორც სხვა ქვენებში, ასევე საქართველოშიც ჰპოვა დასაბამი. მის თეორიას გამოვიყენებ იმისათვის, რომ აღვწერო საქართველოში მიმდინარე პროცესები, გახშირებული ძალადობის დროს. ჰანა არენდტის განხილვის შემდეგ ადვილი შესაძლებელი იქნება იმის განხილვა და თქმა, თუ რა ხდებოდა საქართველოში შევარდნაძის დროს, რატომ იყო ძალაუფლება ერთი დაჯგუფების ხელში, რა საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებასა და ქვეყანას. აგრეთვე განვიხილავ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს 2003-2012 წლებში. ამ დროს ქვეყნის სათავეში სააკაშვილი მოვიდა, რომელმაც დაამხო შევარდნაძის, ე.წ „კანონიერი ქურდების“ მმართველობის რეჟიმი. თუმცა ამ ნაშრომში ასევე იქნება განხილული სწორედ ის ძალადობრივი მექანიზმი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. ჩვენ, როგორც ვნახავთ ძალადობას დაამხობს ძალადობა, მაგრამ საბოლოოდ ყველა ძალადობა განწირულია დასასრულისაკენ. სწორედ ამიტომ დასრულდა 11 და 9 წლიანი ძალადობრივი მმართველობები.

ჰანა არენდტი- ადამიანი, როგორც პოლიტიკური და სოციალური არსება

ადამიანი, რომელმაც განვითარების მრავალი სტადია გაიარა, მართლაც შექმნილია საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. მისთვის ცალკე ცხოვრება ძალიან დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ადამიანებთან დაკავშირებით არენდტი წერს, რომ „ იზოლირებულად ის ვერ შეძლებდა ბუნების ძალებთან გამკლავებას და გადარჩენას. ადამიანები ყოველთვის ჯოგურად ანუ საზოგადოებებად არსებობენ…“[1] თუკი ამას დღევანდელი გადმოსახედიდან შევხედავთ და დავუსვამთ საკუთარ თავებს კითხვებს, თუ ვინ ვიქნებოდით ცალკე, ყველას ინდივიდუალურად რომ გვეცხოვრა და ვიქნებოდით თუ არა დღეს ის ვინც ვართ, პასუხი ცალსახად უარყოფითი იქნება. თუ ადამიანები ცალ-ცალკე იცხოვრებდნენ, მაშინ მათი დაღუპვა გარდაუვალი იქნებოდა. დღეს კი, ჩვენ ვხედავთ საზოგადოებებად მცხოვრებ ხალხს, ეს სწორედ ისაა, რამაც დღემდე მოიყვანა კაცობრიობა. ხოლო რაც შეეხება სოციუმს, ამაზე საუბარი არენდტისთვის მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა კაპიტალისტურ საზოგადოებაში წარმოება მიიღებს საზოგადოებრივ ხასიათს და რაც ყველაზე მთავარია, მასში საზოგადოების შემადგენელი ყველა ადამიანი უნდა იყოს ჩართული.[2] სოციუმის გაჩენამდე არსებობდა კერძო და საჯარო სფეროები, თუმცა მას შემდეგ რაც, საზოგადოება შეიქმნა, როგორც ერთი ოჯახი და დაიწყო მან შესაფერისი ფუნქციების შესრულება შეიჭრა პირად სივრცეში, ანუ ოჯახი, რომელიც აქამდე კერძო სფეროდ ითვლებოდა ახლა უკვე საჯაროა. არენდტი თავის ერთ-ერთ ტექსტში „წარსულსა და მომავალს შორის“ წერს, რომ როცა პირადი საჯაროში გადადის, მაშინ სრულდება ის გაყოფა და სიშორე, რომელიც მათ შორის ოდესღაც არსებობდა. [3] აქ არის გაერთიანებული საზოგადოება, რომელიც ისე იქცევა, როგორც ერთი დიდი ოჯახი, ამ ოჯახს კი შეიძლება ვუწოდოთ ერი, რომელიც უკვე პოლიტიკურ სფეროს უკავშირდება. ანუ ადამიანები ერთად თანაცხოვრების შემდეგ, რაღაც დროის გასვლის შედეგად თავადვე და შეიძლება ითქვას, რომ ეს ნახევრად და შესაძლოა სრულიად გაუცნობიერებლად მოხდა, მათ დაიწყეს პოლიტიკური ცხოვრება. ისინი ზრუნავდნენ ახლა უკვე არა მხოლოდ, თავიანთ პატარა ოჯახზე, არამედ ერთ დიდ ოჯახზე, რომელსაც ერს ვუწოდებთ. თუმცა, როგორც ოჯახს ყავს ერთი მმართველი, ასევე აუცილებელი ხდება იგივე საზოგადოებაშიც, ანუ საზოგადოება უნდა იყოს მართული ერთი ადამიანის, და როგორც მას არენდტი უწოდებს „დესპოტის“ მიერ. დესპოტს ახსენებს მაშინ, როცა თანასწორობაზე საუბრობს, მას მიაჩნია რომ „თანასწორობა საზოგადოებაში უფრო კლასიკურ მოდელს მოგვაგონებს, რომელშიაც ყველა თანასწორია დესპოტის ავტორიტეტის მიმართ.“[4] ანუ, როგორც ეს ჩემს მიერ ნახსენებ ოჯახში ხდებოდა, რომელსაც ყავდა მმართველი და მისი ავტორიტეტის მიმართ ყველა სხვა ოჯახის წევრი თანასწორი იყო. მომდევნო თემებში ამას კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, როცა საუბარი მექნება ციხეში სასტიკ მოპყრობაზე. ზედამხედველებისთვის სულერთი იყო ვის ცემდნენ, ვინაიდან მათი ავტორიტეტის მიმართ ყველა პატიმარი თანასწორი იყო.

ჰანა არენდტი- ტოტალიტარიზმის წარმოშობა

ზემოთ აღნიშნულიდან, ვხედავთ, რომ ტოტალიტარული რეჟიმი ჩნდება მაშინ, როცა საზოგადოებას უჩნდება სურვილი შექმნას პოლიტიკური ორგანიზაცია.[5] საზოგადოება თითქოს საერთო ინტერესების გარშემო ერთიანდება, თუმცა, როგორც ამას შემდეგ დავინახავთ, ეს ასე სულაც არაა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს ასე ჰგონიათ, გარკვეული დროის შემდეგ ხვდებიან, რომ ისინი გაერთიანდნენ არა თავიანთი ინტერესის გარშემო, არამედ ერთი დესპოტი მმართველის ან რომელიმე დაჯგუფების გარშემო, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო. პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება, რა თქმა უნდა, ყველას არ ქონდა, ეს შეეძლოთ მხოლოდ იმათ ვისი სოციალური სტატუსიც ამისათვის გამოდგებოდა. არენდტის ტექსტის კითხვისას დავინახე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებას არ სურდა პოლიტიკურ საქმიანობაში გარევა, ისინი თავს შორს იჭერდნენ ამისგან და ის ადამიანებიც კი, ვისაც პოლიტიკურ საქმეში ჩარევის საშუალებას სოციალური სტატუსი აძლევდა, როგოც არენდტი ამბობს,

„მხოლოდ საერთო ეროვნული მნიშვნელობის განსაკუთრებული პირობების                   წარმოქმნის შემთხვევაში გამოდიოდა ინდივიდი, როგორც მოქალაქე, დამოუკიდებლად კლასობრივი თუ პარტიული მიკუთვნებულობისა. ჩვეულებრივ პირობებში იგი არასოდეს ეხებოდა საზოგადოებრივ საქმეებს და არ გრძნობდა პასუხისმგებლობას მათ წარმოებაზე.“[6]

ამ ციტატაში კარგად ჩანს საზოგადოების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. გამოდის, რომ მათთვის მთავარი, მხოლოდ საკუთარი თავის უსაფრთხოდ ყოფნა იყო.  კლოდ ლეფორი ნაშრომში „The Image of the Body and Totalitarianism”  ტოტალიტარიზმზე ამბობს, რომ ის არის საფუძველი ახალი ტიპის პოლიტიკური აზროვნებისა და რომ „ეს ნიშნავს რეჟიმს, რომლის დროსაც სახელმწიფო პრაქტიკულად ძალადობს მთელ საზოგადოებაზე…“[7] როცა საზოგადოებამ დაინახა, რომ მათ არ იცავდა პოლიტიკური პარტიები, მათ დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა. საქართველოს მაგალითს თუ ვიტყვით, ვნახავთ, როგორ დაკარგა საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა „ერთიან ნაციონალურმა მოძრაობამ“ , როცა საზოგადოებამ გააცნობიერა რომ ხდებოდა მათი უფლებების რღვევა, ამაზე დიდი გავლენა კი 2012 წელს გამოქვყნებულმა ვიდეო მასალებმა იმოქმედა, რის გამოც ისინი დამარცხდნენ არჩევნებში.  არენდტის აზრით, „ტოტალიტარიზმი არის სოციალურად მკვდარი არააქტიური ადამიანების მმართველობა, სადაც ადამიანს არ ეძლევა აქტიურობის უფლება.“[8] ამის გამო საზოგადოება მუდმივად ცდილობს თავი დაიხსნას, როცა ხვდება, რომ არააქტიურ მდგომარეობაში იმყოფება.

საქართველო, შევარდნაძე და 2003-2012 წლებში მიმდინარე დანაშაულებები და გადამეტებული სასჯელი

საბჭოთა კავშირში გაბატონებული იყო ე.წ „ქურდული სამყარო“ სწორედ მათი დახმარებით მოვიდა შევარდნაძეც ხელისუფლების სათავეში, თუმცა ძლიერი მმართველობით ნამდვილად არ გამოირჩოდა. მისი მმართველობის დროს კვლავაც გრძელდებოდა საბჭოეთიდან გადმომავალი მმართველობა. როდესაც პუბლიკაციას ვკითხულობდი, ბევრ ჩემთვის უცნობ და ძალიან საინტერესო მასალებს გავეცანი. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა გარკვეული ცოდნა ამ პერიოდის საქართველოზე, ჩემთვის მაინც აღმაშფოთებელი იყო ზოგიერთი რამ. ე.წ „ქურდული სამყარო“ რომ იმ დროს პოპულარული იყო ეს ფაქტია, და დღესაც არიან შემორჩენილები ამ სამყაროს წარმომადგენლები, თუმცა შევარდნაძის მმართველობის დასრულების შემდეგ ბევრმა მათგანმა ქვეყანაც დატოვა დაჭერის შიშის გამო. რამდენიმე წლის წინ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც პირადად ვიცნობდი, თუმცა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როცა გავიგე, რომ ის კანონიერი ქურდი იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ასე სახეზე შეხედვით ვერ მიხვდები ვინ არის კანონიერი ქურდი და ვერც იმას გაიგებ რა ცხოვრება აქვს გამოვლილი, თუმცა სააკაშვილის დროს თავად კანონიერი ქურდებიც კი ვერ დადიოდნენ თამამად, მაშინ, როცა შევარდნაძის დროს, მათ ხელში იყო ყველაფერი. ყველგან ისინი ამყარებდნენ დისციპლინას და ქვეყანაც ამის გამო იყო მრავალი წლის მანძილზე ერთ ადგილას გაჩერებული. სწორედ საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა მემარცხენე ტოტალიტარიზმი. როგორც ვიცით, ტოტალიტარიზმი სპობს კერძოს და შლის პირადულს, ალბათ ამის გამო იყო, რომ „ „ქურდები“ ფიცით  ამბობდნენ უარს ყოველგვარ მატერიალურზე, ოჯახის შექმნასა თუ საჯარო მოღვაწეობაზე პატიმართა სასარგებლოდ.“[9]  ამ სისტემის  წარმომადგენლები სწორედ ესენი იყვნენ.

შევარდნაძის მმართველობა 2003 წელს დასრულდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად. ქვეყნის სათავეში მოვიდა პოლიტიკური პარტია, რომელმაც დაიწყო ბრძოლა კორუფციასთან, თუმცა როგორც ეს აღწერილია პუბლიკაციაში კვლავ გრძელდებოდა ძალადობა. კარგად მახსოვს როგორ დაიწყო მასიური დაპატიმრებები, მახსოვს შევარდნაძის დრო და სახლების ყოველდღიურად გაქურდვებიც, მაგრამ ამ დაპატიმრებების შედეგად ხალხმა ამოისუნთქა. ქუჩაში სიარული აღარ იყო ისე საშიში, როგორც შევარდნაძის დროს, აღარც სახლის მარტო დატოვება ეშინოდა საზოგადოებას, ამან მათში დადებითი განწყობა გამოიწვია. მაგრამ რაც ამ პუბლიკაციაშია აღწერილი, ეს იყო სადისტობა. რა მნიშვნელობა აქვს რა დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა, არავის აქვს უფლება მას ფიზიკურად გაუსწორდეს, დანაშაულისთვის არსებობს სასჯელი. პატიმრების მიერ მოყოლილი შემაძრწუნებელი ამბები ასახავს იმ დროის რეალურ ვითარბას, რომელიც ციხეებში არსებობდა და რომელიც გარედან არ ჩანდა. ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს, რომ „პერიოდულად შემოდიოდნენ და აბანოში მივყავდით. საშინელება იყო, გახდილი, თავიდან ბოლომდე ტიტველი დგახარ და ისინი გირტყამენ. ეს იმიტომ კი არა, რომ რაღაც მოხდა ან შენ დაარღვიე რეჟიმი, არა, უბრალოდ ასე სუდათ.“[10]  მსგავსი ფაქტები ხდებოდა ალბათ, იმიტომ რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული საბჭოთა რეჟიმიდან, ალბათ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეჩვენებინა თუ ვინ იყო ძლიერი, ალბათ იმიტომ რომ კიდევ უფრო გაეფართოებინა მბრძანებლობის არეალი. მასიური დაპატიმრებები, გადაჭედილი ციხეები და ამას დამატებული პატიმრებზე ძალის გამოყენება, ეს იყო რეჟიმი, რომელმაც ადამიანებს წაართვა წარსული და დაუწერა მომავალი ისე, როგორც მას აწყობდა, ანუ ყველანაირად უუნარონი გახადა ის ადამიანები, ვინც კი ციხეში მსგავსი წამების მსხვერპლი გამხდარა. თავად პატიმრებიც ამბობენ, რომ უჭირთ ხალხთან კომუნიკაცია, ეს იმ სტრესის ბრალია, რაც ციხეში განიცადეს. ყველაფერი ის, რაც პუბლიკაციაშია აღწერილი და რაც მე მაქვს ნანახი ამტკიცებს, იმას, რომ 2003-2012 წლები იყო პერიოდი ძალადობისა და სახელმწიფოს საზოგადოებაზე გაბატონებისა. თუმცა მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბრამდე გამოქვეყნდა მასალები, საზოგადოებამ ერთხმად გადაწყვიტა ამ რეჟიმის დამხობა. მართალია ცოტა, მაგრამ პატიმრები მაინც საუბრობენ ვიდეო გადაღებებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზნით ხორციელდებოდა. ყოველივე ამის წაკითხვა შესაძლებელია სქოლიოში მითითებულ ვებ-გვერდზე.

დასკვნა

ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან, შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ძალადობა აუცილებლად იქნება საზოგადოების მიერ დაგმობილი და რომ ის საკუთარ თავს თავადვე ასრულებს.  არისტოტელე ადამიანის ორ განსაზღვრებას გვთავაზობდა, პირველი, ის რომ ადამიანი პოლიტიკური არსებაა და მეორე, ის, რომ ადამიანი მეტყველი არსებაა. აქედან გამომდინარე არენდტი ასკვნის, რომ „ძალადობა, როგორც წმინდა ფიზიკური ხდომილება, პოლიტიკურის სფეროს გარეთაა და მის დასასრულს მოასწავებს.“[12]  ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია თვალწინ საქართველოს მაგალითი რომ არ წარმოგვიდგეს, ჩვენ ქვეყანას მსგავსი რამ დაემართა, სააკაშვილის რეჟიმი გასცდა პოლიტიკურს, ის გაიჭრა უფრო შორს, ძალადობა კი პოლიტიკურის საქმე არაა, ხოლო როცა გახდა ცნობილი ვიდეო ჩანაწერები, საზოგადოება მიხვდა, რომ ეს უკვე აღარ იყო პოლიტიკა, რითიც დაასრულა მათი ქვეყნის მართვის პერიოდი. მართალია, ძნელი იყო გამკლავება იმ საშინელი პერიოდის შემდეგ ყველა პრობლემისათვის, რის გამოც თავიდან ძალადობრივი გზით ხორციელდებოდა მასიური დაპატიმრებები, თუმცა ამის შემდეგ შესაძლებელი იყო სიტუაციის დარეგულირება, ეს არ მოხდა, რის გამოც ამ ძალადობისა და გადამეტებული სასჯელების მომსწრენი გავხდით. და ბოლოს კიდევ გავიმეორებ და ამით დავასრულებ, რომ ძალადობა აუცილებლად დაასრულებს თავის ბატონობას, მაშინ, როცა გასცდება პოლიტიკურ საზღვრებს.

[1] ჰანა არენდტის (1906-1975) “VITA ACTIVA” და „რევოლუციის შესახებ“  203

[2] ჰანა არენდტის (1906-1975) “VITA ACTIVA” და „რევოლუციის შესახებ“  204

[3] Hannah Arendt – Between Past and Future   Six Exerises in Political Thought  1961  The Viking Press. New York

[4] ჰანა არენდტის (1906-1975) “VITA ACTIVA” და „რევოლუციის შესახებ“  206-207

[5] ჰანა არენდტი- ტოტალიტარიზმის წარმოშობა. რიდერი (ფრაგმენტული თარგმანი) 1

[6] ჰანა არენდტი- ტოტალიტარიზმის წარმოშობა. რიდერი (ფრაგმენტული თარგმანი) 2

[7] კლოდ ლეფორი Image of the Body and Totalitarianism  292 იხ. სქოლიო

[8] ჰანა არენდტი- ინდივიდსა და ტოტალიტაიზმზე  იხ. სქოლიო

[9] გადამეტებული სასჯელი: საქართველოს საპატიმროებში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბი და მიზეზები   2014    4

[10] გადამეტებული სასჯელი: საქართველოს საპატიმროებში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბი და მიზეზები   2014    77-78

[11] [12] ჰანა არენდტის (1906-1975) “VITA ACTIVA” და „რევოლუციის შესახებ“  203

 

პუბლიკაცია, რომელზეც მაქვს საუბარი შეგიძლით იხილოთ დანაშაული და გადამეტებული სასჯელი: საქართველოს საპატიმროებში ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბი და მიზეზები

Leave a Reply