რა გავლენას ახდენს ამპარტავნება ადამიანის ცხოვრებაზე

რა გავლენას ახდენს ამპარტავნება ადამიანის ცხოვრებაზე

            ჩვენი დღევანდელი ცხოვრება განსხვავდება რომანებსა თუ დრამებში აღწერილი ცხოვრებისაგან. ადამიანის ფანტაზიას შეუძლია შექმნას შესანიშნავი შედევრი, რომელიც გამოიწვევს მკითხველის აღშფოთებასა თუ აღფრთოვანებას. მას შეუძლია ყველაზე ცუდი ამბავი აღწეროს, თუმცა, რა თქმა უნდა მწერლის ფანტაზიასთან ერთად ეს არის ადამიანის ბუნების ცოდნით გამოწვეული შთაგონება.  პრობლემები, რომლებსაც კითხვის დროს ნათლად ვხედავთ, ვხვდებით, რომ ეს არა მარტო მოქმედ პერსონაჟებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ქონდეს. ალბათ ყველამ ძალიან კარგად იცის, რა რთული ხასიათის მატარებელია ადამიანი, როგორ უცებ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, თანაც ისე, რომ არც დაფიქრდეს, ეს კი ხშირად ისეთივე სავალალო შედეგით მთავრდება როგორც იმ დრამასა და რომანში რომელზე საუბარსაც მე ვაპირებ. ამპარტავნება ისაა რასაც თითქმის ვერავინ ვერ აღწევს ბლომდე თავს, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ადამიანს შეუძლია დაძლიოს ამპარტავნება და იმოქმედოს ცივი გონებით, გონებით რომლითაც გაიაზრებს ყველაფერს და შეძლებს რეალობის აღიარებას. ამ თემაზე მსჯელობისას გამოვიყენებ სოფოკლეს „ მეფე ოიდიპოსსა “ და მაქს ფრიშის „ ჰომო ფაბერს. “ მე მინდა პასუხი გავცე კითხვას, თუ რა გავლენას ახდენს ამპარტავნება ადამიანის ცხოვრებაზე. უპირველესად ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ უჭირს ადამიანს რეალობის აღიარება, შემდეგ განვიხილავ, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ამპარტავნებამ ადამიანი და ბოლოს, დასკვნის სახით ვისაუბრებ ამპარტავნების შედეგებისა და მისი გავლენის შესახებ.

როგორც ვთქვი, უპირველესად ვისაუბრებ იმაზე, თუ რატომ უჭირს ადამიანს რეალობის აღიარება. ცხოვრების სირთულისა და ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად ვხვდებით ამ პრობლემას. როდესაც გსურს რაღაც მოიმოქმედო, თუმცა ხვდები, რომ ეს კარგს არაფერს მოგიტანს, მაგრამ შენ მაინც ჯიუტად იმეორებ ალბათ ასე უნდა მოხდეს ეს არის ჩემი ბედისწერაო, ეს ის არასწორი შეხედულებაა, რომელიც ადამიანს გააჩნია ცხოვრების შესახებ. ალბათ არსებობს ბედისწერა, თუმცა მე იმის თქმას, რომ ყველაფერი წინასწარ დაწერილია არ ვაპირებ, ამის არ მჯერა. მე მიმაჩნია, რომ ბედისწერას თავად ქმნის ადამიანი, მას აქვს ბევრი გზა, მაგრამ ის მხოლოდ ერთს ირჩევს, იმას, რომელიც უკეთესი ეჩვენება. ადამიანს ამპარტავნება უშლის ხელს და უჭირს შეცდომის აღიარება. როცა ვკითხულობთ „ მეფე ოიდიპოსს “ ვხედავთ ბევრ მინიშნებას, რომელიც აქვს მეფეს, თუმცა იგი ცდილობს იმ ფიქრების უარყოფას, რომელიც დაეხმარება რეალობის შეცნობაში. პაზოლინის ფილმში ვხედავთ, რომ ოიდიპოსის პირველი მინიშნება იმის გაგებაა, რომ ის არ არის მათი შვილი ვისთან ერთადაც ცხოვრობს და ვისაც მშობლებს ეძახის. მაგრამ მაშინ, როცა ოიდიპოსი ისმენს წინასწარმეტყველებას ის გარბის იმ მშობლებისგან, რომლებიც სინამდვილეში არ არიან მისი მშობლები. ამ დროს ჩნდება კითხვა, რატომ იქცევა ოიდიპოსი ასე?- ნუთუ ის ეძებს გზას რომლითაც წინასწარმეტყველებას აღასრულებს. რატომ არ დაფიქრდა იმაზე, რომ ის ნაშვილებია და ამ მშობლებს მისგან საფრთხე არ ელოდათ, რატომ არ მივიდა და არ კითხა მათ ამის შესახებ? მართალია ამ პერიოდის ნაწარმოებებში საუბრის პრობლემა იყო, მაგრამ ალბათ მაინც შეეძლო ოიდიპოსს რამე რომ მოემოქმედებინა, თუმცა მან გაქცევა და სხვა გზის ძიება არჩია. ოიდიპოსს, რომელმაც იცის, რომ მოკლავს მამას, ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ გზაში ვინმე არ მოკლას. მაგრამ პაზოლინთან კარგად ჩანს, რომ ის კლავს მეფეს, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გამეფების შემდეგ არც კი უჩნდება ეჭვი, რომ მან მეფე ლაიოსი მოკლა, მისთვის ის სამოსი, მეფის გვირგვინი რომლის მატარებელიც თავად იყო და ამავე დროს ის კაცი, რომელიც მოკლა, მგონი ყველაფერი აშკარა უნდა ყოფილიყო, თუმცა თვალებზე ბინდის გადაკვრა და ფიქრების განდევნა ბევრად ადვილი აღმოჩნდა მისთვის, ისევე, როგორც ვოლტერისთვის, რომელიც ზაბეტს მის ყოფილ საცოლეს ამსგავსებდა.

მოკლედ აღვწერ ვოლტერის ისტორიას, რათა მის შესახებ მცირე წარმოდგენა მაინც შეგექმნათ, ვოლტერს ერთ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, მის ცოლად შერთვასაც ფიქრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ორსულობის შესახებ შეიტყო, რატომღაც უკან დაიხია და გაიქცა. მისი საცოლე ვოლტერის მეგობარს გაჰყვა ცოლად და შვილიც ერთად აღზარდეს. წლების შემდეგ, მოგზაურობისას ვოლტერი სრულიად შემთხვევით გაიცნობს მომხიბვლელ გოგონას, სახელად ზაბეტს. ეს გოგო მისი შვილის ასაკისაა და თანაც ვოლტერი როდესაც მას უყურებს, მასში ხედავს მის ყოფილ საცოლეს, მსგავსებას პოულობს, მაგრამ რა თქმა უნდა მას ეს საერთოდაც არ აინტერესებს, მისთვის მთავარია, როგორმე მოხიბლოს ზაბეტი. ეს ასეც ხდება და მამა-შვილი ერთად დიდ დროს ატარებენ, მათი ურთიერთობაც საზღვრებს ცდება. ზაბეტი დედის სახელსაც ეუბნება ვოლტერს, მაგრამ არც ეს არ ახევინებს უკან მას და პირიქით, უფრო მეტად ცდილობს მასთან დაახლოებას. ერთხელაც, პლიაჟთან ახლოს ღამის გათენების შემდეგ ელიზაბეტი შემთხვევით წაიქცევა და თავს ქვაზე დაარტყამს, მისი საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ, ვოლტერი ხვდება მის ყოფილ საცოლეს, ზაბეტის დედას და აი მაშინ კი, როცა რეალობა შეუცვლელი იყო ვოლტერს მისთვის თვალის გასწორება მოუწია. ზაბეტი გარდაიცვალა, ვოლტერი ჭკუიდან შეიშალა.

ვოლტერმა არც მაშინ აღიარა რეალობა, როცა ზაბეტის დედის სახელი გაიგო. ჰომო ფაბერის კითხვის დროს, ვკითხულობდი ვოლტერის ფიქრებზე, როცა მას ქონდა ეჭვი ზაბტის შესახებ, რომ ის მისი შვილი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ეს დანამდვილებით არ იცოდა, მაგრამ, მაინც არ დაანება მასთან ურთიერთობას თავი, იმიტომ, რომ ის ზაბეტთან თავს კარგად გრძნობდა, მისთვის მთავარი სწორედ ის მომენტები იყო, რომელსაც ახალგაზრდა გოგოსთან ატარებდა, იმ შედეგებზე, კი რომელიც შეიძლება მოყოლოდა არც უფიქრია. მისთვის რთული აღმოჩნდა რეალობის აღიარება, ეს ხომ ზოგადად ასეა, ადამიანს უჭირს იმ რეალობისთვის თვალის გასწორება, რომელიც მისთვის მიუღებელია, სადაც ის თავს არაკომფორტულად გრძნობს. ამპარტავნება არ აძლევდათ მათ იმის საშუალებას, რომ სწორად ემოქმედათ, მათი ფიქრების განდევნა იწვევდა მათ იმ ქმედებებს, რამაც ცუდ შედეგამდე მიიყვანა, როგორც ისინი, აგრეთვე მათ გარშემო მყოფი ადამიანები.

ახლა კი მინდა ვისაუბრო სწორედ იმაზე, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ამპარტავნებამ ადამიანი. ამპარტავნება ხშირად ღუპავს ადამიანს, მე დაღუპვაში ფიზიკურ გარდაცვალებას არ ვგულისხმობ, მე მასში სულიერ დაცემასა და განადგურებას მოვიაზრებ, ჩემთვის კი სულიერი დაცემა დაღუპვის ტოლფასია. ჩემი ნახსენები ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით, რომ ადამიანი, რომელიც განდევნის ფიქრებს, რაც მას რეალურ სიტუაციას უხსნის და ცდილობს მასში გაარკვიოს, ის აუცილებლად დაიღუპება. მას ამპარტავნება იმდენად აქვს ხასიათში გამჯდარი, რომ ჰგონია, იმ ფიქრებს შეცდომაში შეჰყავს და რომ რეალობა სხვაა და იმაზე უკეთესი, ვიდრე ამას ფიქრები წარმოადგენენ. ამის გამო კი მე ვნახე 2 პერსონაჟის დაცემა, ოიდიპოსის, რომელმაც თვალები საკუთარი ხელით დაითხარა და ვოლტერი, რომელიც საავადმყოფოში აღმოჩნდა. მაშინ, როცა ვკითხულობთ ოიდიპოსის ფიქრებს, მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით, როცა ვკითხულობთ ტირესიასა და ოიდიპოსის დიალოგს, ვხვდებით, რომ მეფე არ აღიარებს იმ რეალობას რომელშიც იმყოფება. ის რეალობას აკლებს იმას, რაც არ სურს რომ არსებობდეს, რაც მას ხელს შეუშლის ბედნიერებაში, თუმცა საბოლოოდ კარგად ვხედავთ, რომ მისი ეს ქმედებები მისივე დაღუპვას უწყობს ხელს. მართალია, რთულია გადაწყვეტილების მიღება, მაშინ, როცა თავად ხარ რთულ სიტუაციაში, თუმცა საღად აზროვნების უნარი ვფიქრობ, ადამიანმა არასოდეს არ უნდა დაკარგოს, რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ გარე პირი უფრო ნათლად ხედავს შექმნილ ვითარებას და მის ანალიზსაც კარგად აკეთებს, ვიდრე ამ ვითარებაში მყოფი, მაგრამ მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ გავამართლო ან ოიდიპოსი ან ვოლტერი, ვინაიდან ისინი ხვდებოდნენ რეალურ პრობლემას, მათ იცოდნენ რა ხდებოდა მათ თავს, თუმცა ამას ამპარტავნების გამო არ აღიარებდნენ, ეს კი მხოლოდ მათივე ბრალია და არა სხვების. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეძლოს ადამიანმა რეალურ სიტუაციაში გამორკვევა და რაც მთავარია, არ შეეცადოს მის უგულვებელყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ოიდიპოსი თვალებს ითხრის და ამით ცდილობს შეცდომების გამოსყიდვას, მე მაინც ვთვლი, რომ მას შეეძლო რომ ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა. ყველაზე საინტერესო კი ისა, რომ ყველაფერი ეს გვაჩვენებს არა მარტო ერთი ადამიანის, არამედ საზოგადოებაში არსებულ პრობლემას, ეს არის არა ერთის, არამედ ყველას პრობლემა.

ისევე, როგორც ნაწარმოებებში, რეალურ ცხოვრებაშიც უჭირთ ადამიანებს შეცდომებისა და მცდარ გზაზე დგომის აღიარება. ეს ალბათ მათი დამარცხების აღიარება იქნებოდა, მე არა, მაგრამ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ალბათ ამგვარად ფიქრობენ. ამპარტავნება, ადამიანს ართმევს იმის შესაძლებლობას, რომ ერთი შეცდომის შემდეგ მეორე აღარ დაუშვას, ის გამუდმებით უბიძგებს მას მცდარ გზაზე სიარულისაკენ. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია რეალობისთვის თვალის გასწორება, სწორედ ისევე ასრულებს ცხოვრებას, როგორც ოიდიპოსი და ვოლტერი. მე არ ვამბობ იმას, რომ ინცესტის შემთხვევები ძალიან ბევრია, ჩემთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არა ინცესტი, არამედ ადამიანის ის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ექმნება მაშინ, როცა მის გონებას მართავს ამპარტავნება. ამპარტავნება, შეიძლება ითქვას, რომ სენია, რომელსაც რთულად თუ დააღწევ თავს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, ადამიანი იმდენად სუსტი და ამავე დროს ამპარტავანი არსებაა, რომ მისთვის მთავარია დატკბეს, შეირგოს ის ყოფა რომელიც რაღაც მომენტში აქვს, ხოლო შედეგი, რომელიც შეიძლება მის ყოველ ქმედებას მოჰყვეს მეორეხარისხოვანია. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი სუსტია, ამპარტავნება ახდენს მასზე დიდ გავლენას. ადამიანი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ის შეცდომას არ უშვებს, რომ ის ფიქრები, რაც თავში უტრიალებს ტყუილია და ცდილობს მისთვის ბედნიერების წართმევას. მიმაჩნია, რომ ყოველმა ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ფიქრებს, რომელიც რეალობასთან ახლოსაა, რომელიც მას ეხმარება სიტუაციის გაცნობიერებასა და გაანალიზებაში. ფიქრების უკუგდება, ნიშნავს იმას, რომ შენ არ გსურს აგო პასუხი შენს ქმედებებზე, მარტო იმიტომ, რომ ეს შენთვის მიუღებელია. მაგრამ, როგორც ვნახეთ ვერც ოიდიპოსმა და ვერც ვოლტერმა ვერ გაუძლო ფიქრების ზემოქმედებას და იწვნიეს მათივე ამპარტავნების შედეგი. სწორედ ეს ელის ნებისმიერს, ვინც ცხოვრების მეგზურად ამპარტავნებას აირჩევს. ამპარტავნების გავლენა ადამიანზე ძალიან დიდია, მაგრამ რეალობას როგორც არ უნდა ეცადო ვერ გაექცევი, ის აუცილებლად დაამტკიცებს მისი არსებობისა და სიძლიერის სინამდვილეს.

Leave a Reply