რა არის ფილოსოფია?!

ადამიანად ყოფნა რთული მოვალეობაა და როგორც ნიცშე ამბობს, ეს უნდა გადაილახოს. ამ ყოფნის გადალახვას კი მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს. იყო ადამიანი, ნიშნავს გქონდეს სწრაფვა ზრდისა და განვითარებისკენ.  ეს კი მხოლოდ მათთვისაა შესაძლებელი, ვისაც ნათელი ცნობიერება და მსოფლმხედველობა აქვს. ფილოსოფია ბერძნული სიტყვაა და სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს, ის საინტერესო იმითაა, რომ თავის თავში აერთიანებს ცოდნას სამყაროზე, ადამიანსა და მათ შორის ურთიერთობაზე. მისი მიზანია გამოიკვლიოს ის პირველსაწყისები, რომელსაც ადგილი აქვს სამყაროსა და ადამიანში. შესაძლოა დაიბადოს კითხვა, რა საჭიროა ფილოსოფია, მაშინ, როცა არსებობს მეცნიერებები?- მაგრამ ერთი რამ ნათელია, ფილოსოფია და მეცნიერება უერთმანეთოდ ვერ იარსებებს. მეცნიერებები დაყოფილია სხვადასხვა სფეროებად და მათი შესწავლის არეალიც კონკრეტულია, ფილოსოფიას კი მთლიანობისადმი ლტოლვა ახასიათებს. ამრიგად, ფილოსოფია იკვლევს მსოფლიოს მოვლენათა მთლიანობას, ხოლო მეცნიერება-ზოგადის კერძო მოვლენებში გაშლას ახორციელებს. „ფილოსოფია არის მეცნიერება მსოფლიოს მთლიანობის შესახებ, ანუ მსოფლმხედველობა მეცნიერებაზე დამყარებული.“[1]  ფილოსოფიის საგანი შემეცნებაა, მისთვის მთავარი არა ყველაფრის ცოდნა, არამედ შემეცნებაა  იმის,  რაც მთავარი და არსებითია, რომელიც ეხება პირველსაწყისს და რომლის არსის წვდომაც ღირსეულად არსებობის საწინდარია.

ფილოსოფია ის წყაროა, რომელსაც ადამიანი ისე უნდა დაეწაფოს, როგორც ნაკადულს მწყურვალე ირემი. ერთსა და იმავე საკითხებზე ფილოსოფიაში მრავალგვარი პასუხი მოიპოვება, ამიტომ ის პრობლემები და საკითხები, რომელსაც ფილოსოფია შეისწავლის ყველა დროისთვის აქტუალური და საინტერესოა. სხვადასხვა ეპოქებში სხვადასხვა საკითხის წინ წამოწევა ხდებოდა და ფილოსოფიაც უფრო და უფრო დიდ როლს ასრულებდა ადამიანთა ცხოვრებაში. ის საუბრობს ისეთ საყოველთაო ღირებულებებზე, როგორიცაა ჭეშმარიტება, სიკეთე, სილამაზე, სამართლიანობა, სიყვარული და სხვა. ადამიანებს დროთა განმავლობაში უფრო მეტად უჩნდებოდათ ჭეშმარიტების შემეცნების სურვილი, „ჭეშმარიტება სრულქმნაა დასაბუთებისა, დასაბუთება კი გზაა ჭეშმარიტებისაკენ.“[2]

პირველი ფილოსოფოსები ბერძნები იყვნენ და მისი განვითარების ისტორიაც სწორედ აქედან იწყება. ძვ.წ მეშვიდე საუკუნე, ეს ის დროა როცა ბერძნებმა მისცეს თავიანთ გონებას აზროვნების შესაძლებლობა. როგორც ფილოსოფიის ისტორიაში ვკითხულობთ, ბერძნული კულტურა, ფილოსოფია და მეცნიერება მონის შრომასა და ოფლზე იყო აშენებული, შესაბამისად კარლ მარქსი აძლევს თავს იმის თქმის უფლებას, რომ მონობამ წარმოშვა საბერძნეთის ცივილიზაცია. „არ ყოფილიყო მონობა, არ იქნებოდა არც ბერძნული სახელმწიფო, არც ბერძნული ხელოვნება და მეცნიერება“.[3] მისი მნიშვნელობაც ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს სიბრძნის სიყვარულს, მაშასადამე, ფილოსოფოსი იქნება ის, ვისაც უყვარს სიბრძნე. ფილოსოფოსი ცდილობს დასვას კითხვები და დასაბუთებულად გასცეს მათ პასუხები. პირველი კითხვები, იმ სამყაროს შეეხებოდა რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. საიდან გაჩნდა სამყაროს ბუნება?  როგორ არსებობს ის? არსებობს ის პირველი მიზეზი, რომელიც სამყაროს შექმნას უკავშირდება? თუ არსებობს რას წარმოადგენს და რა მიზანი აქვს? განვითარდება თუ გადაგვარდება სამყარო? თუ არც ერთი ხდება და არც მეორე. ადამიანის გონებაში უამრავმა შეკითხვამ მოიყარა თავი და ეს ყველაფერი პასუხს საჭიროებდა, ფილოსოფია კი ის გზაა რომელსაც უნდა დაადგე თუ გსურს მოიძიო ის პირველსაწყისი, რომელიც დაგეხმარება პასუხების მიღებაში. პირველი ფილოსოფოსი, რომელმაც სამყაროს პირველსაწყისზე დაიწყო საუბარი იყო თალესი, რომელმაც საგანთა დასაბამად წყალი დაასახელა,[4] ანუ თავად სამყაროშივე მოძებნა მან მისი შექმნისათვის აუცილებელი ელემენტი. სამყაროში წყალს უდიდესი როლი აქვს, მისით საზრდოობს და იკვებება ყველაფერი, თუმცა არისტოტელეს სწორედ ამის გამო მიაჩნია, რომ მსგავსი შეხედულება გაუმართლებელია, რადგან ეს მხოლოდ დაკვირვების შედეგადაა აღმოჩენილი. [5] თალესის მოწაფეს, ანაქსიმანდრეს მიაჩნდა, რომ სამყაროს პირველდასაყრდენია აპეირონ, მატერია, როგორც ელემენტი. ის თვლიდა, რომ სწორედ მისგან წარმოიშობა ყველაფერი აუცილებლობის მიხედვით.  მასში იგულისხმება დაუსაბამო, უსასრულო სივრცე. არისტოტელეს აზრით აქ ნაგულისხმევია ის სივრცე რომელიც წყალსა და ჰაერს შორისაა მოთავსებული.  ანაქსიმენემ კი სამყაროს დასაბამად ჰაერი დაასახელა. „როგორც ჩვენი სული ჰაერია და ამის გამო ჩვენ გვიცავს, ისე მოიცავს მთელი კოსმოსი ჰაერსა და ორთქლს.“[6] შეიძლება ითქვას, რომ ანაქსიმანდრეს აპეირონს ემთხვევა მისი ჰაერი, რადგან ანაქსიმენეს ის ესმის, როგორც უსასრულო და დაუსაბამო. როდესაც სამყაროს შექმნაზეა საუბარი შეუძლებელია არ გაიხსენო რელიგია და მასში წარმოდგენილი მოსაზრებები სამყაროსა და ადამიანის შექმნის თაობაზე. ძველი აღთქმის დაბადების პირველ და მეორე თავებში სამყაროსა და ადამიანის შექმნაზეა საუბარი. ღმერთი ექვს დღეში ქმნის ყველაფერს, მეექვსე დღეს სანამ იგი ადამიანს შექმნიდა ყველაფერზე ამბობდა, რომ კარგი იყო.  „დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.“[7] ღმერთმა სამყარო შექმნა არაფრისგან, მან გაყო ერთმანეთისაგან ნათელი და ბნელი, გააჩინა ყოველი ცოცხალი არსება. მაგრამ ადამიანის გარეშე ყველაფერი ეს უბრალოდ კარგი იყო, მისი შექმნის შემდეგ კი სამყარო ძალიან კარგი გახდა. „დაინახა ღმერთმა ყოველივე რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო.“[8] აქედან ჩანს, რომ სამყარო ადამიანის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება. მას აკლდა ადამიანი, სამყაროს ის მთავარი რგოლი, ვინც მასში უნდა იცხოვროს, მოახდინოს მისი მოვლა, განვითარება და შესწავლა. აქედან გამომდინარეობს, რომ სამყარო არა რომელიმე ერთი ელემენტისგან, არამედ უმაღლესი არსების, სუბსტანციის მიერ შეიქმნა, რომელიც ადამიანზე ზემდგომია, შემოქმედია და აღარ საჭიროებს გაზრდასა და განვითარებას.

მათი იდეებით ვაჩვენე, რომ ფილოსოფოსები თავდაპირველად სამყაროს საწყისს თავად მასშივე ეძებდნენ.  წყალი, აპეირონი-უსასრულო სივრცე და ჰაერი სწორედ მისი შემადგენელი ელემენტებია. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში აზროვნება იხვეწება და ფილოსოფოსები ცდილობენ ერთმანეთისაგან განასხვაონ მატერია და სული, შეისწავლონ და დაინახონ, რომ „ყოველივე ყოველთვის თავის თავში თავის მოპირისპირეს შეიცავს.“ (ჰერაკლიტე)[9] ფიზიკა აჩვენებს, რომ პროტონები და ელექტრონები ის ელემენტებია, რომელთა მწყობრი განლაგება და მოძრაობაც განაპირობებს სამყაროს მოწესრიგებულობას, საკმარისია ერთ-ერთი ელემენტის ამოვარდნა და სამყაროში ქაოსი დაისადგურებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფილოსოფოსი არის პლატონი, რადგან მან შეიმუშავა და შემოგვთავაზა იდეათა თეორია. მისი ფილოსოფია ობიექტური იდეალიზმია. ამ ფილოსოფიის მიხედვით პირველადი და ჭეშმარიტია იდეათა სამყარო, ხოლო მეორადი, მისი აჩრდილი და მისგან ნაწარმოებია, ნივთების ანუ გრძნობადი სამყარო. ის, რაც მარადიული და უცვლელია, პლატონისთვის უკვე ფიზიკური `პირველადი სუბსტანცია` აღარ არის. მისი კონცეფციით, არსებობს სულიერ-აბსტრაქტული ბუნების მქონე მარადიულ-უცვლელი `ყალიბები’, რომელთა მიხედვითაც იქმნება ყველა საგანი. ამრიგად,, პლატონი თვლის, რომ ყოველივე, რასაც ვხედავთ არსებობს იდეაში, ამის გარეშე ვერ მოხდება მისი განხორციელება და ვერც ნამდვილ საგნებად ვერ წარმოგვიდგებიან. ყოველი ცხენის, ღორისა თუ ადამიანი მიღმა დგას `ცხენის იდეა ”, `ღორის იდეა ”, `ადამიანის იდეა ”. შესაბამისად ის ასკვნის, რომ მატერიალური სამყაროს მიღმა უნდა არსებობდეს სხვა რეალობა, ეს რეალობა კი იდეათა სამყაროა. რა არის  პლატონისთვის იდეა?-„იდეა არის თავისთავად არსებული, ცოდნა და ჭეშმარიტება, ზოგადი და მყარი.“[10] ამრიგად, პლატონმა კიდევ ერთი ახალი შეხედულების საკითხი წამოწია წინ და ამით აჩვენა, რომ მატერიალური ნივთის არსებობისათვის, აუცილებელია მისი იდეის ქონა. ის, აგრეთვე საუბრობს სულის უკვდავებაზე. მიაჩნია, რომ „სული უკვდავი და მარადიულია, ხოლო სხეული მომაკვდავი და დროებითი. სხეული სულის დროებითი სადგურია, საპყრობილეა. სათნოება, ცოდნა და სიკეთე სულს ეხმარება აღიდგინოს მისი ღვთაებრივი თავისუფლება და იდეათა სამყაროს მონაწილე  გახდეს.“[11]  ადამიანის სული დაბადებამდე იდეების სამყაროში ცხოვრობდა და სიკვდილის შემდეგ კვლავ იდეების სამყაროს უბრუნდება. ამის გამო პლატონს მიაჩნია, რომ ადმიანი სიკვდილისაკენ უნდა ისწრაფოდეს,  მაგრამ ის თვითმკვლელობას დაუშვებლად მიიჩნევს. სიკვდილით სული ახერხებს სხეულისგან, როგორც ბორკილებისგან, განთავისუფლებას. თუკი სოკრატეს აპოლოგიას გავიხსენებთ, ნათელი გახდება თუ რას გულისხმობს პლატონი სიკვდილისაკენ სწრაფვაში. სოკრატემ სიამოვნებით შესვა საწამლავი, მან ამით საკუთარი სიმართლე დაამტკიცა. არ გაექცა სიკვდილს, რადგან მისთვის სიკვდილი შვება იყო, რომელიც გაათავისუფლებდა სხეულის ბორკილებისაგან.

სხეული, რომელიც ხილული და მოკვდავია რაღაცის მეშვეობით მოდის მოძრაობაში, ეს რაღაც კი არაფერია სხვა თუ არა ცნობიერება. ცნობიერება, ადამიანის ის შინაგანი მდგომარეობაა, როცა გარემო პირობებს ცნობიერად აღიქვამს. თუმცა ცნობიერება ფართო მცნებაა და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ აღქმებით. მაშასადამე, ცნობიერება მოიცავს აღქმებს, აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებს, და სურვილებს. ცნობიერება, როგორც დეკარტი ამბობს, არც სივრცეში იმყოფება და არც მექანიკის კანონებს ექვემდებარება. აგრეთვე, ცნობიერებას საზღვრავს პირად სივრცედ, სადაც მის გარდა წვდომის უფლება არავის არ ექნება. მას შეუძლებლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ვინმემ რაიმე იცოდეს მისი ცნობიერების  პროცესების შესახებ, ვინაიდან ცნობიერება მისი საკუთრებაა და ვერავის ექნება მასთან წვდომის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერება პირადი სივრცეა, ჩვენ მაინც შეგვიძლია დავინახოთ მისი შეგრძნებები და ფიქრები, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ის საჯარო სივრცეში გადმოინაცვლებს, ანუ მაშინ, როცა სხეულის მეშვეობით დაიწყებს ყოველი გრძნობისა თუ ფიქრის გადმოცემას. დეკარტი ცნობიერებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „იდიოტების და ჩვილი ბავშვების გამონაკლისების გარდა, ყოველ ადამიანს აქვს სხეული და ცნობიერება.“[12]  მაგრამ, დეკარტს, როგორც რაილი ამბობს, „ზოგიერთი ამჯობინებდა ეთქვა, რომ ყოველი ადამიანი არის ორივე- სხეულიც და ცნობიერებაც.“[13]  რაილი დეკარტის მიერ მსჯელობაში დაშვებულ შეცდომას სწორად აღნიშნავს, რადგან ყოველი ადამიანი ორი ნაწილისგან, მატერიალური და იდეალური სამყაროსგან შედგება.

დეკარტი ის ფილოსოფოსია, რომელმაც ერთგვარი გადატრიალება მოახდინა, მან ყურადღების ცენტრში ადამიანი მოაქცია. მის შესახებ ჰეგელი წერს, „იგი არის ჰეროსი, რომელმაც ფილოსოფიის მთელი საქმე ერთხელ კიდევ სავსებით თავიდან დაიწყო, რომელმაც ფილოსოფიის ნიადაგი კიდევ ერთხელ ხელახლა დაამკვიდრა, ათასი წლების შემდეგ ფილოსოფია საკუთარ ნიადაგს დაუბრუნა.“[14] დეკარტისათვის მნიშვნელოვანია მაქსიმა: „ჭეშმარიტად მიიღოს მხოლოდ ის, რასაც მისი გონება იმდენად ნათლად და გარკვევით განსჭვრეტს, რომ საბაბი აღარ ქონდეს მასში დასაეჭვებლად.“[15] იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს, დეკარტი მსჯელობას იწყებს ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებით, თითქოს ყოველივე ილუზია და სიცრუეა, „განვთავისუფლდეთ მთელი არსებული ცოდნისაგან, შევიტანოთ ეჭვი ყველაფერში, არ ვაღიაროთ ჭეშმარიტად არც ერთი დებულება, თუკი რაიმე საბაბი აღმოჩნდა მათში ეჭვის შეტანისა.“[16] მაგრამ მაინც რჩება რაღაც რაც ნამდვილად არსებობს და ეს რაღაც აზროვნებაა, ის რის მეშვეობითაც მას შეუძლია ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენება, დამტკიცება ან სულაც უარყოფა. „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“[17] ამ დებულების ჭეშმარიტებაში დეკარტს არწმუნებს ის, რომ მას შეუძლია დაინახოს, იმისათვის, რომ იაზროვნო, უნდა იყო.  ამრიგად, მისთვის უკვე ნათელი გახდა, რომ აზროვნება არსებობას გულისხმობს. ამის შემდეგ დეკარტი ღმერთის არსებობის დადასტურებას იწყებს, როდესაც „მეტაფიზიკურ მედიტაციებში“ მკითხველს მიმართავს, გამოხატავს დამოკიდებულებას ათეისტების მიმართ და ამბობს, რომ ისინი ღმერთის ადამიანურ ვნებებს მცდარად აღწერენ და რომ მათ გონება დიდი ძალისა და სიბრძნის მქონედ წარმოუდგენიათ, ხოლო დეკარტს მიაჩნია, რომ ღმერთის არსებობის სარწმუნოდ „ისიც კმარა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გონება სასრულია, ღმერთი კი მიუღწეველი და უსასრულო.“[18] დეკარტი საუბრობს, სუბსტანციაზე, რომელმაც შექმნა თავად ისიც და სხვა არსებული საგნებიც, თუმცა ეს საგნები მართლა არსებობენ თუ არა ეს ჯერ კიდევ ეჭვქვეშ დგას. მას მიაჩნია, რომ „სუბსტანციის იდეა, ცხადია, ჩემშია იმიტომ, რომ მე თავადაც სუბსტანცია ვარ. მაგრამ როგორც სასრულ არსებას, მე არ შემიძლია მქონდეს უსასრულო სუბსტანციის იდეა; ასეთი რამ უნდა მოდიოდეს ისეთი სუბსტანციისაგან, რომელიც, მართლაც, უსასრულოა.“[19]  ამას კი ხსნის იმით, რომ შეუძლებელია ადამიანმა იგრძნოს რაღაც ნაკლოვანება თუკი ის თავად იქნებოდა სრულყოფილი სუბსტანცია. რადგან, ადამიანს აქვს ნალკლოვანების შეგრძნება, ამიტომ უჩნდება მას აზრი იმის შესახებ, რომ არსებობს, უსასრულო სუბსტანცია, ღმერთი, რომელმაც შექმნა თავისივე მსგავსი სუბსტანცია, მაგრამ სასრული. ეს ხომ ბუნებრივიცაა, შეუძლებელია შექმნა სრულყოფილი რამ, მაგალითად ადამიანები, რომლებიც არიან სასრულნი, ისინი ქმნიან რობოტებს, რომელთაც შესაძლოა ქონდეთ ადამიანის მსგავსი გარეგნობა და ორგანოები, თუმცა ვერასდროს გახდებიან ისეთები, როგორიც შემქმნელია. ანუ შექმნილი ვერ გახდება შემქმნელის მსგავსი ან მასზე.

ცნობიერება, უხილავი სამყაროა, რომელიც სხეულთან, ანუ მატერიასთან მუდმივ კავშირში იმყოფება, მას მოჰყავს სხეული ყველანაირ მოძრაობაში.  სხეული, ცნობიერი სივრცისგან განსხვავებით ყველასთვის ხილულია, მასთან უშუალო კონტაქტი შეიძლება ქონდეს სხვა სხეულებს, რაც ცნობიერებასთან დაუშვებელია.  სხეული ცნობიერებისგან დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებს, რადგან ის მთლიანად მასზეა დამოკიდებული. წარმოვიდგინოთ, რობოტი, რომელსაც აქვს სხეულში ძრავა, რასაც მოჰყავს მოძრაობაში, თუკი ამ ძრავას მას ამოვაცლით, რობოტი უბრალოდ ჯართად გადაიქცევა, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ექნება. იგივეა სხეულზეც, მას ცნობიერების, სულის გარეშე არსებობა არ შეუძლია, ვინაიდან სულია მისი კვების წყარო, მის სიცოცხლეს, მოქმედებას, ფიქრს სწორედ, რომ ცნობიერება განაპირობებს. ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, მათში ადამიანი ერთდროულად არსებობს, რადგან მას გააჩნია, როგორც სხეული, ასევე ცნობიერება, ცალ ცალკე გამოუსადეგარნი არიან, ჩვენ ვერ შევისწავლით სხეულს, თუკი ის არ იქნება ცნობიერების მატარებელი, რადგან მის გარეშე სრულიად უსარგებლოა. ხოლო ცნობიერებას ვერ შევისწავლით სხეულის გარეშე, ის მასში გვანახებს საკუთარ გრძნობებსა და ფიქრებს.  ცნობიერება ადამიანის მოაზროვნე ნაწილია, ის არის გონება, რომელიც პასუხს აგებს ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც სხეული მოიმოქმედებს, ვინაიდან მის მიერაა ნაკარნახევი. ცნობიერება ფიქრობს, იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს, აზროვნებს ლოგიკურად და რაც ყველაზე მთავარია ის ახერხებს საკუთარი თავისა და სხვების აღქმას. ის აჩვენებს ადამიანს, რომ სამყაროში არსებობენ მისი მსგავსი არსებები.

როგორც აღვნიშნე, ცნობიერების მეშვეობით ადამიანი აღიქვამს მეორე ადამიანს, როგორც მის მსგავსს. საინტერესოა ის პროცესი, რომელიც ამ დროს ადამიანის ცნობიერებაში მიმდინარეობს. ადამიანი მოაზროვნე არსებაა, რაც მას ცხოველისაგან განასხვავებს. ცხოველები ჯოგებად ცხოვრობენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს თავის მსგავსად აღიქვამენ, არამედ იმიტომ, რომ მათი გადარჩენა სხვაგვარად შეუძლებელია. თუმცა თუკი ჰობსს დავუჯერებთ, ადამიანიც გადარჩენის მიზნით ახორციელებს სხვა, მის მსგავსებთან გაერთიანებას, თუმცა ამრიგად მე არა ჰობსის არამედ ჰეგელის ფილოსოფიაზე ვისაუბრებ. მისთვის ადამიანი მოაზროვნე არსებაა, რაც მას ცხოველისაგან განასხვავებს. ჰეგელთან ადამიანის აზროვნება თვალის ახელასთან ერთად იწყება. მისთვის მნიშვნელოვანია ედემის ბაღის მაგალითის განხილვა, ვინაიდან აქ ჩანს თუ როგორ იწყებს ადამიანი აზროვნებას. ედემის ბაღში ადამი და ევა ისე ცხოვრობდნენ, რომ არ რცხვენოდათ თავიანთი სიშიშვლის გამო, როცა გველმა დედაკაცი, ხოლო დედაკაცმა მამაკაცი აცდუნა მათ თვალები აეხილათ, „ აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. “[20] მათი ქმედება, რომ ტანის დაფარვა დაიწყეს აჩვენებს იმას,  რომ მათ გაუჩნდათ სირცხვილის გრძნობა და ამასთანავე აზროვნებაც, იპოვეს გამოსავალი, თუ რით შეეძლოთ სიშიშვლის დაფარვა. როგორც ჰეგელი ამბობს, ადამიანი გახდა ღმერთის მსგავსი, ანუ ინტელექტუალური არსება.[21] საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დედაკაცს ევა ადამმა ყოველივე ამის შემდეგ უწოდა. მათ საქციელზე „ თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. “[22] თვალების ახელით ადამიანი ანამდვილებს, ახორციელებს თავის თავს, რის გამოც მას უჩნდება სირცხვილის გრძნობა. ეს კი ადამიანის, როგორც ზნეობრივი არსების, ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. აზროვნება სწორედ ისაა, რითიც ჰეგელისათვის ადამიანი ცხოველისაგან განსხვავდება, აგრეთვე ადამიანს გააჩნია გრძნობები და ეს მხოლოდ და მოლოდ მისი აზროვნების ნაყოფია.[23] ედემის ბაღის მაგალითი დასტურია იმისა, რომ რელიგია დაკავშირებულია ადამიანის როგორც მოაზროვნედმყოფის მდგომარეობასთან.

ჰეგელმა სამოთხეზე თქვა, რომ „ სამოთხე ის ბაღია, სადაც მხოლოდ ცხოველებმა შეიძლება იცხოვრონ. “[24] მართლაც, ცხოველს რელიგია, ანუ აზროვნების უნარი არ გააჩნია, ადამიანი კი აზროვნებას მას შემდეგ იწყებს, რაც ედემის ბაღიდან გამოაძევებენ. აზროვნების გაჩენასთან, ანუ რელიგიის მიღებასთან ერთად ადამიანი იმყოფება საზოგადოებრივ გაერთიანებაში, ანუ სახელმწიფოში.  სახელმწიფო კი ის ადგილია, სადაც ადამიანის სოციალური ბუნება წარმოჩინდება. არისტოტელე ამბობს, რომ ადამიანი არის „zoon politikon” – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არის პოლიტიკურ სივრცეში არსებული არსება.[25]  ადამიანს, რომელსაც აქვს გონება, მას შეუძლია აზროვნება, ამასთანავე მას აქვს იმის შესაძლებლობა ერთმანეთისაგან გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, სამართლიანი და უსამართლო. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი „შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა.“ [26]

ადამიანი ხდება პრაქტიკული არსება და მას, როგორც სახელმწიფოს წევრს უჩნდება სამართლიანისა და უსამართლოს ცნობიერება. ის არის თავისუფალი, ავტონომიური არსება და არ არის დამოკიდებული არანაირ განმსაზღვრელ ძალაზე. სამართალცნობიერება  ადამიანში აჩენს კანონის გრძნობას, ამის გამო კი მისი სამყაროში ყოფნა არის ბრალეული. აქ იგულისხმება ადამიანის მიერ სამოთხის ბაღში ჩადენილი ცოდვა, როცა ადამმა და ევამ იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი. ეს მას აკისრებს ვალდებულებას, რომ გამოისყიდოს ცოდვა, მას გააჩნია პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილ ქმედებებზე, ვინაიდან ის არის შერაცხადუნარიანი არსება, ასეთად კი მას პიროვნულობა ქმნის. ჰეგელის თანახმად „რელიგია და სახელმწიფოს საფუძველი ერთი და იგივეა.“ [27] ამრიგად, შესაძლოა რელიგია სახელმწიფოს საფუძველი იყოს, მაგრამ, ის ვერ იქნება მისი განსაზღვრება, რადგან ამის გამო სახელმწიფოში სოციალური სტრუქტურები ვერ იქნებოდა დიფერენცირებული, ეს კი გონებრივი სახელმწიფოს არსებობას შეუძლებელს გახდიდა.[28] ჰეგელისთვის ქრისტიანული რელიგია თავისუფლების რელიგიაა, მაგრამ აღნიშნავს, რომ თავისუფლების სფერო სამართალია, რომელიც სახელმწიფოში აღწევს აღსრულებულობას, რელიგიისა და სახელმწიფოს კავშირი წარმოჩინდება. ის რაც გონებრივია, ნამდვილია და რაც ნამდვილია, გონებრივია “ეს კი გაგებულ უნდა იქნას, „სახელმწიფოს, როგორც გონებრივის, და რელიგიის, რომელიც გონებრიობის საფეხურზე დგას, კავშირად. “[29]

აღიარების ცნებას ჰეგელთან დიდი მნიშვნელობა აქვს, ის რომ ღმერთმა ადამიანის ბუნება მიიღო ნიშნავს სწორედ იმას, რომ ღმერთს სურდა საკუთარი თავის აღიარება ადამიანების მიერ, მას არ სურდა ამ ქვეყნის გარეთ ყოფნა. ეს შეიძლება შევადაროთ ბატონსა და მონას, ბატონს სურს აღიარება მოიპოვოს, თუმცა მისთვის მონის აღიარება ბევრს არაფერს არ ნიშნავს, მნიშვნელოვანია ეს მოხდეს მასავით თავისუფალი ადამიანების მიერ, ამისათვის კი საჭიროა ერთმანეთის, როგორც თანასწორად აღიარება. ფრენსის ფუკუიამა „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანში“ წერს ბატონისა და მონის ურთიერთობაზე და აღნიშნავს, რომ „ბატონი, გარკვეული თვალსაზრისით, უფრო ადამიანურია, ვიდრე მონა, რადგან მზადაა დაძლიოს საკუთარი ბიოლოგიური ბუნება არაბიოლოგიური მიზნის-აღიარების გამო აღიარების სახელით.“[30] მას სურს საკუთარი თავისუფლების დადასტურება, რის გამოც სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში.  მონა კი შიშს ემორჩილება და ამის გამო ის ვერ ძლევს თავის ბიოლოგიურ განპირობებულობას. ფუკუიამა საუბრობს ბატონის იმ ტრაგედიაზე, რომელშიც ის ექცევა, ის თავს იგდებს საფრთხეში მონის მხრიდან აღიარების გამო, თუმცა ეს აღიარება მას არაფრად უღირს. ბატონი არაფერს აღარ აკეთებს, რადგან მას მონა ჰყავს და მხოლოდ მონას აქვს შეხება იმ ყველაფერთან, რაც არსებობის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი. ბატონი კი უსაქმურად იქცევა, მონა მუდმივად განვითარების პროცესშია, ბატონი კი ერთ ადგილას იმყოფება. კოჟევი ამბობს, „ბატონი შეიძლება მოკლა, მაგრამ შეუძლებელია მისი განათლება.“[31] მონა შრომობს, ამის შედეგად კი ის იბრუნებს დაკარგულ ადამიანობას, მისთვის იცვლება შრომის პრინციპებიც და ამასთანავე ის ახერხებს იმ ცხოველური სურვილების ჩახშობას რაც აქამდე გააჩნდა, ეს კი უკვე სძენს მას შრომის ეთიკის მაგვარს. მონის ცხოვრება მთლიანად იცვლება და ახლა უკვე ის ახერხებს შეცვალოს ბუნება, გამოიყენოს იარაღები.

ამრიგად, ვბრუნდებით იქ საიდანაც დავიწყეთ, მონობამ წარმოშვა ბერძნული ცივილიზაცია და მის გარეშე არ იქნებოდა არც ბერძნული სახელმწიფო, არც ბერძნული ხელოვნება და მეცნიერება. სწორედ მონაა ის ადამიანი, ვინც პირველი იწყებს სამყაროს შემეცნებას, საკუთარი თავის გაზრდასა და განვითარებას. ის ახერხებს ადამიანად ყოფნის გადალახვას და აძლევს გონებას თავისუფლად აზროვნების საშუალებას. სწორედ ეს განაპირობებს მასში ყოველივეს, აქვს რელიგია, ცხოვრობს სახელმწიფოში და რაც მთავარია მან იცის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის შესახებ. ნამდვილად სიკეთის ქმნა იყო ადამიანის სამოთხის ბაღიდან გამოძევება, ეს იყო აზროვნების გზაზე დაყენება.

ფილოსოფია ინდივიდუალურია, თუმცა ადამიანი ცხოვრობს საზოგადოებაში და ამის გამო მისი ინდივიდუალობა ყოველთვის იქნება იმ ეპოქისა და საზოგადოების ტენდენციების მატარებელი, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ფილოსოფიის მეშვეობით ახერხებ შეისწავლო არა მარტო ის პრობლემები და საკითხები, რომელიც სხვადასხვა დროში იყო აქტუალური, არამედ შენ შეგიძლია ჩაწვდე იმ ადამიანთა აზროვნებას იმ ეპოქების  მიხედვით, რომელშიც ცხოვრობდნენ. ამით ნათელი გახდება, თუ რატომ და რა გავლენა აქვს მოხდენილი იმ პერიოდს, რომელშიც ის მოღვაწეობდა.  ფილოსოფია გეხმარება იდეების სწორად ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ამრიგად, მთავარი მხოლოდ იდეა არაა, მთავარია, როგორ შეძლებ მის სწორად გააზრებასა და ჩამოყალიბებას. „ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და თანაც სრულიად მოუმზადებლად“[32] ამიტომ ის უნდა ეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ისწავლოს უფრო და უფრო მეტი, გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს და სხვებსაც დაეხმაროს ზრდასა და განვითარებაში.

________________________________________

[1] შალვა ნუცუბიძე- ფილოსოფიის შესავალი-ნაწილი პირველი-შემეცნების პრობლემა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,2009. გვ.15

[2] შალვა ნუცუბიძე- ფილოსოფიის შესავალი-ნაწილი პირველი-შემეცნების პრობლემა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,2009 გვ.13

[3] მოსე გოგიბერიძე-ფილოსოფიის ისტორია ტომი I, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 1941 გვ. 20

[4] მოსე გოგიბერიძე-ფილოსოფიის ისტორია ტომი I, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 1941 გვ. 22

[5] მოსე გოგიბერიძე-ფილოსოფიის ისტორია ტომი I, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 1941 გვ. 22

[6] მოსე გოგიბერიძე-ფილოსოფიის ისტორია ტომი I, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 1941 გვ. 25

[7] ბიბლია, ძველი აღთქმა, თბილისი 2013. დაბადება, თავი პირველი (10,18,21,25) გვ.7

[8] ბიბლია, ძველი აღთქმა, თბილისი 2013. დაბადება, თავი პირველი (31) გვ.7

[9] მოსე გოგიბერიძე-ფილოსოფიის ისტორია ტომი I, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 1941 გვ. 27

[10] მოსე გოგიბერიძე-ფილოსოფიის ისტორია ტომი I, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 1941 გვ. 111

[11] მოსე გოგიბერიძე-ფილოსოფიის ისტორია ტომი I, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 1941 გვ. 121

[12] თამარ ცხადაძე-ცნობიერების ფილოსოფია, ქრესტომათია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი 2013  გვ50.

[13] თამარ ცხადაძე-ცნობიერების ფილოსოფია, ქრესტომათია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი 2013  გვ50.

[14] მოსე გოგიბერიძე-ფილოსოფიის ისტორია ტომი I, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი 1941 გვ.341

[15] რენე დეკარტი-მსჯელობა მეთოდის შესახებ. მეტაფიზიკური მედიტაციები. „ნეკერი“-2001. “Carpe diem”-2010  გვ.12-13

[16] კ.ბაქრაძე „რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი“ ტომი მეექვსე  ახალი ფილოსოფიის ისტორია თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა   თბილისი 1972    გვ.109

[17] გურემ თევზაძე „ახალი ფილოსოფიის ისტორია“ ნაწილი პირველი  რენე დეკარტი გვ.40  თბილისი 2009

[18] რენე დეკარტი- „მსჯელობა მეთოდის შესახებ“ „მეტაფიზიკური მედიტაციები“ მეორე მედიტაცია გვ.134  თბილისი 2010   Carpe diem

[19] რენე დეკარტი- „მსჯელობა მეთოდის შესახებ“ „მეტაფიზიკური მედიტაციები“ მესამე მედიტაცია გვ.182  თბილისი 2010   Carpe diem

[20] ბიბლია  თბილისი 2013   დაბადება  თავი მესამე (7)  გვ.8

[21] სეკულარიზაცია-კონცეპტები და კონტექსტები   მამუკა ბერიაშვილი-სეკულარიზაციის არსის გაგებისათვის   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა   თბილისი 2009  გვ.23

[22] ბიბლია     თბილისი 2013   დაბადება  თავი მესამე (22)  გვ.8

[23] სეკულარიზაცია-კონცეპტები და კონტექსტები   მამუკა ბერიაშვილი-სეკულარიზაციის არსის გაგებისათვის   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა   თბილისი 2009  გვ.23

[24] სეკულარიზაცია-კონცეპტები და კონტექსტები   მამუკა ბერიაშვილი-სეკულარიზაციის არსის გაგებისათვის   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა   თბილისი 2009  გვ.24-25

[25] სეკულარიზაცია-კონცეპტები და კონტექსტები   მამუკა ბერიაშვილი-სეკულარიზაციის არსის გაგებისათვის   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა   თბილისი 2009  გვ.25

[26] ბიბლია  თბილისი 2013   დაბადება  თავი მესამე (22)  გვ.8

[27] სეკულარიზაცია-კონცეპტები და კონტექსტები   მამუკა ბერიაშვილი-სეკულარიზაციის არსის გაგებისათვის   გვ.31  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა   თბილისი 2009

[28] სეკულარიზაცია-კონცეპტები და კონტექსტები   მამუკა ბერიაშვილი-სეკულარიზაციის არსის გაგებისათვის   გვ.31  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა   თბილისი 2009

[29] სეკულარიზაცია-კონცეპტები და კონტექსტები   მამუკა ბერიაშვილი-სეკულარიზაციის არსის გაგებისათვის   გვ.21  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა   თბილისი 2009

[30] ფრენსის ფუკუიამა „ისტორიის დასარული და უკანასკნელი ადამიანი“ გვ.203-204

[31] ფრენსის ფუკუიამა „ისტორიის დასარული და უკანასკნელი ადამიანი“ გვ.204

[32] მილან კუნდერა-ყოფის აუტანელი სიმსუბუქე. „დიოგენე“ 2012  გვ.17

Leave a Reply