მივყავართ თუ არა ცოდნას უკიდურესობამდე

ანატოლ ფრანსი-“ანგელოზთა აჯანყება”

მივყავართ თუ არა ცოდნას უკიდურესობამდე

 “”ფიქრო საით მიგყავარ?” აკი ყველამ უწყის, რომ

აზროვნებას ზიანი მოაქვს და ჭეშმარიტი სიბრძნე

იმაში მდგომარეობს, არაფერზე იფიქრო ხოლმე.”

აზროვნება, სწორედ ისაა რითიც ადამიანი ცხოველისაგან განსხვავდება. მისი არსებობისთვისა და სამყაროს უკეთ შესწავლისათვის ცოდნის შეძენა და აზროვნება გარდაუვალი პროცესია. ჩემთვის ეს ყოველივე საკვებზე ღირებულია, რადგან მათი მეშვეობით ბევრ ახალ რაღაცას ვგებულობ, ვაკეთებ ბევრ აღმოჩენასაც, რომელზეც აქამდე არავის არც უთქვამს და არც დაუწერია, ეს კი უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ მეტი წავიკითხო და მეტად ვიაზროვნო. ყველა ადამიანი ცოდნას სხვადასხვაგვარად ღებულობს და რა თქმა უნდა, მისი აღქმაც სხვადასხვაგვარად ხდება. მე ვიტყოდი, რომ ცოდნას მივყავართ უკიდურესობამდე. მიღებული ცოდნა ჩვენს აზროვნებას თავდაყირა აყენებს. ჩვენ ვაზროვნებთ და ვსაუბრობთ ისე როგორც წავიკითხეთ, ანუ ჩვენი სამეტყველო და სააზროვნო ენა მთლიანად წიგნის ენას ერგება.

შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ცოდნას მსგავსი რამის გაკეთება არ შეუძლია, რაც ბადებს კითხვას, თუ რატომ ვამბობ ამას, სად ჩანს ის, რომ ცოდნას მივყავართ უკიდურესობამდე?! -ცოდნის მიღებისას, ჩვენ უამრავ ახალ და მნიშვნელოვან რამეს ვგებულობთ, ეს კი გვიბიძგებს იმისაკენ, რომ შევცვალოთ ის გარემო და ადამიანები, სადაც ვიმყოფებით. ძალიან ბევრ წიგნშია საუბარი იმაზე, რომ ცოდნა მართლაც გზაა უკიდურესობისაკენ. ახლა საუბარი მექნება ანატოლ ფრანსის „ ანგელოზთა აჯანყებაზე“, თუმცა, აუცილებლად განვიხილავ იმ სხვა ნაწარმოებებსაც, რომელშიც ცოდნა უკიდურესობის გზაა.  “ცოდნავ, საით მიგყავარ? საით მიმაქროლებ, ფიქრო?”

ტექსტის წაკითხვის შემდეგ, აუცილებლად დაფიქრდებით თქვენც იმაზე, თუ რამხელა ძალა აქვს ცოდნას. თქვენთვის ამოუხსნელ ამოცანად დარჩება, თუ რა შეუძლია უქნას ადამიანს ცოდნამ. როცა, ანატოლ ფრანსი აღწერს ანგელოზის აზროვნებაში მომხდარ ამგვარ რევოლუციას, შეუძლებელია დარწმუნებით თქვა რა ელის ადამიანის აზროვნებას, თუკი ის  არკადის მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება. ანგელოზის აზროვნება თავდაყირა დადგა, მას ყველაფერი რაც სინამდვილე ეგონა და რასაც ემსახურებოდა სიცრუე აღმოჩნდა, წაკითხულიდან დაასკვნა მან, რომ მას იმაზე მეტი შეეძლო ვიდრე აკეთებდა. თუმცა, ამასთანავე მას ვერ გაერკვია რა იყო სიმართლე და რა არა, რაც მისთვის დიდი არეულობის მომტანი იყო. მორისსა(მისი ანგელოზია არკადი) და მის საყვარელს(ქალბატონ დეზ ობელს) როდესაც ეჩვენა ანგელოზი, უთხრა მათ:-

“-კაცო, მომაპყარ ყურნი; დედაკაცო, ისმინე ჩემი ხმა. მე მოველ, რათა გაგიცხადოთ საიდუმლო, რომელზედაც სამყაროს ბედი ჰკიდია. მე აღვსდექ იმის წინააღმდეგ, ვისაც ყველა ხილული თუ უხილავი საგნების შემოქმედად რაცხთ; მე ვამზადებ ანგელოზთა აჯანყებას.”

ანგელოზი, რომელიც აქამდე ღვთის სამსახურში იყო, ახლა უკვე მისი მოწინააღმდეგეა, ეს ყოველივე კი იმ წიგნების წაკითხვამ განაპირობა რომელიც მან ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა. საინტერესოდაა აღწერილი, რომ თავად ანგელოზი ყურადღებით არჩევდა წიგნებს და თანაც მათ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით კითხულობდა. ამან გაუადვილა კიდეც ფიქრი, ვინაიდან ყველაფერს ეცნობი ეტაპობრივად და იძენ უფრო და უფრო მეტად აზროვნების უნარს. ის ბიბლიოთეკა სადაც ანგელოზი აღმოჩნდა შეიძლება ითქვას, რომ წიგნის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე იქნებოდა. მთელი დღეები იჯდა და კითხულობდა, ამან კი მისი შეცვლა გამოიწვია. მაშინ, როცა ბევრს ვკითხულობთ, იცვლება ჩვენი საუბრის სტილიც, ჩვენ  ვსაუბრობთ წიგნის ენით ზუსტად ისევე როგორც მორისის ანგელოზი საუბრობდა. ციტატებით, წიგნის სახელით და თავებით .  “…იხილეთ თუნდაც ნეტარი ავგუსტინე, ჭეშმარიტი რწმენისათვის”, თავი XIII;    წმინდა გრიგოლი, “სწავლანი”, თავი XXIV…”  საკუთარი მოსაზრებების ნაცვლად სხვის მოსაზრებას გამოვთქვამთ, რადგან წაკითხვისას მოგვეწონა. ყველაფერი ეს ცუდად ისახება ადამიანის მდგომარეობაზე, თუმცა, მე მინდა ვთქვა ისიც, რომ ცოდნის გარეშე არსებობა არარსებობის ტოლფასია .ცოდნა ეს არის ადამიანის ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი ატრიბუტი, რომელიც მას ეხმარება არსებობასა და საკუთარი თავის შეცნობაში. ეს არის ის რაც უღვივებს ადამიანს მეტის გაგებისა და შესწავლის სურვილს. ცოდნა არის უნარი გაიგო ის, რაც ბევრისთვის დაფარულია. მაგრამ, ამასთანავე ისიც უნდა ვთქვა, რომ ზედმეტი ცოდნა გზაა უკიდურესობისაკენ. ცოდნა საფრთხის ქვეშ აყენებს რწმენას. სწორედ ამის ნათელი მაგალითია ანატოლ ფრანსის „ანგელოზთა აჯანყება.“

ანგელოზმა, როგორც ვნახეთ განაცხადა, რომ ის შემოქმედს უწყობს აჯანყებას,რატომ მოხდა ეს? ნუთუ ცოდნას მხოლოდ ცუდი მოაქვს?!- არა! ცოდნა, როგორც დადებითად ასევე უარყოფითადაც აისახება ადამიანის აზროვნებაზე. ჩვენ არ შეიძლება ეს ყოველივე ისე გავიგოთ, როგორც ორი უკიდურესობა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ვერ აღწევენ ამას თავს, ცოდნას მიყავს უკიდურესობისაკენ. ყველაფერს სჭირდება საზღვრები. არისტოტელე ამბობს, რომ ადამიანმა ყველაფერში შუალედი უნდა დაიცვას, ზედმეტი არაფერი არ ვარგა. ეს მართალია, ვინაიდან ყველაფერ ზედმეტს ჩვენთვის ზიანის გარდა სხვა არაფერი არ მოაქვს.

არკადი, მორისის ანგელოზი ისეთ ბიბლიოთეკაში აღმოჩნდება სადაც უძველესი წიგნები ინახებოდა და აი სწორედ აქ დაიწყო მისი აზროვნების ცვლილება. მან ბევრი წაიკითხა ამ ბიბლიოთეკიდან და მორისთან დიალოგიც ჰქონდა, მათ შორის ძალიან საინტერესო საუბარი გაიმართა, სადაც კარგად დაინახავთ ანგელოზის რადიკალურ ცვლილებას.

„ – მე დავეუფლე ძველი აღმოსავლეთის, საბერძნეთისა და რომის სიძველეთ. სულ გადავყლაპე თეოლოგები, ფილოსოფოსები, ფიზიკოსები, გეოლოგები, ბუნებისმეტყველნი. ვისწავლე, ვიფიქრე და რწმენა დავკარგე.

-როგორ ღმერთი აღარა გწამთ?

-მწამს, რაკი ჩემი არსებობა მის არსებობაზეა დამოკიდებული და თუკი ის აღარ იარსებებს, მეც არარსებობაში ვინთქმები. მე ისე მწამს იგი, როგორც სილენებსა და მენადებს სწამდათ დიონისე და იმავ საბაბით მწამს ებრაელთა და ქრისტიანთა ღმერთი. მაგრამ ის კი აღარ მჯერა, რომ სამყარო მისი შექმნილია. დიდი-დიდი მისი მცირე ნაწილი თუ მოაწესრიგა და ყოველივეს, რასაც შეახო ხელი, არაგამჭრიახი და უხეში გონების დაღი აზის. მე არ მიმაჩნია, რომ იგი უსასრულოა და მარადიული, რადგან უაზრობაა წარმოიდგინო არსება, რომელსაც დასასრული არა აქვს სივრცესა და დროში. მე იგი შეზღუდული მგონია, ერთობ შეზღუდული. აღარა მწამს, თითქოს იგი ერთი ღმერთი იყოს; ძალიან დიდი ხანია, თვითონაც არ სწამს ეს ამბავი: ჯერ პოლითეისტი იყო. მოგვიანებით მზვაობრობამა და თაყვანისმცემელთა ლიქნამ მონოთეისტად აქცია. თანმიმდევრული აზრები არ აქვს; ნაკლებ ძლიერია, ვიდრე ჰგონიათ. სიმართლე თუ გნებავთ, ღმერთი კი არადა, ერთი უვიცი, უქმი დემიურგია[1]*. ვინც ჩემსავით იცნობს მის ჭეშმარიტ ბუნებას, იალდაბაოთს ეძახის.

__როგორა ბრძანეთ?

__იალდაბაოთს-მეთქი.

__რას ნიშნავს იალდაბაოთი?

__აკი გითხარით: ესაა დემიურგი, რომელსაც გონება-დავსილნი როგორც ერთ ღმერთს, ისე ეთაყვანებით.

__ეჰ, ჩემო საბრალო არკად, ვწუხვარ, რომ ასეთ ცუდ გზას დასდგომიხართ. თუმცა, მგონი, ჩვენი გამასხარავება გაქვთ განზრახული. იმას კიდევ დაგიჯერებდით, რომ გეთქვათ, ცა ქალის გულისთვის დავტოვეო. მაგრამ ვერასოდეს დამარწმუნებთ, რომ თქვენ, ვინც პირისპირ სჭვრეტდით უფალს, ახლა მამილო სარიეტის წიგნებში ჰპოვეთ ჭეშმარიტება. არა, ამას ჩემს დღეში ვერ დავიჯერებ.

__ჩემო ძვირფასო მორის, ლიუციფერიც პირისპირ უჭვრეტდა უფალს, მაგრამ მაინც უარი თქვა მის სამსახურზე. რაც შეეხება ჭეშმარიტებათ, წიგნებში რომ მოიძევება, ისინი ხანდახან გვახვედრებენ, როგორი არ არიან საგნები, თუმც თავის დღეში არ გვეუბნებიან, როგორი არიან სინამდვილეში. “

ცვლილება, რომელიც ანგელოზმა განიცადა ერთი შეხედვით დაუჯერებლად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა, თუკი დღევანდელ ადამიანებსაც გავიხსენებთ, მათ ვინც მსგავს წიგნებს კითხულობს, ამგვარად იქცევიან. მაგრამ ადამიანისგან განსხვავებით ანგელოზი აღიარებს იმას, რომ მას სწამს ღმერთი, ვინაიდან მისი არსებობა სწორედ მასზეა დამოკიდებული. ადამიანები კი უბრალოდ ირგებენ ათეისტის როლს და მორჩა აქ ჩერდებიან, მეტად განვითარება აღარ სურთ. როდესაც ადამიანი რწმენას კარგავს, ის აქ არ უნდა გაჩერდეს, ის ვინც ეძებს, აუცილებლად პოულობს იმას, რისკენაც ისწრაფვის. ანგელოზიც სამწუხაროდ გაჩერდა, მან შეწყვიტა ძიება და შეუდგა ანგელოზთა აჯანყების მზადებას. დამეთანხმებით ალბათ, თუ ვიტყვი, რომ რწმენის დაკარგვა არ არის მარტივი რამ, არა მგონია ესე უბრალოდ ადგე და თქვა აღარ მწამსო. ყველაფერს ფიქრი ესაჭიროება, რასაც ვკითხულობთ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. წიგნი გაძლევს მეტი შემეცნების შესაძლებლობას, ის გაძლევს შანსს გაიგო, თუ როგორ ფიქრობდნენ სხვადასხვა ეპოქის ადამიანები, მაგრამ, ყოველივე ეს დაუფიქრებლად არ უნდა მიიღო ისე, როგორც წერია. ანგელოზი, რომელიც ღმერთის პირისპირ იმყოფებოდა, ერთმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა.  ის დაეუფლა ისეთ წიგნებს, რომელთა წასაკითხადაც, ვფიქრობ, მზად არ იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ანგელოზი საუბრობდა ისე, როგორც წიგნებში ეწერა, თანაც უთითებდა, რომ ამა და ამ წიგნში, ამა და ამ თავში ასე წერია, აქ არსად არ ჩანს ის, თუ რეალურად რას ფიქრობს თავად ანგელოზი. მან მიიღო ინფორმაცია, თუმცა, არც გადაამოწმა და არც დაფიქრებულა იმაზე, შეიძლებოდა თუ არა, რომ ის ყოველივე, რაც მან წიგნებში ამოიკითხა სიმართლე ყოფილიყო.

ალბათ წუთით გაჩერდებით და დაფიქრდებით, თუ რას ფიქრობთ ხოლმე თქვენ კითხვის დროს. მე ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ, თუმცა არასოდეს მომსვლია აზრად რწმენის დაკარგვა. ადამიანები ბოლომდე ვერასოდეს ვერ ახსნიან იმას, თუ საიდან ან როგორ გაჩნდა სამყარო და მასზე სიცოცხლე. სამყაროში ყველაფერი ისეა მოწესრიგებული, რომ შეუძლებელია ეს თავისით მომხდარიყო, ამას ხომ უნდა ქონდეს რაღაც ახსნა, მაგრამ ეს ადამიანთა გონებისთვის მიუწვდომელია. თანაც ადამიანი ხომ ნაკლოვანი არსებაა, მის შესაქმნელად საჭირო იყო სრულყოფილება, ეს კი მხოლოდ ღმერთს შეიძლება რომ ჰქონდეს. თუკი ჩვენ არ დავფიქრდებით წაკითხულზე, წარმოიდგინეთ რა დაემართება ადამიანს, მაშინ, როცა თავად ანგელოზმა ამგვარი გადატრიალება განიცადა. მან დაკარგა რწმენა ვინც ღმერთს პირისპირ ჭვრეტდა და ადამიანისთვის ხომ უფრო ადვილი იქნება, მას ხომ ღმერთი არ უჭვრეტია. ეს სწორედ ის უკიდურესობაა რომელშიც ადამიანი უთუოდ გადავარდება თუკი ცოდნას საზომს არ დაუყენებს. ადამიანს არ აქვს იმის გარანტია, რომ ის დაცულია ამ უკიდურესობისაგან, ანგელოზიც ვერ წარმოიდგენდა ამას მანამ, სანამ თავად არ აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში. წიგნებს ხშირად შეცდომაში შევყავართ, ჩვენ არ ვიცით, ის რაც წერია რეალურად იყო თუ არა. ვერ გავარჩევთ სინამდვილეს სიცრუისაგან რადგან ყველაფერი ეს ისეა შეფუთული, რომ ამის ერთმანეთისგან გამიჯვნა თავად ანგელოზსაც კი გაუჭირდა, რადგან წიგნები არასოდეს ამბობენ თუ როგორი არიან საგნები სინამდვილეში, ამის გარკვევა ჩვენ თავად გვიწევს, რა თქმა უნდა, იმის გამოყენებით რაც წიგნში წავიკითხეთ, ანუ როგორი არ არიან საგნები, გვახვედრებენ, თუ როგორი შეიძლება იყოს ის სინამდვილეში.

არკადი მის მეგობარს, ციურ სულსაც შეხვდა, მასთან საუბრის დროს კი მან თქვა.   –„ ბუნება რომ შევისწავლე, შევნიშნე, რომ იგი მუდმივ წინააღმდეგობაშია ბატონის მოძღვრებასთან, რომელსაც ვმონებდი. ეს ქებასდახარბებული ბატონი ეხლა უმადურ, ბრიყვ და სასტიკ ტირანად მეჩვენა. უარვყავ, დავგმე და მასთან შებმის წყურვილით ვიწვიო. მისი დამხობის მოწადინეს განზრახული მაქვს ხელახლა ავაჯანყო ანგელოზებიო. ომი მწყურია და გამარჯვების იმედი მაქვსო. “  არკადის სიტყვები კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ წიგნებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანიც მასავით შეუდგება ხიფათის ძიებას და გადაწყვეტს შეებრძოლოს მას, ვისთანაც აუცილებლად დამარცხდება.

არკადი თვლის, რომ „ ადამიანები აღმერთებენ დემიურგს, რომელმაც მათ სიკვდილზე უარესი სიცოცხლე განუწესა და სიცოცხლეზე უარეს სიცოცხლისათვის გაწირა. “  ის ანგელოზებს, რომლებიც მიწაზე ცხოვრობენ ადამიანთა შორის მოუწოდებს, რომ მასთან ერთად მოაწყონ აჯანყება, რადგან  წიგნების კითხვის შემდეგ დარწმუნდა, რომ ღმერთი ისეთი არ ყოფილა, როგორიც აქამდე ეგონა. არკადი გამუდმებით იმას საუბრობდა რაც დიდებულ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა, ის აუტანელიც კი გახდა, მორისთან გამუდმებით კამათი ჰქონდა და მას შეჰყვირა კიდეც, -„ არკად, როცა თქვენს სჯა-ბაასს ვუსმენ, მიხარია, სწავლული რომ არა ვარ. “   ალბათ, მორისისთვის ამგვარი საუბარი ადამიანისგან უფრო ადვილი მოსასმენი იქნებოდა ვიდრე ანგელოზისგან, შეუძლებელია წარმოიდგინო, აჯანყდეს ანგელოზი, რომელიც ღმერთს პირისპირ ჭვრეტს.

სხვა ბევრი საინტერესო რამის ამოკითხვაა შესაძლებელი ამ წიგნში და მერწმუნეთ მათ, ვისაც არ წაგიკითხავთ წინ გაქვთ დიდი სიამოვნება, ეს ის წიგნია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, ბოლოს კი ანგელოზის სიტყვებით დავასრულებ, სადაც შეიძლება ამოვიკითხოთ, როგორც დანაშაულის გრძნობა ანგელოზში, რომელიც კაცად ქცევის შემდეგ გაჩნდა მასში და აგრეთვე ბედნიერებაც, ვინაიდან მან მეტის გაგება და შეცნობა შეძლო.

„ მე უმანკო ვიყავ. კაცად ვიქეც თუ არა, მაშინვე ბოროტება ჩავიდინე და უკეთესიც გავხდი. “

დაუწესეთ საზღვრები ცოდნას, თუ გსურთ, რომ უკიდურესობამდე არ მიხვიდეთ, როგორ ეს მორისის ანგელოზს, არკადს დაემართა. როგორც არისტოტელე იტყოდა ნაკლებობაცა და სიჭარბეც, ორივე ერთნაირად სპობს ადამიანის სულს. თუკი გვინდა, რომ ჩვენი რწმენა არ დადგეს საფრთხის წინაშე და არ ჩავიდინოთ ისეთი რამ, რაც აუცილებლად გაგვანადგურებს,  დავუდგინოთ ცოდნას საზღვრები.

[1] დემიურგი-გნოსტიკოსები(ქრისტიანობის I საუკუნეების რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის წარმომადგენლები) თვლიდნენ, რომ დემიურგი სამყაროს შემოქმედია, რომელსაც შუალედური ადგილი უჭირავს დაუსაბამო, ყოვლად სახიერ მამასა და ბოროტ სულს-სატანას შორის. გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ, დემიურგი სამყაროს უზენაეს საიდუმლოებათ არ იცნობსო.

Leave a Reply