ჰობსი, ლოკი და მაკიაველი

  1. ინდივიდი – საზოგადოება – სახელმწიფო: როგორ ესმით მათი ურთიერთმიმართება ჰობსს და ლოკს?

___________თომას ჰობსის „ლევიათანში“ მთავარი ვნება არის სიკვდილის შიში. ეს შიში ადამიანს ბუნებით მდგომარეობაში გააჩნია, რაც მას უბიძგებს, რომ შექმნას სახელმწიფო. ადამიანს სურს გათავისუფლდეს შიშისგან და იცხოვროს კომფორტულად. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ის ემორჩილება ვნებას. ჰობსს ლოკიც ეთანხმება და ამბობს რომ ადამიანს აქვს ძლიერი ემოციები, თუმცა მას ჰობსისგან განსხვავებით სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვის მიზეზად სიცოცხლის გახანგრძლივების  ან შენარჩუნების სურვილი მიაჩნია. ჰობსი და ლოკი განსხვავებულად ფიქობენ ბუნებით მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უფლება-მოვალეობებზე. ჰობსი თვლის რომ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანს არანაირი მოვალეობა არ გააჩნია, ხოლო ლოკს მიაჩნია, რომ ადამიანს აქვს მოვალეობა, შეინარჩუნოს საკუთარი სიცოცხლე. ლოკთან ბუნებით მდგომარეობაშიც კი არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. მსგავსი რამ კი ჰობსს შესაძლებლად მიაჩნია, რადგან ბუნებით მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის არ არსებობს კანონები. ლოკს კი მიაჩნია, რომ ადამიანს შინაგანად აქვს კანონები, რომ მან არ უნდა შელახოს სხვისი სიცოცხლის უფლება. აგრეთვე, მან უნდა დაიცვას სხვა ადამიანი თუკი ხედავს, რომ ვიღაც მისი სიცოცხლის უფლებას ხელყოფს, ეს ლოკს ბუნებით მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მოვალეობად მიაჩნია. მისთვის დასაშვებია ადამიანის მოკვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ხელყოფს მისი სიცოცხლის უფლებას, ანუ თავდაცვის მიზნით. მას ამ საქციელის გასამართლებლად ღმერთის ცნება შემოაქვს, რომ არავის აქვს უფლება წაართვას სხვა ადამიანს სიცოცხლე გარდა ღმერთისა. ლოკს დასაშვებად მიაჩნია, რომ ადამიანმა შესაძლოა გადააჭარბოს ძალას და მოკლას ის ვინც თავს ესხმის.

ჰობსისგან განსხვავებით, ლოკთან სახელმწიფოს ქმნის კერძო საკუთრება. „ლევიათანში“ კერძო საკუთრება მოხსენიებულია, მაგრამ არა როგორც მთავარი უფლება. ჰობსთან, სუვერენს, რომელიც არ არის სოციალური კონტრაქტის ნაწილი, ვინაიდან ის ჰორიზონტალურად, მარტო მოქალაქეებს შორის იდება, უფლება აქვს, საჭიროებისამებრ ეს საკუთრება წაართვას. ლოკთან ეს საკუთრებაა ის ძალა, რითაც სახელმწიფო იქმნება და რომელიც ჰობსისგან განსხვავებით ბუნებით მდგომარეობაშიც კი გააჩნია ადამიანს. ბუნებით მდგომარეობაში, ყველა რესურსი რაც დედამიწაზეა (წყალი, მიწა, ხილი და ა.შ) ყველასია და ბოროტება იქნებოდა ვინმეს ეთქვა რაიმე ჩემიაო, მაშინ საიდან ჩნდება ტერმინი კერძო საკუთრება?—ლოკი ამბობს, რომ როდესაც ადამიანი იწყებს მიწის დამუშავებას ის მიწა უკვე მის საკუთრებაში ითვლება, ასევე იმ მიწაზე მოყვანილი, -ხილი, ბოსტნეული და სხვა ყველაფერი მის საკუთრებაში ითვლება, რადგან მან ამაში შრომა ჩადო, ხოლო დანარჩენი კვლავ საერთო საკუთრებაში რჩება. ლოკს მიაჩნია რომ წყალი და მიწა იმდენია ყველა ადამიანს ეყოფა, ოღონდ ყველა მათგანმა იმდენი მოსავალი უნდა მოიყვანოს რამდენსაც მოიხმარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მან იმაზე მეტი მიითვისა ვიდრე მოიხმარდა და ის რაც გაფუჭების ზღვარზეა, ითვლება რომ არა ერთის, არამედ ყველასია. ჩნდება ფულის საჭიროება, ფული არ ფუჭდება და ადამიანებს სჭირდებათ ისეთი რამ, რის დაგროვებასაც შეძლებენ. ეს ქმნის უკვე საზოგადოების ფენებს, ზოგი მეტის დაგროვებას მოახერხებს, ზოგი ნაკლების, რაც შემდეგ სიხარბეს იწვევს, ერთს სურს მეორეს რაღაც წაგლიჯოს. სწორედ ამ გზით მიდის ლოკი სახელმწიფოს შექმნის იდეამდე.

ჰობსი ბუნებით მდგომარეობაში ამართლებს ერთი ადამიანის მიერ მეორის მოკვლას, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს და ამტკიცებს, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, ის სწორედ იმიტომ ქმნის სახელმწიფოს, რომ სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას. ლოკი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო იქმნება საკუთრების დაცვის სურვილიდან გამომდინარე. მისთვის მთავარი მიზეზი სახელმწიფოს წარმოშობის სწორედ ესაა, საკუთრების დაცვა. სახელმწიფოს სტრუქტურულ დანაწილებას რაც შეეხება, ჰობსთან ეს არაპროპორციულად ხდება. ერთ-ერთი ადამიანი ანუ სუვერენი რჩება სახელმწიფოს მიღმა, რომელიც ისევ ბუნებრივ მდგომარეობაშია სხვა ქვემდგომ ადამიანებთან მიმართებაში, მისი უფლებამოსილება განუსაზღვრელია. რა თქმა უნდა, ის ეცდება არ იყოს ტირანი და არ დახოცოს ხალხი, რადგან სახელმწიფოს შექმნის იდეა უსაფრთხოებასთან ასოცირდება, ანუ სუვერენი რაღაც კანონს მაინც დაიცავს და არ დახოცავს ხალხს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩამოაგდებენ. მიუხედავად ამისა, მისი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, ძალაუფლება მის ხელშია. სამივე, საკანონმდებლო, სასამართლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას ის განაგებს და კონტრაქტით ინდივიდებთან შეკრული არ არის, აქედან გამომდინარე არანაირად ვალდებული არ არის მართულთა მიმართ. ლოკისთვის ეს ჰობსისეული სუვერენი დამღუპველია, ეს იმაზე უარესია, ვიდრე ბუნებითი მდგომარეობა, რადგან აქ ადამიანი სრულიად დაუცველია. ბუნებით მდგომარეობაში თავდაცვის საშუალება მაინც აქვს, სუვერენის წინააღმდეგ კი თავს ვერ დაიცავს, რაც აბსოლუტური ფიასკოა. ლოკის აზრით, ხელშეკრულება უნდა დაიდოს მმართველთანაც, ანუ ისიც უნდა გახდეს კონტრაქტის ნაწილი. სწორედ ლოკმა შემოიტანა იდეა, რომ ხალხი არის ყველა ძალაუფლების საფუძველი და სუვერენიც ანგარიშვალდებული უნდა იყოს მათ მიმართ. ლოკთან ხალხი ირჩევს ხელისუფლებას, რომელიც ორი სახისაა: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ჰობსისგან განსხვავებით, ლოკი იმასაც ამტკიცებს, რომ ადამიანი გარკვეულწილად ხელისუფლების წინაშეც ბუნებით მდგომარეობაში რჩება. თუ ხელისუფლება უსამართლოა, ადამიანთა ყვლეფას ეწევა და ადამიანებს უფლება აქვთ მისი გადაყენებისა. ლოკი არ ამბობს იმას, რომ ადამიანებს აჯანყების უფლება აქვთ, ის ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ უკანონო ქმედებები უკვე ნიშნავს თავად ხელისუფლების აჯანყებას ადამიანთა მიმართ, ანუ მმართველი ძალა ამ ქმედებით უკვე არღვევს კონტრაქტს, უჯანყდება ხალხს. თუ ის არღვევს კონტრაქტს, მაშინ ხელისუფლება გადადის ბუნებით მდგომარეობაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ და ახალი ხელისუფლება აირჩიონ. ჰობსთან აბსოლუტური ძალაუფლება, მხოლოდ და მხოლოდ სუვერენის ხელშია, ლოკთან კი ხალხია მთავარი. ლოკის სახელმწიფოს მიზანი არ არის ის, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი, მისი მიზანია ადამიანმა იცხოვროს კანონებში, კანონმორჩილად, შეინარჩუნოს სიცოცხლე და იცხოვროს კომფორტულად.”ბუნებრივი მდგომარეობისკენ” სწრაფვა ადამიანური ბუნების თვისებაა, ხოლო ადამიანი თავისი ბუნებით, ჰობსისა და ლოკის აზრით, ეგოისტი ძუნწი და პოტენციურად აგრესიულია. მხოლოდ სუვერენულ სახელმწიფოს ძალუძს იმპულსების შეკავება და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება. წესრიგის დამყარება კანონის გარეშე შეუძლებელია.

  1. ინდივიდი, მორალი, სახელმწიფო:  მაკიაველის, ჰობსის და ლოკის შეხედულებები

___________ნიკოლო მაკიაველი ადამიანს თავისუფალი ნებელობის მქონე არსებად თვლის, თავისუფალი ნებელობა ვლინდება  მაშინაც, როცა ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ერთსა და იმავე მიზანს სხვადასხვა გზებისა და მეთოდების გამოყენებით. მთავარია რომ ადამიანს მისი მიღწევა სურს საკუთარ მოქმედებაზე დამყარებით და არა აუცილებლობის, ან განგების მოთხოვნათა წარმართვით. ,,ადამიანები ყოველთვის ბოროტნი არიან, თუ კი აუცილებლობა არ აიძულებთ სიკეთის გზა აირჩიონ”. მისი ეს დებულებაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ბუნებრივად ბოროტნი არიან, მათ შეუძლიათ იყვნენ კეთილებიც, მაგრამ სიკეთეს ირჩევს მხოლოდ გამონაკლისი ადამიანთა რიცხვისა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ სიკეთის არჩევას მათ რაღაც აიძულებს. მაკიაველი ადამიანებს მიაწერს ყველა იმ თვისებას, რაც მათში ბოროტების გამოვლენის ფორმებია. ,,ადამიანებზე შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ ისინი უმადურნი, მერყევნი, ორგულნი, ჯაბანნი, ხარბნი არიან”.

მაკიაველის თანახმად, საზოგადოება ვითარდება ბუნებრივი მიზეზებით და არა ღმერთის ნებით. პოლიტიკურ ბრძოლაში მაკიაველს დასაშვებად მიაჩნდა მორალის კანონების უგულებელყოფა, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალებების გამოყენება; ძალაუფლებისათვის ბრძოლაში იგი ამართლებდა მმართველთა სიმკაცრესა და მუხანათობას. მთავარს მოუწოდებს მაკიაველი რომ გამოიყენოს შიში ხელისუფლების განხორციელებისათვის და ქვეშევრდომნიც შიშში უნდა იყოლიოს, მაგრამ ეს შიში სიძულვილში არ უნდა გადაიზარდოს, თორემ შესაძლოა ასეთი მთავარი ქვეშევრდომების მიერ იქნას დამხობილი. თუკი სახელმწოფო ინტერესებია, მაშინ მთავარს მოტყუების უფლებასაც აძლევს, თვლის რომ მთავარმა უნდა იცოდეს ადამიანური მოღვაწეობის მთავარი სტიმულები, უნდა შეისწავლოს და პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს ქვეშევრდომთა მიდრეკილებები და “ადამიანის სულის ფარული სურვილების გამოცნობის უნარის წყალობით” იბატონოს მათზე. მისი აზრით საგანგებო ვითარებაში როცა “ხალხი გარყვნილია” საჭიროა საგანგებო ზომების მიღება. მაკიაველი „მთავარში“ მთავარს ბევრი რამის უფლებას აძლევს, რადგან ის თვლის რომ ხალხს მკაცრად მოპყრობა სჭირდება და, რა თქმა უნდა, თუკი მთავარს სურს ძალაუფლების შენარჩუნება მან ძალ ღონე არ უნდა დაიშუროს, უნდა ჩამოაყალიბოს ძლიერი სახელმწიფო, დათესოს არა სიყვარული და ზიზღი, არამედ შიში, ეს მას მისცემს იმის გარანტიას რომ მის სამთავროში არ მოხდება აჯანყება. მაკიაველის მთავარი და სახელმწიფო ისეთია, როგორიც არიან რეალურად მთავრები და მათ მიერ შექმნილი სახელმწიფოები. ის ხომ სწორედ არსებულ სახელმწიფოებსა და მათ მთავრებს აღწერს და მისი ეს სახელმძღვანელოც გიდია არსებული ისტორიისა.

ჰობსის აზრით, ადამიანებს არ ძალუძთ საზოგადოების გარეშე არსებობა, რომ მათ ამოძრავებს საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი თანშობილი მიდრეკილება თუ მისწრაფება. მართალია, ჰობსი არ უარყოფს იმას, რომ ადამიანები გაერთიანებისაკენ მიისწრაფვიან, მაგრამ სამოქალაქო გაერთიანება არის არა ადამიანთა მარტივი გაერთიანება, არამედ გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია ხელშეკრულებაზე და რომლის მიღწევისათვის აუცილებელია ურთიერთნდობა და შეთანხმება. ჰობსი კვლევის შედეგად ასკვნის, რომ საზოგადოება იქმნება ან სარგებლობის ან დიდების მოპოვების მიზნით. ანუ გამოდის რომ ადამიანებს არა ერთმანეთი, არამედ საკუთარი თავი უყვართ, იმის გამო, რომ ისინი ეძებენ სარგებლობას ისწრაფვიან სახელმწიფოს შექმნისაკენ. ჰობსი ეგოიზმს თვლის ადამიანური საქმიანობა-მოღვაწეობის სტიმულად. თუმცა ეგოიზმის გამო ის ადამიანებს არ კიცხავს და არ თვლის რომ ისინი ბოროტი ბუნების არიან, რადგან ბოროტებით ხასიათდება ადამიანთა არა თვით სურვილები, არამედ ამ სურვილებიდან გამომდინარე მოქმედებათა შედეგები. და ესეც მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ მოქმედებებით ზიანი ადგება სხვა ადამიანებს, თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადამიანები თავისი ,,ბუნებით მოკლებულნი არიან აღზრდას და არ უწყიან განსჯა – გონებისადმი დაქვემდებარება.” იმის გამო, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვთ ერთმანეთთან შეჯიბრებისა და მტრობის მომენტი ეს ქმნის ომის მდგომარეობას. ჰობსს მიაჩნია, რომ  ერთადერთი გამოსავალი სახელმწიფოს შექმნაა, რითიც შეძლებენ თავის დაცვას. ეს მათ მოუწოდებთ, რომ შეინარჩუნონ მშვიდობა და მიეჩვიონ ერთად ერთ სახელმწიფოში, საერთო კანონებით ცხოვრებას.

ლოკის აზრით ადამიანები სახელმწიფოს წარმოშობამდე იმყოფებიან ბუნებით მდგომარეობაში. ამ დროს ადამიანები არიან სრულიად თავისუფლები, არ არიან ვინმეზე დამოკიდებულნი და არ სჭირდებათ არავითარი ნებართვა. ყველაფერი აქვთ თანაბრად და კერძოდ მხოლოდ მაშინ იქცევა თუკი ისინი საკუთარ შომას გაიღებენ. იმისათვის, რათა ბუნებრივ მდგომარეობაში მოქმედი ურთიერთობის კანონები და ნორმები დაცულ იყოს და რეალურად შეეძლოთ ადამიანებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება, ბუნებამ თითოეული ადამიანი დააჯილდოვა უნარით განსაჯოს კანონის დამრღვევი და მიუზღოს მას შესაფერისი სასჯელი. მაგრამ ბუნებით მდგომარეობაში არ არსებობს ორგანოები, რომლებსაც შეეძლებოდათ პირნათლად და სამართლიანად, მიუდგომლად და ობიექტურად გადაეჭრათ ადამიანებს შორის წარმოქმნილი დავა, განეხორციელებინა ბუნებრივი კანონების დამღვევთა სათანადო დასჯა და ა.შ. ლოკის მიხედვით სახელწიფო ესაა ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან მათ მიერვე დადგენილი საერთო კანონის ეგიდის ქვეშ, რის საფუძველზეც ქმნიან ისეთ სასამართლო ინსტანციას, რომელსაც ძალუძს მათ შორის არსებული კონფლიქტების მოგვარება და დამნაშავეთა სამართლიანი დასჯა. კოლექტიურობის ყველა სხვა ფორმისგან სახელმწიფო განსხვავდება იმით, რომ მხოლოდ იგი გამოთქვამს და გამოხატავს პოლიტიკურ ძალაუფლებას, ე.ი. უფლებას საზოგადოებრივი სიკეთის სახელით შექმნას საკუთრების დაცვისა და რეგულირების კანონები , აგრეთვე იმის უფლებასაც საზოგადოების ძალა ამ კანონების აღსასრულებლად და საგარეო თავდასხმებისგან სახელწიფოს დასაცავად გამოიყენოს. სახელმწიფო მის მიერ შემქმნელი ადამიანებისაგან ზუსტად იმდენ ძალაუფლებას იღებს, რამდენიც აუცილებელია და საკამრისი პოლიტიკური გაერთიანების მთავარი მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი კი მდგომარეობს იმაში, რომ ყველას შეეძლოს თავისი სამოქალაქო ინტერესების: ”სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების” უზრუნველყოფა, დაცვა და რეალიზება. გაუკეთოს და ისეთი მატერიალური და გარეგანი დოვლათის ფლობას, როგორებიცაა: ფული, მიწა, სახლი, საოჯახო ნივთები და ა.შ. ყველა ჩამოთვლილ სიკეთეს, ჯ. ლოკმა, ერთი სახელი-საკუთრება უწოდა.

 

  1. ძირითადი განსხვავება ჯონ ლოკსა და თომას ჰობსს შორის ბუნებითი მდგომარეობის გაგების მხრივ. რამდენად და როგორ განაპირობებს ეს განსხვავება მათ მიერ წარმოსახული პოლიტიკური წესრიგის ბუნებას?

___________  ჯონ ლოკისთვის ბუნებითი მდგომარეობა ის მდგომარეობაა რომელშიც ყველა ადამიანი ბუნებრივად იმყოფება. როდესაც თითოეულ ადამიანს აქვს იმის უფლება თავად გადაწყვიტოს რა აკეთოს,-ისე მოიქცეს როგორც მას სურს, რისთვისაც არავისგან არ დასჭირდება მას ნებართვის აღება. ადამიანი აკეთებს ყველაფერს, რაც მისთვის სასარგებლოდ ჩანს ბუნების კანონის საზღვრებში. თავისუფლების გარდა ამ მდგომარეობას ლოკი უწოდებს თანასწორობას, რადგან ბუნებითი მდგომარეობის დროს არავის არ აქვს სხვაზე მეტის უფლება, აქ ყველა ადამიანი თანასწორია. თუკი ბუნებით მდგომარეობაში მყოფი ერთი ადამიანი მიაყენებს მეორეს ზიანს, მაშინ ის იმავეს უნდა ელოდეს რადგან არანაირი გარანტია არ აქვს მას იმისა, რომ იმგვარად არ მოექცევიან, როგორც ის მოექცა მათ. ლოკისგან განსხვავებით ჰობსი ბუნებით მდგომარეობას ძირითადად ნეგატიურ ტერმინებში აღწერს. ჰობსი ამბობს, რომ ბუნებითი მდგომარეობა ხელს უწყობს კომფლიქტების წარმოშობას, თუკი ორ ადამიანს სურს ერთი და იგივე ნივთი მათ შორის უკვე კონფლიქტი წარმოიშვება. ადამიანებს არ აქვთ საერთო ძალაუფლება, რომელიც ყველას მოწიწებით მდგომარეობაში ამყოფებს და თუკი ისინი ასეთ მდგომარეობაში არ იქნებიან, მაშინ იქმნება ომის მდგომარეობა, როცა ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ჰობსი ამბობს:“კაცის ცხოვრება ეულია, ღარიბი,  მწარე, ცხოველური და მოკლე.“ (ლევიათანი-თავი XIII). ამიტომაა რომ ჰობსს სურს ბუნებითი მდგომარეობიდან ადამიანები გადაიყვანოს სამოქალაქო, ანუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. თუკი არ იქნება საერთო ხელისუფლება მაშინ იქ ვერც სამართლიანობასა და უსამართლობაზე იქნება საუბარი, რადგან არ იქნება კანონი რომელიც განსაზღვრავს რა არის უსამართლო და რა სამართლიანი, ბუნებით მდგომარეობაში ხომ ადამიანები აკეთებენ იმას, რაც საჭიროდ მიაჩნიათ. სწორედ ამის გამო თვლის ჰობსი, რომ თუკი ჩვენ გვსურს ვისაუბროთ სამართლიანობასა და უსამართლობაზე მაშინ ბუნებითი მდგომარეობიდან ადამიანი უნდა გადავიყვანოთ სამოქალაქო მდგომარეობაში, სადაც იქნება დადგენილი კანონები რომელსაც დაემორჩილებიან, ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში მათ ეცოდინებათ რომ მოუწევთ პასუხისგება. ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი როგორც ვთქვი თავისუფალია, თუმცა თავისუფლება თვითნებობას არ ნიშნავს, რადგან არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება თავი მოიკლას ან სხვა მოკლას ამას მათ ბუნებითი კანონი უკრძალავს. მათი გონება  კანონია რომელიც კარნახობს რომ ეს ქმედება აკრძალულია. პირველი ბუნებითი კანონი ადამიანს უკრძალავს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფას. პირველი კანონი  მოითხოვს, რომ ყველა ადამიანმა ეძიოს მშვიდობა. ამ კანონიდან კი გამომდინარეობს, მეორე ბუნებითი კანონი .- თუკი სხვა ადამიანებსაც ექნებათ სურვილი, ადამიანი მზად უნდა იყოს მშვიდობისა და თავდაცვისათვის ხელი აიღოს თავის უფლებებზე და დაკმაყოფილდეს იმ თავისუფლებით სხვა ადამიანებთან მიმართებაში, რამდენსაც ის თავის მიმართ დაუშვებს სხვა ადამიანებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ადამიანები კვლავ დარჩებიან ისეთ მდგომარეობაში როცა აქვთ უფლება აკეთონ ის რაც სურთ, ისინი იქნებიან ომის მდგომარეობაში, სადაც მათ არსებობისა და გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ. ჰობსი მოუწოდებს მათ, რომ მოექცნენ ადამიანებს ისე, როგორც მათ სურთ რომ სხვები მოექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ძალაუფლება მეორე ადამიანის მიმართ, მას მაინც არ შეუძლია ისე მოექცეს თუნდაც დამნაშავეს, როგორც მას სურს. მას აქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ დამნაშავეს აანაზღაურებინოს ის ზარალი რომელიც მან განიცადა. ეს მაგალითი ნათელს ხდის, რომ ეს დამნაშავე არ ცხოვრობს ისეთი კანონებით როგორითაც სხვები, ის საფრთხეს უქმნის მათ კანონებსა და უსაფრთხოებას, ამიტომ მათ შეუძლიათ დამნაშავე ისე დასაჯონ რომ საქციელი სანანებელი გაუხადონ, ან სულაც გაანადგურონ. ეს კი მაგალითი იქნება სხვებისთვის რათა არ გაუჩნდეთ სურვილი მსგავსი დანაშაულის ჩადენისა. მსგავს შემთხვევაში, ანუ როცა საფრთხე ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებასა და კანონებს, მათ აქვთ უფლება დასაჯონ დამნაშავე და გახდნენ ბუნებითი კანონის აღმსრულებლები. ცოტა არ იყოს მსგავსი რამ უცნაურია ლოკის მხრიდან, თუმცა კიდევ ერთი არგუმენტი მოყავს, ამჯერად უცხოელზე. მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს კანონები არ ვრცელდება უცხოელზე და სახელმწიფოს არ აქვს უფლება უცხოელი დამნაშავის სიკვდილით დასჯის, მსგავსი შემთხვევები მაინც არსებობს. ამ ყველაფერს კი ლოკი ერთი რამით ხსნის, რომ თუკი ადამიანის წინააღმდეგ იქნება გადაცდენა მას აქვს იმ ადამიანის დასჯის უფლება ვინც მსგავს გადაცდენას ჩაიდენს, არ აქვს ამას მნიშვნელობა ის უცხოელი იქნება თუ არა. მსგასი სასჯელი კი სამაგიეროს მიგება იქნება დამნაშავის მიმართ. ლოკი ამბობს „…ყოველი ქვეყნის სამოქალაქო კანონები, სამართლიანი არიან იმდენად, რამდენადაც ბუნების კანონებს ემყარებიან, რეგულირდებიან და ინტერპრეტირდებიან მის საფუძველზე“.

ბუნებითი მდგომარეობიდან საზოგადოება გადაყავთ სახელმწიფო წყობილებაზე, რის მთავარი მიზეზიც ომისგან თავის დაღწევაა. ომი მაშინ შეწყდება, თუკი იარსებებს ისეთი ძალა, რომელსაც შეგიძლია მიმართო გაჭირვების დროს დახმარებისთვის და ეს დახმარება რეალურად გიხსნის გასაჭირიდან. პოლიტიკური საზოგადოება იქმნება იქ, სადაც  ადამიანთა გარკვეული რაოდენობა უარს ამბობს თავად აღასრულოს ბუნებითი კანონი და ამ უფლებას გადასცემს საზოგადოებას, რომელიც მათი დაზარალების შემთხვევაში დამნაშავეს დასჯის მიღებული კანონების შესაბამისად. ჰობსი სახელმწიფოს შექმნას გარდაუვალ შედეგად მიიჩნევს რადგან, თუკი არ იარსებებს ხალხის უზრუნველსაყოფად საკმარისი ძალაუფლება, მაშინ ადამიანები დაეყრდნობიან საკუთარ ძალას და მოხერხებას სხვა ადამიანებისაგან თავის დასაცავად. საბოლოოდ ლოკიცა და ჰობსიც სახელმწიფოს შექმნის მთავარ მიზეზად ასახელებენ ომის მდგომარეობიდან თავის დაღწევას. თუკი ადამიანები კვლავ ბუნებით მდგომარეობაში დარჩებიან, ისინი ვერ შეძლებენ უსაფრთხოდ ცხოვრებას და საკუთრების შეძენას, რადგან გამუდმებით შიშში იქნებიან და მათი მიზანი მხოლოდ თავის გადარჩენა იქნება. სახელმწიფოს შექმნა აუცილებელია, რათა ადამიანებმა შეძლონ ცხოვრება და საკუთრების შეძენა. მათ უბრალოდ უარი უნდა თქვან ბუნებით კანონზე და გადასცენ თავიანთი უფლებები სახელმწიფოს, რომელსაც შექმნიან და მათ მიანდონ სამართლიანობის აღსრულება.

Leave a Reply