ვოლტერ   ბენიამინი   “ძალადობის   კრიტიკისათვის”

ვოლტერ   ბენიამინი   “ძალადობის   კრიტიკისათვის”

            ძალადობა   თითქმის   ყოველდღიურად   ხორციელდება,   მიუხედავად   იმისა,   რომ   მისი   გამოყენება   არასამართლიანია.   ტექსტი,   რომლის   განხილვასაც   მე   ვაპირებ,   მთლიანად   ეთმობა   ძალადობის   კრიტიკას.   ვოლტერ   ბენიამინი   განიხილავს,   ძალადობის   გამოყენების   სხვადასხვა   მიზეზებს,   თუმცა   ის   მაინც   მიიჩნევს,   რომ   ძალადობის   გამოყენება   არასამართლიანია.   მრავალი   მიზანი   არსებობს,   რომელთა   მიღწევაც   ალბათ   ძალადობის   გარეშე   შეუძლებელია,   თუმცა   ჩნდება   კითხვა:   „ სამართლიანია   თუ   უსამართლოა   თითოეულ   შემთხვევაში   ის   მიზნები,   რომლებთან   მიმართებაშიც   ძალადობა   გამოიყენება   როგორც   საშუალება.“[1]   ამ   შემთხვევაში   მიზნები   მნიშვნელოვანია,   ვინაიდან   თუკი   უსამართლოა   მიზანი,   რა   თქმა   უნდა   ძალადობაც   უსამართლო   იქნება.   თუმცა,   სამართლიანი   მიზნის   შემთხვევაშიც   კი   მიმაჩნია,   რომ   ძალადობა   არასამართლიანია.   ძალადობა   გამართლებულად   მიმაჩნია   მხოლოდ,   მაშინ   თუკი   სხვანაირად   მიზანს   ვერ   მიაღწევ   და,   რა   თქმა   უნდა,   ეს   უნდა   ხორციელდებოდეს   ქვეყნის   ან   ხალხის   კეთილდღეობისათვის. ძალადობა   უსამართლოა   ყველა   შემთხვევაში,   თუმცა   ზოგჯერ   მისი   გამართლება   შესაძლებელია.   უპირველესად   ვისაუბრებ   იმ   ძალადობაზე,   რომელსაც    ბუნებით   მდგომარეობაში   ყოფნის   დროს   სჩადიოდა   ადამიანი,   შემდეგ   უკვე   სახელმწიფოში   ცხოვრების   დროს   განხორციელებული   ძალადობები,   აღვნიშნავ   იმას,   თუ   როდის   ვთვლი   ძალადობას   გამართლებულად   და   ბოლოს   დასკვნის   სახით   კიდევ   ერთხელ   გამოვხატავ   საკუთარ   მოსაზრებას   ძალადობის   სამართლიანობა-უსამართლობასთან   დაკავშირებით.

თავდაპირველად,   როცა   ადამიანები   ცხოვრობდნენ   ყოველგვარი   კანონების   გარეშე,   როცა   მათ   არ   იცოდნენ   რა   იყო   სამართლიანი   და   რა   უსამართლო,   ხშირად   უწევდათ   თავის   გადარჩენის   მიზნით   ძალადობის   განხორციელება.   თომას   ჰობსმა   „ ლევიათანში “   კარგად   აღწერა   ადამიანის   ყოფნა   ბუნებით   მდგომარეობაში.   ადამიანებს   ხშირად   უწევდათ   ერთმანეთთან   ბრძოლა   და   საკუთრების   მოპოვება   ძალადობის   მეშვეობით.   ჰობსი   წერს:          „ თუ   ორი   კაცი   მოინდომებს   ერთსა   და   იმავე   საგანს,   რომელსაც   ორივე   ერთად   ვერ   ფლობს,   ისინი   ერთმანეთს   სამტროდ   ეკიდებიან. “[2]

ამ   დროს   განხორციელდება   ძალადობა   და   გაიმარჯვებს   ის   ვინც   უფრო   ძლიერია,   აქ   არ   იქნება   საუბარი   არც   სამართლიანობასა   და   არც   უსამართლობაზე.   აქ   მთავარია   საკუთარი   თავის   დამკვიდრება   ნებისმიერ   ფასად.   სწორედ   ამიტომ,   ასე   ცხოვრება   საშიშია,   ერთად   ცხოვრება   ძნელია,   თუკი   არ   არსებობს   მათი   შესაკავებელი   არც   ძალა   და   არც   კანონი.                      „ კაცთათვის   სულაც   არ   არის   სასიამოვნო,   პირიქით,   უამრავი   ვაების   მომტანია,   ერთად   იცხოვრონ   ისეთი   ძალის   გარეშე,   რომლის   რიდიც   ყველას   ექნება. “[3]   ასეთ   ვითარებაში   ყოფნა   გულისხმობს   მუდმივ   შიშსა   და   ძალადობაში   ცხოვრებას.   მაგრამ,   ფაქტია   ის,   რომ   ძალადობა   ბუნების   პროდუქტია,   ბუნების   დადგენილება,   რომელიც   ხორციელდება   ნებისმიერ   შემთხვევაში,   არ   აქვს   მნიშვნელობა   ეს   სამართლიანია   თუ   არა.   „ ბუნებითი   სამართლის   თვალსაზრისით,   ძალადობა   ბუნების   პროდუქტია,   ერთგვარი   ნედლი   მასალა,   რომლის   გამოყენებაც   არანაირ   კითხვას   არ   აღძრავს,   გარდა   იმ   შემთხვევებისა,   როდესაც   ძალადობას   ბოროტად,   უსამართლო   მიზნებისათვის,   იყენებენ. “[4]    ამგვარად,   როგორც   უკვე   ვთქვი,   ძალადობა   თავიდანვე   არსებობდა   და   ეს   არა   ადამიანმა   არამედ   ბუნებამ   შექმნა,   ბუნებაც   ხომ   ახორციელებს   ადამიანებზე   ძალადობას   სტიქიური   უბედურებების   სახით,   ხოლო   ადამიანი   ადამიანზე   ცდილობს   ძალადობის   გამოყენებას.   თუმცა,   როცა   ცხოვრობ   სახელმწიფოს   გარეშე,   მაშინ,   „ ძალადობაა   პირველყოფილი   და   ბუნების   ნებისმიერი   სასიცოცხლო   მიზნისათვის   ერთადერთი   შესაფერისი   საშუალება. “[5]   ამ   შემთხვევაში   შესაძლოა   ძალადობა   გამართლებულად   ჩაითვალოს,   ვინაიდან   სხვაგვარად   გადარჩენა   შეუძლებელია,   რადგან   „კაცის   ცხოვრება   ეულია,   ღარიბი,   მწარე,   ცხოველური   და   მოკლე“[6]   ამრიგად,   ბუნებით   მდგომარეობაში   მყოფ   ადამიანებს   არ   გააჩნიათ   ხელისუფლება   და   მაშასადამე,   მათ   არ   აქვთ   არც   კანონი,   ხოლო   „ სადაც   არ   არის   კანონი,   ვერც   უსამართლობა   იქნება. “[7]   აქ   მთავარი   არის   ის,   თუ   ვინ   აღმოჩნდება   უფრო   მეტად   ძლიერი   და   ვინ   შეძლებს   საკუთარი   თავის   გადარჩენას,   ვინც   ამას   შეძლებს   მას   უწევს   უფრო   მეტი   ძალადობის   განხორციელება.   მას   არავინ   მოსთხოვს   პასუხი   აგოს   მის   მიერ   ჩადენილ   ძალადობაზე,   რადგან   არ   არსებობს   კანონები,   ამიტომ   არც   არავინაა   უსამართლო   და   დამნაშავე.

მას   შემდეგ   რაც   ადამიანები   მიხვდნენ,   რომ   სახელმწიფოს   გარეშე   ცხოვრება   რთულია,   რადგან   მათ   უწევთ   მუდმივ   ომში   ყოფნა,   გადაწყვიტეს   შეექმნათ   ხელშეკრულება,   რომლის   მეშვეობითაც   ისინი   დათმობდნენ   და   გადასცემდნენ   მათ   მიერ   არჩეულ   პირს   თავიანთ   გარკვეულ   უფლებებს,   ასე   ისინი   შეძლებდნენ   მშვიდ   გარემოში   ცხოვრებას,   სადაც   არ   მოუწევდათ   ყოველდღიურად   ბრძოლა   გადარჩენისთვის.   როგორც   ჰობსი   ამბობს,   „უფლებების   ურთიერთგადაცემა   არის   ის,   რასაც   ხელშეკრულებას   ეძახიან.“[8] ამ ხელშეკრულებას ბენიამინი „ გონიერ ხელშეკრულებას “[9] უწოდებს. მიუხედავად   იმისა,   რომ   ახლა   უკვე   არსებობს   კანონები,   ძალადობა   მაინც   შემორჩა.   სახელმწიფოს   არსებობა   ძალადობის   გარეშე   მე   წარმოუდგენლად   მიმაჩნია.   ყოველი   სახელმწიფოს   მეთაური   ცდილობს   საკუთარი   საზღვრების   გაფართოებას,   რაც   ძალადობის   გარეშე   გამორიცხულია.   დაპყრობილ   ტერიტორიებს   სჭირდება   შენარჩუნება,   მაგრამ   დაპყრობილი   ხალხი   წყნარად   არ   დაექვემდებარება   თუ   მმართველმა   მათი   თავიდანვე   მოთოკვა   ვერ   შეძლო.     მაკიაველის   „ მთავარში “   ვკითხულობთ   ასეთი   ტერიტორიების   შენარჩუნების   3   საშუალებას.   „ პირველი:   მიწასთან   გაასწორო   ისინი,   მეორე:   პირადად   დასახლდე   იქ,   მესამე:   თავიანთი   კანონების   მიხედვით   ცხოვრების   ნება   მისცე   და   ხარკი   დაადო   მათ,   ხოლო   მმართველობა   მცირერიცხოვან   პირთ   გადასცე,   რომლებიც   შეგინარჩუნებენ   ამ   ქვეყნის   მეგობრობას. “[10]   ასეთ   შემთხვევაში   მე   ძალადობას   ვამართლებ,   რადგან   ეს   ხორციელდება   საკუთარი   ქვეყნის   კეთილდღეობისთვის.   შესაძლოა   ეს   ვინმესთვის   არ   იყოს   სამართლიანი,   მაგრამ   იმ   ქვეყნისა   და   ხალხისთვის   ვის   გამოც   ეს   კეთდება   სამართლიანია.   ბენიამინი   გამოყოფს   ორი   ტიპის   ბუნებითსა   და   პოზიტიურ   სამართალს.   აქედან,   „ ბუნებითი   სამართალი   მიზნების   სამართლიანობის   მეშვეობით   საშუალებების   “გამართლებისკენ“   („rechtfertigen“)   ილტვის,   პოზიტიური   სამართალი   კი   საშუალებების   გამართლებულობის   დადგენით   (Berechtigung)  ცდილობს   მიზნების   სამართლიანობის   “გარანტირებას“. “[11]   ამრიგად,   მნიშვნელოვანია   იყოს   სამართლიანი   მიზნები,   რომლებიც   მიიღწევა   სამართლიანი   საშუალებებით,   თუმცა   შეუძლებელია   ერთდროულად   ყოველთვის   სამართლიანი   იყოს   მიზნებიცა   და   საშუალებებიც.   მაგრამ,   როცა   ეს   ეხება   სახელმწიფოს   მე   ყველა   მიზანი   გამართლებულად   მიმაჩნია,   რადგან   ეს   არ   ეხება   ერთ   რომელიმე   კონკრეტულ   პიროვნებას,   ეს   ეხება   ათასობით   ადამიანს,   რომელთა   დაცვისთვის   ხშირ   შემთხვევაში   აუცილებელი   ხდება   ძალადობის   გამოყენება.  როგორც   მაკიაველის   „ მთავარში “   არის   აღწერილი   ყველა   ქმედება   გამართლებულია   და   ვთვლი,   რომ   მიზანი   ამართლებს   საშუალებას.   მიუხედავად   იმისა,   რომ   მაკიაველის   ეს   სიტყვები   ზუსტად   ასე   არ   აქვს   გამოყენებული   მისი   „ მთავარი“-დან    ამ   დასკვნის   გაკეთება   შესაძლებელია.   მართლაც,   თუკი   გსურს   იყო   წარმატებული   ქვეყნის   წარმატებული   მმართველი,   აუცილებელია   მიზნის   მისაღწევად   ნებისმიერი   საშუალების   გამოყენება,   რადგან   ეს   ამტკიცებს   როგორც   შენს,   ასევე   შენი   ქვეყნის   სიძლიერეს.   მე   ძალადობის   გამოყენებას   ვემხრობი   მხოლოდ   მაშინ,   როცა,   როგორც   ეს   უკვე   ვთქვი,   საქმე   სახელმწიფოს   ეხება.   არსებობს   კიდევ   მეორე   შემთხვევა,   როცა   ძალადობა   ხორციელდება,   ესაა რომელიმე   კონკრეტული   პირის   მიერ,   ასევე   რომელიმე   კონკრეტულ   პირზე ძალადობა.   ეს   სრულიად   არასამართლებრივია.   შესაძლოა   სამართლიანი   არც   ის,   იყოს   როცა   ძალადობა   სახელმწიფოსთვის,   ხორციელდება,   მაგრამ   აქ   საშუალებები   თუ   არა   მიზნები   მაინც   იქნება   სამართლებრივი,   ხოლო   ორ   ადამიანში,   როცა   ერთი   მათგანი   მეორეზე   ძალადობას   ახორციელებს   ეს   შეუძლებელია   სამართლიანი   იყოს.   ყველა   ადამიანი   თანასწორია   და   ამიტომ   მიმაჩნია,   რომ   ყველას   აქვს   უფლება   იმოქმედოს   მხოლოდ   კანონის   მიერ   განსაზღვრული   უფლებით   და   არა   ისე,   როგორც   ეს   მას   სურს.   იმ   შემთხვევაში   კი,   როცა   ირღვევა   ერთი   პირის   თავისუფლება,   საზოგადოებას   შეუძლია   მასში   ჩარევა,   როგორც   მილი   ამბობს,   „ ერთადერთი   მიზანი,   რის   მისაღწევადაც   გამართლებულია   საზოგადოების   ინდივიდუალური   თუ   კოლექტიური   ჩარევა   მისი   ნებისმიერი   წევრის   ქმედების   თავისუფლებაში,   არის   თავდაცვა.“ [12]   ამგვარი   მიზანი   გამართლებულია,   სხვა   შემთხვევაში   საზოგადოებას   არ   აქვს   ჩაერიოს   ინდივიდის   ქმედებაში.   ბენიამინიც   საუბრობს   ერთეულ   პიროვნებებზე   განხორციელებულ   ძალადობაზე   და   ისიც   გაუმართლებლად   მიიჩნევს   იმგვარი   მიზნების   მიღწევას,   რომელიც   ძალადობისკენაა   მიმართული.   „ ერთეულ   პიროვნებას   როგორც   სამართალსუბიექტს   (Rechtssubjekt),   ამ   სამართალ   კავშირებისათვის   დამახასიათებელია   ის,   რომ   არ   დაუშვას   ამ   ერთეულ   პიროვნებათა   ბუნებითი   მიზნების   განხორციელება   არცერთ   იმ   შემთხვევაში,   როცა   ამ   მიზნების   მიღწევა,   სიტუაციის   მიზნობრიობიდან   გამომდინარე,   ძალადობრივი   გზით   იქნებოდა   შესაძლებელი.“[13]   აუცილებელია,   ძალადობა   სამართლის   ხელში   მოექცეს,   წინააღმდეგ   შემთხვევაში   ის   საფრთხეს   შეუქმნის   სამართალს,   რადგან   თუკი   სამართალს   არ   შეეძლება   ძალადობის   აღკვეთა,   მაშინ   სამართლის   არსებობა   კითხვის   ნიშნის   ქვეშ   დადგება,   ამიტომ,   თუკი   არ   გვსურს,   რომ   ძალადობამ   იმოქმედოს   სამართლის   გარეშე,   ის   აუცილებლად   უნდა   შედიოდეს   სამართლის   დაქვემდებარებაში,   მართლაც   საფრთხის   შემცველია   რადგან,   „როცა   ძალადობა   სამართლის   ხელში   არაა,   მას   [ეს ძალადობა]   საფრთხეს   უქადის,   ოღონდ   არა   იმ   მიზნების   გამო,   რომელთაც   შეიძლება   ესწრაფვოდეს,   არამედ   უბრალოდ   სამართალს   გარეთ   არსებობის   გამო.“[14]  ბენიამინს   ძალადობა   არ   მიაჩნია   უბრალო   საშუალებად,   რომლითაც   მიზნის   მიღწევა   იქნება   შესაძლებელი.   „ ძალადობა,   როგორც   თავიდან   ჩანს,   უბრალო   საშუალება   რომ   იყოს   ნებისმიერი   დასახული   მიზნის   მყისიერად   მიღწევისათვის,   მაშინ   ის   თავის   მიზანს   მხოლოდ   მტაცებელი   ძალადობის   (raubende   Gewalt)   სახით   შეასრულებდა. “[15]   არ   ვთვლი,   რომ   ძალადობა   უბრალო   საშუალებაა,   თუმცა   იმასაც   არ   უარვყოფ,   რომ   ეს   ის   საშუალებაა,   რომლის   მეშვეობითაც   უფრო   ადვილია   მიზნის   მიღწევა   ვიდრე   რაიმე   სხვა   საშუალებით,   რადგან   ძალადობით   გაცილებით   ადვილად   შეგიძლია   სისრულეში   მოიყვანო   მიზნები   ვიდრე   უბრალო   მოლაპარაკებით.   როგორც   წესი,   თუ   გინდა   იყო   ძლიერი   ადამიანებში   არა   სიყვარული,   არამედ   შიში   უნდა   დათესო.   როგორც   მაკიაველი   წერს,   მაშინ,   როცა   შიშს   თეს   უფრო   მეტად   ხარ   გარანტირებული,   რომ   არ   გიღალატებენ,   რადგან   „ ადამიანებზე   შეიძლება   ზოგადად   ითქვას,   რომ   ისინი   უმადურნი   არიან,   მერყევნი,   ორგულნი,   ჯაბანნი,   ხარბნი. “[16]   სწორედ   ამიტომ   არ   არიან   ისინი   სანდონი,   შეიძლება   ნებისმიერ   დროს   გიღალატონ   ამიტომ   სიყვარულს   შიში   სჯობს,   ისევე,   როგორც   უბრალო   მოლაპარაკებას,   რომლითაც   ბევრს   ვერაფერს   მიაღწევ,   ძალადობა.

ახლა   კი   მინდა   ძალადობის   მომდევნო   შემთხვევა   განვიხილო.   ვფიქრობ,   ეს   არის   ყველაზე   დიდი   ძალადობა,   რაც   კი   შეიძლება   ადამიანზე   განხორციელდეს,   სიკვდილით   დასჯა.   ადამიანები   ხშირად   სჩადიან   დანაშაულებებს,   ეს   კი   ხდის   აუცილებლობას   სამართლიანობის   აღდგენისა,   თუმცა,   როდესაც   საქმე   სხვისი   სიცოცხლის   ხელყოფას   ეხება   ეს   არის   არა   სამართლიანობის   აღდგენა,   არამედ   რაღაც   ახლის   დამკვიდრება.   „ სიკვდილით   დასჯის   აზრიც   ხომ   არა   სამართალდარღვევის   (Rechtsbruch)   დასჯა,   არამედ   ახალი   სამართლის   დადგენაა   (statuieren).   რამეთუ,   არცერთი   სამართალ   აღმსრულებელი   ქმედებით    (Rechtsvollzug)   სამართალი   ისე   არ   განიმტკიცებს   (bekräftigen)   საკუთარ   თავს,   როგორც   სიცოცხლესა   და   სიკვდილზე   ძალადობის   განხორციელებით. “[17]   თუკი   სამართლიანობის   აღდგენა   გვსურს,   სიკვდილით   დასჯაც   აკრძალული   უნდა   იქნას.  ამრიგად,   სამართლიანობის   აღდგენა   იქნება,   თუ   პიროვნება,   ვინც   დანაშაული   ჩაიდინა   აგებს   პასუხს   მის   მიერ   ჩადენილ   ქმედებაზე   და   თუკი   ის   დასჯილი   იქნება   სიკვდილით,   ეს   არ   იქნება   სამართლიანობის   აღდგენა.   სიცოცხლის   წართმევით   ართმევ   ადამიანს   პასუხისგების   შესაძლებლობას.   ძალადობას,   რომელიც   სიცოცხლეზე   სიკვდილით   იმარჯვებს,   და   რომელიც   სამართალში   ხორციელდება   ბენიამინი   „ ერთგვარ   სიდამპლედ “[18]   მოიხსენიებს.   მართლაც,   თუკი   საქმე   გვაქვს   სამართლიანობასთან   იგი   ყოველგვარი   ძალადობის   გარეშე   უნდა   განხორციელდეს,   წინააღმდეგ   შემთხვევაში,   თუკი   სამართალიც   ძალადობისკენ   იქნება   მიმართული   რა   აზრი   აქვს   ამგვარი   სამართლის   არსებობას,   თუკი   ძალადობა   აღიკვეთება   არა   სამართლით   არამედ   ძალადობით,   მაშინ   დაინერგება   არა   სამართლიანობა,   არამედ   ძალადობა,   ეს   კი   ვფიქრობ,   იმაზე   მეტად   გაართულებს   სიტუაციას   ვიდრე   სამართლის   არსებობის   შემთხვევაში.   მართალია,   რომ   არსებობს   მძიმე   დანაშაულებები,   რომლებიც   ადამიანების   ზნეობას   ეხება,   თუმცა   ეს   არ   გვაძლევს   იმის   შესაძლებლობას,   რომ   სამართალმაც   ძალადობით   უპასუხოს   ქმედებას.   ეს   იმაზე   მეტად   არაზნეობრივი   იქნება,   ვიდრე   დამნაშავის   მიერ   ჩადენილი   დანაშაული.   რადგან   დამნაშავე   არის   ერთი,   ხოლო   სამართლიანობა   უნდა   აღსრულდეს   ქვეყნის   სახელით,   ამიტომ   ვფიქრობ,   აუცილებელია   ზნეობრიობის   შენარჩუნებაცა   და   დაცვაც.

ამრიგად   ძალადობის   ბოლომდე   აღმოფხვრა   შეუძლებელია,   თუმცა   შესაძლოა   მისი   გაკონტროლება   და   შემსუბუქება.   საზოგადოებამ,   რომელმაც   მრავალი   საფეხური   აიარა   იმისათვის,   რომ   დღევანდელ   მდგომარეობამდე   მოსულიყო,   ვფიქრობ,   ისიც   უნდა   შეძლოს,   რომ   ძალადობა   არ   გამოიყენოს   სამართლის   აღსადგენად,   მაგრამ   მე   მაინც   მგონია,   რომ   ჯერ   კიდევ   არ   არის   საზოგადოება   ამისათვის   მზად.   ძალადობა,   რომელიც   თითქმის   ყოველდღიურად   ხორციელდება,   რთულია   ასე   მარტივად   ამოიღო   ხმარებიდან,   მაგრამ,   როგორც   უკვე   ვთქვი,   შესაძლოა   მისი   შემსუბუქება.   სამართლიანობა,   კიდევ   ერთხელ   ვადასტურებ,   რომ   გამართლებულად   მიმაჩნია,   მაშინ,   როცა   ეს   ეხება   სახელმწიფოსა   და   მის   კეთილდღეობას,   მაგრამ   არა   რაიმე   სხვა   შემთხვევაში.   ამავე   დროს,   ყველა   ის   მიზანი,   რომლის   მიღწევის   საშუალებად   ძალადობა   იქნება   გამოყენებული   უნდა   იყოს   დადასტურებული   ამ   მიზნის   სამართლიანობა,   აგრეთვე   თუ   შესაძლებელია,   სამართლიანი   მიზნისთვის   მოიძებნოს   სამართლიანი   საშუალებები   და   ისე   განხორციელდეს.   არ   განხორციელდეს   ძალადობა   სამართლიანობის   აღდგენის   მოტივით,   ვინაიდან   ეს   არა   სამართლიანობის   აღდგენა,   არამედ   ძალადობის   დამკვიდრება   იქნება.   სამართლიანობა   კი   უნდა   არსებობდეს   ძალადობის   გარეშე,   რომლის   წინაშეც   ნებისმიერმა   დამნაშავემ   უნდა   აგოს   პასუხი,   ნებისმიერი   სასჯელით,   მაგრამ   არა   საკუთარი   სიცოცხლით.   ამრიგად   როცა   მიზნებსა   და   საშუალებებს   ეხება   საქმე,   ჯერ   უნდა   იქნას   მათი   სამართლიანობა   დადასტურებული   და   შემდეგ   გამხორციელებული.

[1] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.1

[2] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010   თომას   ჰობსი   „ ლევიათანი “   თავი   XIII   გვ.249

[3] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010   თომას   ჰობსი   „ ლევიათანი “   თავი   XIII   გვ.249

[4] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.2

[5] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.3

[6] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010   თომას   ჰობსი   „ ლევიათანი “   თავი   XIII   გვ.251

[7] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010   თომას   ჰობსი   „ ლევიათანი “   თავი   XIII   გვ.252

[8] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010   თომას   ჰობსი   „ ლევიათანი “   თავი   XIV   გვ.257

[9] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.3

[10] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010   ნიკოლო   მაკიაველი   „ მთავარი “   თავი  V   გვ.136-137

[11] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.3

[12] ჯონ   სტიუარტ   მილი   „ თავისუფლების   შესახებ “   გვ.9

[13] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.6

[14] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.7

[15] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.9

[16] შესავალი   თანამედროვე   აზროვნებაში   წიგნი I   ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   გამომცემლობა,   თბილისი   2010   ნიკოლო   მაკიაველი   „ მთავარი “   თავი  XVII   გვ.181

[17] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.14

[18] ვოლტერ   ბენიამინი   „ ძალადობის   კრიტიკისათვის “   გვ.14

Leave a Reply