ფუნქცია დაკარგული ადამიანები

ფუნქცია დაკარგული ადამიანების ადგილი ფრანც კაფკასთან

შესავალი

ფრანც კაფკა განსხვავებული და ძალზედ საინტერესო მწერალია, მის შემოქმედებაში არ იკითხება ჩვეულებრივი ამბები, მკითხველს აზროვნების მეშვეობით შეუძლია მოთხრობებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია გაუკეთოს. კაფკა გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენ თავად წამოვჭრათ საკითხები და შევეცადოთ მის ახსნას, მასთან ერთი ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. თემა, რომელზეც მსჯელობას ვაპირებ, არის ფუნქცია დაკარგული ადამიანების შესახებ, რომელთა ადგილი საზოგადოებაში უკვე აღარ მოიძებნება. მათი საჭიროება აღარ არსებობს, რაც საზოგადოებიდან მათ გარიყვას იწვევს. მსჯელობისთვის კაფკას სამ მოთხრობას გამოვიყენებ, „ მეტამორფოზა, “ „ სოფლის ექიმი “ და „ შიმშილის ხელოვანი. “ სამივე მოთხრობაში კარგად ჩანს იმ ადამიანების ადგილი საზოგადოებაში, რომელთაც ფუნქცია დაკარგეს.

როგორ გადაიქცა ოჯახის მარჩენალი, ტვირთად[1]

კაფკა ყოველგვარი ზედმეტი შესავლის გარეშე იწყებს თხრობას კაცზე, რომელსაც შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოღვიძებულს დახვდა სახეცვლილი სხეული. გრეგორ ზამზა, მწერად გადაიქცა და სწორედ ამის გამო ხდება ის ზედმეტი ტვირთი ოჯახისთვის. თავდაპირველად ჩანს, რომ მისი ერთადერთი წუხილის მიზეზი სამსახურია. არანაირი შეშფოთება, არანაირი გაოცება არ იგრძნობა მასში, თითქოს მწერად ქცევა ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყოს. ის ფიქრობს და წუხს მხოლოდ სამსახურზე, რადგან მისი დაკარგვის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. გრეგორი ერთადერთი მომუშავე იყო მის ოჯახში და ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ წუხდა ასე ძალიან სამსახურის თაობაზე. გრეგორი, რომელიც ყოველ დილით ადრიანად დგება, ახლა ლოგინში წევს თავის მაგარ ჯავშანზე და მიუხედავად იმისა, რომ გადმობრუნება სურს ამას ვერ ახერხებს, ამასთანავე, ვერ საუბრობს, ვერ მიდის სამსახურში, რაც უკვე აჩვენებს მისი ფუნქციის დაკარგვას.

მოთხრობაში ჩანს, თუ როგორ იცვლება მისი გემოვნებაც, ახლა უკვე საღი საჭმლის ნაცვლად გაფუჭებულს მიირთმევს, მასში აღარ არსებობს აღარანაირი ადამიანური თვისება, მაშასადამე, გამოდის, რომ მისი ადგილი არც მის ოჯახშია. ამ მდგომარეობაში მყოფი აღმოაჩენს, რომ მას ატყუებდნენ, მის ოჯახს ისე არ უჭირდა, როგორც ეს გრეგორს ეგონა. მამამისს ფული ქონდა გადანახული. ამასთანავე ის დაინახავს, რომ მისი ოჯახის წევრებს შესძლებიათ მუშაობა, მაგრამ სანამ მათ გრეგორი არჩენდა ამაზე არც უფიქრიათ, ახლა კი სამ ადამიანს არ სურს მწერად ქცეულ გრეგორზე ზრუნვა, მათთვის ის ზედმეტი ტვირთია.

გრეგორს, რომელსაც ეგონა, რომ მის გარეშე ოჯახს გაუჭირდებოდა, მეტამორფოზის შედეგ ხედავს, რომ პირიქით მის მშობლებს და დას ჰქონიათ მუშაობის შესაძლებლობა. გრეგორი მანამ იყო საჭირო სანამ შეეძლო დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ეს ხომ ყოველთვის ასე ხდება. მწერად ქცევა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ ექცევიან ოჯახის წევრს, რომელსაც არაფრის კეთება არ შეუძლია. ყოველთვის აგრძნობინებენ, რომ ის უძლურია, აგრძნობინებენ, რომ ზედმეტი ტვირთია და მოხუცების შემთხვევაში მათი თავიდან მოშორება ხდება, მიყავთ მოხუცთა თავშესაფარში. რატომღაც ხალხი ფიქრობს, რომ იმ ადამიანის ადგილი საზოგადოებაში აღარაა ვინც ფუნქციას კარგავს.

უფუნქციო მღვდელი და მისი მოვალეობისთვის ექიმისთვის გადაცემა[2]

როგორც უკვე ვთქვი, კაფკა განსხვავებული მწერალია, მასთან ერთ მოთხრობაში ძალიან ბევრ რაღაცას ვკითხულობთ, ვიაზრებთ და ვცილობთ ყოველივეს ახსნას, რა თქმა უნდა კაფკას თვალთახედვით, რა შეიძლება ეგულისხმა ან რა უნდოდა რომ ეთქვა ყოველივე იმით, რაც დაწერა. სოფლის ექიმი ერთ-ერთი საინტერესო მოთხრობაა, სადაც ნაჩვენებია თუ რამდენად დიდი ვალდებულება აჰკიდეს ტვირთად ექიმს და რა უფუნქციოდ ზის მღვდელი. „მღვდელი სახლში ზის და ერთი მეორის მიყოლებით საეკლესიო სამოსელს ნაკუწებად ხევს.“[3]  ამ მოთხრობაში ბევრი საინტერესო დეტალია თუმცა, ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რაც თემასთან ახლოსაა.

მოთხრობაში კარგად ჩანს, როგორ ითხოვენ ექიმისგან შეუძლებელს, ისინი ითხოვენ მომაკვდავი ადამიანის გადარჩენას. მათ იმის ნაცვლად, რომ დაუძახონ მღვდელს, უხმობენ ექიმს. მღვდლის მოვალეობაა აზიაროს სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი, თუმცა ჩვენ აქ ვხედავთ, რომ მღვდელი უფუნქციოა და მისი ადგილი საზოგადოებაში აღარაა. თუმცა, იმასაც ვხედავთ, რომ მღვდლის მოვალეობა ექიმს დააკისრეს, ექიმს, რომელსაც შეუძლია მოლოდ და მხოლოდ სხეულის და არა სულის განკურნება, მისთვის ეს შეუძლებელია. ავადმყოფი, რომელიც თავდაპირველად ექიმს სთხოვს, რომ სიკვდილის ნება მისცეს, შემდეგ თითქოს იმედი მიეცა, და გადარჩენას ევედრება. „ „გადამარჩენ?“ – სლუკუნით მეჩურჩულება ყმაწვილი, იგი შეძრწუნებულია, ჭრილობაში ცოცხალი არსებანი რომ დაბუდებულან.“[4] ექიმი კი ამასთან დაკავშირებით ამბობს, „ აი ასეთი ადამიანები არიან ჩემს მხარეში. ექიმისგან ყოველთვის შეუძლებელს მოითხოვენ. “[5]

როდესაც ვხედავთ, რომ მღვდლის ფუნქცია ექიმს დააკისრეს, ექიმიც ერთგვარად უფუნქციო რჩება, მას ისეთ დროს იძახებენ, როცა ვერაფერს შეცვლის. ექიმს არ შეუძლია ისეთი ადამიანის გადარჩენა, ვისი სიკვდილი გარდაუვალია. ამ მოთხრობაში ჩანს, რომ მღვდელიც და ექიმიც უფუნქციოა, მღვდელი აღარ სჭირდებათ, ვინაიდან ძველი ადათები დაივიწყეს და ვერც ექიმი ვერ ასრულებს იმ მოვალეობას რაც მას არ ეკუთვნის. ცხენებიც კი, რომლებმაც ავადმყოფთან სწრაფად მოიყვანეს, მისი უკან წაყვანა ისე სწრაფად ვეღარ შეძლეს. „„ცოცხლად!“ შევძახე მე, მაგრამ ცოცხლად არ გამოდის. ძლივძლივობით, მოხუცი კაცებივით მივდივართ თოვლის უდაბნოში.“[6] თუკი მეტამორფოზაში, გრეგორი მწერად გადაიქცა და ვეღარ ასრულებდა თავის მოვალეობას, აქ ცხენები მოხუც კაცებს დაემსგავსნენ, რომელთაც ცოცხლად სიარული არ შეუძლიათ.

ხელოვანის მიმართ ინტერესის დაკარგვა[7]

ფრანც კაფკას მოთხრობაში „შიმშილის ხელოვანი“ ჩანს ყველა დროისათვის დამახასიათებელი მოდას აყოლილი საზოგადოება და მათი გართობის მცდელობა. საინტერესოა ხელოვანი, რომელიც შეიძლება ითქვას უბრალო დეკორაციაა, რომლის ყურებითაც ხალხი ერთობა. მას არაფერი არ შეუძლია გარდა შიმშილისა. მაგრამ აქ საინტერესოა ის, რომ ხელოვანს საჭმლის ჭამა ერთი მიზეზის გამო არ უნდა, მან ვერ იპოვა ისეთი საჭმელი, რომლის გემოც მოეწონებოდა. რატომ ხდება ეს? ნუთუ არავინაა ისეთი ვინც ისეთ საჭმელს მოამზადებს რომელიც ხელოვანს მოეწონება? თუმცა, ამ მოთხრობაში ჩანს, რომ საზოგადოება მხოლოდ დროის გაყვანასა და გართობაზე ფიქრობს, მათ არანაირი მოვალეობები არ აქვთ. ხელოვანი კი, რომელიც მხოლოდ გართობის საშუალებაა მალე უინტერესო, უსარგებლო და არასაჭირო ხდება. მის ადგილს იკავებენ სხვა ცხოველები. მნიშვნელოვანია ეს სიტყვა, რადგან აქ ჩანს, რომ ხელოვანი ადამიანი აღარაა ის გალიაში გამომწყვდეული ცხოველია, რომელიც არც კი წუხს მსგავსი ბედით.  თუკი თავიდან ინტერესით უყურებდნენ, თუკი ბავშვებს შიშის გამო ხელები ჩაეკიდებინათ ერთმანეთისთვის, ხოლო როცა უსარგებლო ხდება ხელოვანი დაცინვას იწყებენ. ხელოვანი, რომელიც თავის საქმეს გულწრფელად ასრულებდა, ხალხს არ სჭირდებოდა. გულწრფელი ადამიანების ადგილი მსგავს საზოგადოებაში არაა, მათ ყოველთვის ეჭვი შეეპარებათ. ის იმდენად უმნიშვნელო გახდა, რომ გარდაცვალების შემდეგ არც კი დაფიქრებულან მის გალიაში ისე შეუშვეს ველური მხეცი. შეუმჩნეველი, უწყინარი ადამიანის ადგილი ველურმა ცხოველმა დაიკავა.

 

დასკვნა

კაფკას კითხვისას, ვხვდები, რომ მის დროსაც და ახლაც 21-ე საუკუნეშიც ბევრი პარალელის გავლებაა შესაძლებელი. საინტერესოა მის მიერ შემოთავაზებული გამოწვევა, რომელიც მკითხველს აზროვნებისკენ მოუწოდებს. სამივე მოთხრობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველგან ჩანს ერთგვარი მეტამორფოზა, რომელსაც ადამიანები განიცდიან ცხოვრებაში. ხშირად ის ადამიანები ხდებიან უარყოფილნი, ვინც მანამდე საჭირო იყო, ისევე როგორც გრეგორი, ისევე როგორც მღვდელი და ხელოვანი. არცერთ მათგანს არ შეუძლია იმის გაკეთება რაც მათი მოვალეობაა, იმიტომ, რომ საზოგადოება არ აძლევს მათ ამის შესაძლებლობას. დღესაც ისევე აგრძნობინებენ ოჯახის წევრს, რომ ის ზედმეტი ტვირთია, როგორც გრეგორს აგრძნობინეს. არც კი დაფიქრდებიან ისე გამოიტანენ განაჩენს, რომ მისი ადგილი მათთან არაა.

მოვალეობა დაკარგული მღვდელი, რომელიც არავის აღარ სჭირდება, რომელიც სახლში ზის რადგან მისი ადგილი არაა საზოგადოებაში, მისი მოვალეობა ექიმს დააკისრეს. თუმცა, ამასთანავე მათ ექიმს თავისი მოვალეობა ჩამოართვეს, მას უხმობენ მაშინ როცა საჭირო არაა, როცა ვეღარაფერს შეცვლის.

ბოლოს კი ხელოვანი, რომელიც საკუთარი საქმით სიამოვნებას ღებულობდა, რომელიც ხალხის გართობაზე ზრუნავდა საჭირო აღარაა. მის ადგილს ველური ცხოველი იკავებს, რომელიც მაყურებლებისთვის უფრო მიმზიდველი და ყურადღების მიმპყრობია.

საინტერესოა რას გრძნობენ ფუნქცია დაკარგული ადამიანები. ისინი ხომ ერთ დროს საჭირონი იყვნენ, მათ ხომ ეგონათ, რომ მათ გარეშე გაუჭირდებოდა იმ საზოგადოებას, რომელშიც იმყოფებოდნენ. თუმცა სრულიად საპირისპირო ხდება. მათ გარეშე ცხოვრებას უფრო ბედნიერად აგრძელებენ.

ბედის ირონიაა, როცა ზუსტად ის საზოგადოება გკრავს ხელს და გართმევს ადგილს, ვისზეც ზრუნავდი მანამ, სანამ ფუნქციას დაგაკარგვინებდნენ.

[1] ფრანც კაფკა-მეტამორფოზა (PDF)

[2] ფრანც კაფკა- სოფლის ექიმი (PDF)

[3] ფრანც კაფკა- სოფლის ექიმი (PDF)

[4] ფრანც კაფკა- სოფლის ექიმი (PDF)

[5] ფრანც კაფკა- სოფლის ექიმი (PDF)

[6] ფრანც კაფკა- სოფლის ექიმი (PDF)

[7] ფრანც კაფკა- შიმშილის ხელოვანი (PDF)

Leave a Reply